მოუგებელი აღარ დარჩა

AutoSharing Option
ოკლაჰომაში გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი "თანდერი" "ბოსტონს" მასპინძლობდა. მოლოდინი არ გამართლდა და ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. მოედანზე მოქმედებდა კარგად ორგანიზებული გუნდი ("ბოსტონი") და კარგად შეთამაშებული ორი კალათბურთელი (კევინ დურანტი და რასელ უესტბრუკი). მთელი მატჩი "კელტები" დამაჯერებლად ლიდერობდნენ, თანაც კომფორტული უპირატესობით. მხოლოდ მესამე მეოთხედში აანერვიულა სტუმართა გუნდი "ოკლაჰომას" დუეტმა - დურანტმა და უესტბრუკმა მესამე 12-წუთეულში თავიანთი გუნდის 27 ქულა საკუთარ ანგარიშზე მიითვალეს, მაგრამ "ბოსტონი" არ არის ის გუნდი, რომელსაც შეიძლება ორმა კაცმა მოუგოს. "სელტიქსმა" ბოლო მეოთხედში დაცვაში
მაქსიმალურად ყურადღებით ითამაშა და მატჩის გადარჩენის არანაირი იმედი არ დაუტოვა "ოკლაჰომას". უნდა აღინიშნოს ჯერმეინ ო'ნილის არაერთგვაროვანი თამაში - ცენტრმა შეტევაში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, მეტოქის იერიშების მთავარი ჩამშლელი გახდა.

ოკლაჰომელებს აშკარად დააკლდათ გრინი, რომელმაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და უახლოეს ხანში გამოჩნდება მოედანზე. "თანდერს" ვერაფრით დაეხმარა სათადარიგო მოთამაშეები. ბრუქსის გუნდის რეზერვისტებმა "ბოსტონის" სათადარიგოებთან 12:33 წააგეს. "ბოსტონი" აგრძელებს მოგებათა სერიას და მხოლოდ ერთი დამარცხება აქვს. "ოკლაჰომას" კი მოგება/წაგების 50-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს და ეს გუნდი ჯერ ვერ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს.

"ლეიკერსმა" საკუთარ მოედანზე გააგრძელა მოგებათა სერია, რომელიც უკვე შვიდ მატჩს უდრის. ამჯერად ბრაიანტის და გასოლის მსხვერპლი "პორტლენდი" გახდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პირველი მეოთხედის შუაში დაწყებულმა გაქცევამ, რომელიც მეორე 12-წუთეულში გაგრძელდა. დროის ეს მონაკვეთი კალიფორნიელებმა 22:6 მოიგეს და შეხვედრას აზრი დაეკარგა. ამის შემდეგ 20-ქულიანი ჰანდიკაპი არ იცვლებოდა (ერთხელ სხვაობა 29 ქულამდე ავიდა). "ლეიკერსი" დომინირებდა ორივე ფარზე და ჯამში მეტოქეზე 24-ით მეტი მოხსნა მიითვალა, "პორტლენდის" ლიდერი დერიკ როი კი რონ არტესტის გაუვალ დაცვას შეეჯახა, რის გამოც მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო თამაშიდან და ჯამში სულ რაღაც 8 ქულას მოუყარა თავი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "ლეიკერსის" ცენტრის პაუ გასოლის თამაში. ესპანელმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულას 14 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დაუმატა. ეს პაუს კარიერაში მესამე ტრიპლ-დაბლია და პირველი 2009 წლის 17 თებერვლის შემდეგ.

"ლეიკერსმა" გაიმეორა სამი წლის წინანდელი სტარტი, საკლუბო რეკორდამდე (ზედიზედ 11 მოგება სეზონის დასაწყისში) კი ოთხი მოგება სჭირდება. წესით ჩემპიონს მომდევნო მატჩში არ უნდა გაუჭირდეს გამარჯვება, რადგან მეტოქედ მოკრძალებული "მინესოტა" ეყოლება.

