მაგრამ ეს "მაიამის" დროებითი აქტიურობა იყო. "ბოსტონმა" მეტოქის რეზერვისტთა შეტევების მოგერიების შემდეგ "ფანტასტიკური ოთხეულის" (პირსი-გარნეტი-ალენი-რონდო) წყალობით ისევ გაზარდა ანგარიშში
მესამე მეოთხედში "ბოსტონმა" მოლოდინისამებრ მოუკლო თამაშს და "მაიამის" შანსი მისცა. ლებრონ ჯეიმსისა და უდონის ჰასლემის მონდომებით მასპინძლებმა 10 ქულამდე შეამცირეს სხვაობა. ბოლო მეოთხედში ფორიდელები ზეწოლას აგრძელებდნენ, მაგრამ "სელტიქსმა" საჭირო მომენტში შეძლო კონცენტრირება და არ მისცა მეტოქეს თამაშის გადარჩენის საშუალება. შედეგად, "ჰიტმა" ბოლო ოთხი მატჩში მესამე წააგო. ტელეკამერები ამ საღამოს აქტიურად აფიქსირებდნენ "მაიამის" პრეზიდენტ პატ რაილის, რომელიც რაღაცას აქტიურად წერდა თავის ბლოკნოტში. როგორც ჩანს, სამწვრთნელო სამუშაოზე მისი დაბრუნება დროის საკითხია.
სეზონში პირველი მატჩი წააგო "ლეიკერსმა". ზედიზედ რვა მოგების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა დენვერში წაიფორხილა. ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და დაცვითი თამაში თითქმის დაივიწყა. დიდ შესვენებამდე "დენვერიც" და "ლეიკერსიც" თავიანთ გულშემატკივრებს მაღალი ტემპითა და შედეგიანობით ახარებდნენ. გასაკვირი ის არის, რომ თამაში პირველივე წუთებიდან არ გადაიქცა კობი ბრაიანტისა და კარმელო ენტონის პირად დუელად. ორივენი გუნდზე თამაშს ცდილობდნენ და ზედმეტად არ ერთობოდნენ ინდივიდუალური მოქმედებით. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კალიფორნიელებმა წინ გასვლა შეძლეს - ძირითადად ბრაიანტისა და დერეკ ფიშერის ზუსტი ტყორცნებით.
მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გუნდები გაქცევებით პასუხობდნენ ერმანეთს. როცა "ლეიკერსი" 14 ქულით გავიდა წინ, ბევრს არ სჯეროდა, რომ "დენვერი" სუფთად გამოვიდოდა ამ სიტუაციიდან, მაგრამ ბოლო მეოთხედში ყველაფერი თავდაყირა დადგა.
მასპინძლებმა რითმი დაიჭირეს და ცუდი დღე აყარეს "ლეიკერსის" დაცვას. თანაც ყველა გააკვირვა კალიფორნიელთა დამრიგებელმა ფილ ჯექსონმა, რომელმაც რთულ მომენტებში ტაიმ-აუტი არ აიღო, გარდა ამისა მოედანზე არ შეუშვა ლამარ ოდომი და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე რონ არტესტი დატოვა. ოდომს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ დაცვასა და მოხსნებზე აშკარად დააკლდა "ლეიკერსს". ამან და "დენვერის" ბრწყინვალე თამაშმა მატჩის ბედი მასპინძლების სასარგებლოდ გადაწყვიტა და ახლა რეგულარულ ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი "ნიუ ორლეან ჰორნეტსია".
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი ბრაიანტი იყო - 41 წუთში 34 ქულა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კობიმ 32 ტყორცნიდან მხოლოდ 11 ჩააგდო (10-დან 3 სამქულიანი) და 13-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა მორიგი სტატისტიკური მიღწევისთვის - მცველმა 26000-ქულიანი ზღვარი გადალახა. კობი ყველა დროის სნაიპერებს შორის მე-12 ადგილს იკავებს და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში მინიმუმ პირველ რვა კალათბურთელს შორის შევა. მერვე პოზიციაზე მყოფ ჰაკიმ ოლაჟუონს 26 946 ქულა აქვს.
დღის მესამე მატჩში "ჩიკაგომ" მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა "გოლდენ სტეიტი". "მეომრები" წელს ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ სტუმრად "ხარებთან" მოგების შანსი პირველ ტაიმში დაკარგეს. ლუოლ დენგმა და დერიკ როუზმა ერთად 39 ქულა დააგროვეს, მათ პარტნიორებიც დაეხმარნენ, რომლებმაც სტუმრებს 24 წუთში 11 შეცდომა დააშვებინეს. პირველ ტაიმში "ჩიკაგოს" უპირატესობა 28 ქულას შეადგენდა - 66:38. "გოლდენ სტეიტის" სამწვრთნელო შტაბმა საღად შეაფასა სიტუაცია და ლიდერებს ძალების ეკონომიის საშუალება მისცა. საბოლოოდ, "ბულზმა" 120:90 მოიგო, როუზმა კი სეზონის მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა და 13 პასი.
ჩიკაგო-გ. სტეიტი 120:90
34:20, 32:18, 28:25, 26:27
ჩ: დენგი (26+11 მოხსნა+6 პასი), როუზი (22+13 პასი), ნოა (17+7 მოხსნა+5 პასი), გიბსონი (14+7 მოხსნა), ბოგანსი (14+6 ჩაჭრა+5 მოხსნა), კორვერი (10).
გ-ს: ელისი (24+5 მოხსნა+5 პასი), კარი (17+6 პასი+5 ჩაჭრა), დ. რაიტი (12+8 მოხსნა).
მაიამი-ბოსტონი 107:112
20:27, 26:34, 32:29, 29:24
მ: ჯეიმსი (35+10 მოხსნა+9 პასი), ჰასლემი (21+10 მოხსნა), ბოში (15+7 მოხსნა), ჰაუსი (13).
ბ: ალენი (35), პირსი (25), გარნეტი (16+13 მოხსნა), რობინსონი (12), რონდო (8+16 პასი).
დენვერი-ლეიკერსი 118:112
24:26, 35:38, 26:29, 33:19
დ: ენტონი (32+13 მოხსნა), ნენე (18+5 მოხსნა), ლოუსონი (17+5 პასი), ბილაპსი (15), სმიტი (13+5 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (34+5 პასი), ბრაუნი (19), არტესტი (18+5 მოხსნა), გასოლი (17+20 მოხსნა), ოდომი (3+12 მოხსნა).