მას შემდეგ, რაც გუშინ "ჰიუსტონმა" "მინესოტა" დაამარცხა, რეგულარულ ჩემპიონატში აღარ დარჩა მოუგებელი გუნდი. რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო, რომ ყველაზე დიდხანს მოგებას "რაკეტები" ვერ ახერხებდნენ. ამჯერად რიკ ადელმანის შეგირდებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხანი მწყობრიდან გამოვიდა გამთამაშებელთა დუეტი - აარონ ბრუქსი-კაილ ლოური. "პირველი ნომრის" პოზიციაზე გამოუცდელი ისმაელ სმიტის თამაშიც საკმარისი აღმოჩნდა "მინესოტას" გასანადგურებლად - 120:94.

ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა "ნიუ იორკისა" და "ფილადელფიას" მატჩში. შეწყდა "ფილადელფიას" ფორვარდის ანდრე იგუოდალას 252-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში ხვდებოდა. იგუოდალას სერიის გაგრძელებაში აქილევსის მყესის ტრავმამ შეუშალა ხელი. მისი ადგილი სასტარტოში ევან ტერნერმა დაიკავა.
ეს იყო ხანგრძლივობით მეორე სერია ლიგაში. ლიდერია "ლეიკერსის" გამთამაშებელი დერეკ ფიშერი, რომელიც ზედიზედ 297 მატჩს იწყებდა პირველი წუთებიდან, კარიერაში კი 498 შეხვედრიდან მხოლოდ ექვსი გამოტოვა.


ნიუ იორკი-ფილადელფია 96:106
25:33, 31:21, 25:26, 15:26
ნ-ი: სტაუდმაიერი (21+15 მოხსნა), დაგლასი (17), გალინარი (15), ჩენდლერი (11), ფელტონი (7+8 მოხსნა+10 პასი).
ფ: ბრენდი (20+7 მოხსნა), ჰოლიდეი (19+8 პასი), უილიამსი (19), ტერნერი (14+10 არლქრპრვ), ნოჩიონი (11).

ატლანტა-ფინიქსი 114:118
28:20, 22:31, 38:29, 26:28
ა: ჯონსონი (34+7 მოხსნა+6 პასი), ჰორფორდი (30+10 მოხსნა+5 პასი), სმიტი (19+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბიბი (12+5 მოხსნა), კროუფორდი (11).
ფ: რიჩარდსონი (21), ნეში (19+5 მოხსნა+15 პასი), დადლი (15+6 მოხსნა), ჰილი (14+6 მოხსნა), თურქოგლუ (11), ჩილდრესი (11+6 მოხსნა).

დეტროიტი-გ. სტეიტი 102:97
23:18, 26:27, 24:31, 29:21
დ: ჰემილტონი (27+5 მოხსნა), სტაკი (21+5 მოხსნა+9 პასი), ვილანუევა (16+10 მოხსნა), პრინსი (14+5 მოხსნა).
გ-ს: ელისი (24+6 მოხსნა), რაიტი (19+5 პასი), უილიამსი (12), ლი (11+7 მოხსნა), კარი (10+6 პასი).

ჰიუსტონი-მინესოტა 120:94
26:14, 34:23, 37:30, 23:27
ჰ: სკოლა (24+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარტინი (21), ჰილი (14+6 მოხსნა), მინი (13), ბატიე (12+7 მოხსნა).
მ: ლავი (16+16 მოხსნა), ბიზლი (15), პეკოვიჩი (12+11 მოხსნა), ბრიუერი (10+6 მოხსნა).

ოკლაჰომა-ბოსტონი 83:92
21:28, 16:30, 27:15, 19:19
ო: დურანტი (34+6 მოხსნა), უესტბრუკი (16 +10 პასი+4 ჩაჭრა), კრსტიჩი (13+8 მოხსნა), იბაკა (8+11 მოხსნა).
ბ: ალენი (19+5 მოხსნა), პირსი (17), რონდო (10+5 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა).

ლეიკერსი-პორტლენდი 121:96
27:14, 31:22, 31:28, 31:31
ლ: ოდომი (21+12 მოხსნა), გასოლი (20+14 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), ბარნსი (13+6 მოხსნა), ბრაიანტი (12), ფიშერი (12).
პ: მილერი (20+5 პასი), ბატუმი (17), ფერნანდესი (13), ჯონსონი (12).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული