დრაჟენ პეტროვიჩი - მოცარტის რეკვიემი

AutoSharing Option
20 წელზე ოდნავ მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა დრაჟენ პეტროვიჩი.

ESPN იხსენებს ლეგენდარული კალათბურთელის რთულ გზას, რომელმაც NBA-ში რევოლუცია მოახდინა...

მიდიოდა 1993 წლის ივნისის პირველი კვირა. იმ დროს დრაჟენ პეტროვიჩი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც ხორვატიის ნაკრების რიგებში თამაშობდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას. მან დაურეკა თავის მეგობარსა და ადვოკატს ნიკო გოაიკს პოტლენდიდან.

მიუხედავად იმისა, რომ პეტროვიჩმა დატოვა ორეგონული კლუბი და "ნიუ ჯერსიში" გადავიდა, მას რეგულარული კავშირი ჰქონდა პორტლენდელ მეგობრებთან. დრაჟენმა ნიკოს ახალი ამბავი ამცნო: პეტროვიჩი NBA-ის მესამე სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

"მან მითხრა: ნიკ, მე, ევროპელი 15 საუკეთესოს შორის მოხვდი. ეს მართლაც რაღაც ნიშნავს, - იხსენებს გოიაკი. - ბოლოს მან მითხრა, თუ როგორ ამაყობს საკუთარი თავით".

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ოთხი სეზონი დაძაბული მუშაობა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით.

დრაჟენს ხომ ძალიან სჭირდებოდა ავტორიტეტისა და ნდობის მოპოვება. იმ დროს, NBA-ში ევროპიდან გადასული კალათბურთელი თითქმის უცხოპლანეტელად მიიჩნეოდა, და ეს იმის მიუხედავად, რომ ასოციაციაში მისვლამდე დრაჟენს რამდენიმე მეტსახელი ჰქონდა - "მოცარტიდან" დაწყებული "პიტ მარავიჩის გაუმჯობესებული ვერსიით" დამთავრებული.

* * *

მიუხედავად ამისა, თავიდან პეტროვიჩი მზად არ იყო NBA-სთვის. ის თავიდანვე მიხვდა, რომ უცხო ლიგაში პირობებს ვერ უკარნახებდა - უაზრო იდეა იქნებოდა. და სწორედ მაშინ დაიწყო ასოციაციაში დასამკვიდრებლად მუშაობა.

ცვლიდა თამაშის სტილს, დღე და ღამე სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა. "პორტლენდში", სადაც პეტროვიჩმა სეზონზე მეტი გაატარა, შესაძლებლობები შეზღუდული იყო. მან კარგად გამოიყენა "ნიუ ჯერსიში" გადასვლა და მესამე საუკეთესო შემტევი მცველი გახდა ლიგაში. გარდა ამისა, პეტროვიჩი იყო პირველი კალათბურთელი ევროპიდან, რომელიც სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

სატელეფონო საუბრისას დრაჟენის ხმაში აღფრთოვანება შეინიშნებოდა. სხვანაირად არც იქნებოდა, რადგან მოთამაშემ უმოწყალოდ დაამსხვრია სტერეოტიპი, რომელიც ღაღადებდა: ევროპელ კალათბურთელებს NBA-ში არაფერი ესაქმებათ, რადგან სათამაშო სტილითა და ფიზიკური თვალსაზრისით სრულიად არაკონკურენტუნარიანები არიან. მაგრამ პეტროვიჩმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. მან უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა 28 წლის ასაკში, ლიგაში გატარებული ოთხი სეზონის შემდეგ.

მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. გოიაკი კმაყოფილი იყო იმის გამო, რომ დრაჟენმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ამერიკის დასაპყრობად. ორი დღის შემდეგ, პეტროვიჩი დაიღუპა...

* * *

საკალათბურთო ოპერაციებში "პორტლენდის" ვიცე-პრეზიდენტი ბაკი ბაკუოლტერი დიდი ხანი აღფრთოვანებული იყო ევროპელი შემსრულებლებით.

მაშინაც კი, როცა ისინი NBA-ში არავის აინტერესებდა, საფრანგეთში მომუშავე ამერიკელი სპეციალისტი ჯორჯ ფიშერი ატკიცებდა: "ბებერი კონტინენტის" მოთამაშეებს მართლაც შეუძლიათ გუნდის გაძლიერება".

მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა: "რა თქმა უნდა, იმ დროს მწვრთნელები შიშობდნენ ევროპელების აყვანას. საქმე ისაა, რომ მათ ფეთქებადი და რთული ხასიათის მქონე ადამიანების რეპუტაცია ჩამოუყალიბდათ. გარდა ამისა, ფიზიკური თვალსაზრისით ისინი აგებდნენ ამერიკელებთან".

ასეა თუ ისე, ბაკუოლტერი თავის ყოფილ კოლეგასთან განიხილავდა სიტუაციას ევროპაში ნიჭიერი მოთამაშეების ძიების მიზნით. მისი მზერა მიიპყრო დუეტმა: დრაჟენ პეტროვიჩი-არვიდას საბონისი.

საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში ისინი პრინციპულ მეტოქეებად მიიჩნეოდნენ. "ჟალგირისთან" მატჩების დროს, დრაჟენს ორი მიზანი ამოძრავებდა. პირველი - მოგება. მეორე - დაენახვებინა ყველასთვის, რომ არა საბონისი, არამედ ის არის ევროპის საუკეთესო კალათბურთელი", - იხსენებს ჟელკო პავლიჩევიჩი, რომელიც პეტროვიჩს 1985-86 წლების სეზონში ავარჯიშებდა. მაშინ NBA-ის მომავალ ვარსკვლავი "ციბონაში" თამაშობდა და რაც ყველაზე საინტერესოა, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ საბონისის "ჟილგირისი" დაამარცხა.

ბაკუოლტერი ევროპაში გამგზავრებისა და ამ წყვილის მატჩების ნახვის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა. პეტროვიჩში მან, პირველ რიგში, ბუნებრივი ნიჭისა და სათამაშო თვისებების ნაზავი დაინახა: "დარწმუნებულ ვიყავი, რომ ის საკმარისად ნიჭიერი იყო NBA-ში სათამაშოდ.

მაგალითად, იმ დროისთვის სწორი სროლისთვის ვიდეოსახელმძღვანელოს შექმნა რომ ნდომოდათ, საკმარისი იქნებოდა იქ "ციბონას" მატჩების ფრაგმენტების ჩასმა. ტექნიკური თვალსაზრისით, დრაჟენის ტყორცნა უნაკლო იყო".

ბაკუოლტერმა კურთხევა მიიღო "პორტლენდის" მფლობელ ლარი ვეინბერგისგან და პეტროვიჩიც და საბონისიც 1986 წლის დრაფტზე აირჩია. და ეს იმის მიუხედავად, რომ მაშინ არც მან და არც NBA-ის სხვა რომელიმე მწვრთნელმა არ იცოდა სწორად როგორ გამოეყენებინა ევროპელი კალათბურთელები.

* * *

მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში დრაჟენს სამი წლის შემდეგ ჰქონდა დებიუტი, 25 წლის ასაკში. იმ დროისთვის მან ევროპულ კალათბურთში ყველაფერს მიაღწია, რაზეც შეიძლებოდა ეოცნება. ახალ თავგადასავალში მეგზურად დაიქირავა აგენტი - უორენ ლეგარიე. რატომ მაინცდამაინც ის? საქმე ისაა, რომ ლეგარიე ასევე გამოხატავდა NBA-ში პირველი დასავლელი ევროპელის, ესპანელი ფერნანდო მარტინის ინტერესებს. "გუნდის ხელმძღვანელობას რაღაც უნიკალურის მიღება სურდა.

პრობლემა მწვრთნელებში იყო. ისინი ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მოთამაშის აყვანა უცხოეთიდან - უფრო მარკეტინგული ნაბიჯი იყო, ვიდრე რეალური საჭიროება. ბევრი სპეციალისტი უფრთხოდა იმას, რომ ევროპელი შემსრულებლები არ იქნებოდნენ კომუნიკაბელურები, განსაკუთრებით მატჩების გადამწყვეტ მომენტებში", - აღნიშნა აგენტმა.

თუმცა პეტროვიჩის შემთხვევაში სხვა პრობლემა იყო - ის თვით კლაიდ დრექსლერის ჩრდილში უნდა ყოფილიყო. თუმცა ამას არ უმოქმედია იუგოსლაველის თავდაჯერებულობაზე. "ის ყოველთვის ამბობდა: მე შემიძლია თამაში, მწვრთნელი უნდა მენდოს", - ამბობს დინო რაჯა - პეტროვიჩის ყოფილი თანაგუნდელი იუგოსლავიისა და ხორვატის ნაკრებებში, რომელმაც ოთხი სეზონი ჩაატარა "ბოსტონის" შემადგენლობაში.

1990-91 წლების სეზონში პეტროვიჩი "ნიუ ჯერსიში" გაცვალეს. დრაჟენს სჭირდებოდა ბაკუოლტერის ტიპის ადამიანი, რომელსაც სჯეროდა ევროპელი კალათბურთელების. და ასეთი ადამიანი გახდა უილი რიდი - "ნეტსის" გენერალური მენეჯერი, რომელიც ხედავდა, რომ დროთა განმავლობაში, პეტროვიჩი ძალიან კარგ კალათბურთელად გაიზრდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ხორვატმა გაამართლა მოლოდინი. უფრო მეტიც, ის ლიგის ვარსკვლავი გახდა.

"დრაჟენი უნიკალური მოვლენაა კალათბურთის ისტორიაში, - ამბობს რიკ კარლაილი, რომელიც იმ დროს გუნდში თანშემწედ მუშაობდა. - ის იცნობდა NBA-ის სიტუაციას და ესმოდა, რომ მისი წარმატებები - მხოლოდ პირადი საქმე არ იყო. ის აცნობიერებდა, რომ ნიადაგს ამზადებდა მომავალი თაობებისთვის. ლიგაში თავისი წარმატებებით მან დაამტკიცა, რომ ევროპელი კალათბურთელების არ უნდა გვეშინოდეს".

* * *

1991 წლის ზაფხულში დრაჟენს ესმოდა, რომ ახალ სეზონში მას მუდმივი ადგილი ელოდა სასტარტო ხუთეულში.

ამიტომაც ხორვატმა თვეები გაატარა სატრენაჟორო დარბაზში "ნეტსის" ფიზმომზადების მწვრთნელთან რიჩ დალარტისთან ერთად, რათა თავისი სხეული მოემზადებინა NBA-ის მაღალი მოთხოვნებისთვის. "მას უნდოდა საუკეთესო ყოფილიყო. უნდოდა დაემტკიცებინა, რომ შეუძლია ამერიკულ კალათბურთთან უკეთ ადაპტირება", - აღნიშნა მოგვიანებითთ დალარტიმ.

იმ სეზონში პეტროვიჩი საშუალოდ მატჩში 20.6 ქულას აგროვებდა და თამაშიდან 50 პროცენტის სიზუსტით ესროდა.

მან მეორე ადგილი დაიკავა NBA-ის ყველა პროგრესირებადი მოთამაშის ნომინაციაში. პლეი ოფში თავის სადებიუტო მატჩში კი დრაჟენმა 40 ქულა ჩააგდო.

"მაშინ არავის სჯეროდა, რომ ევროპელ კალათბურთელს ასეთი რამის გაკეთება შეეძლო. ასე რომ, ვიღაც-ვიღაცებს მსოფლმხედველობის შეცვლა დასჭირდათ", - ამბობს რაჯა.

1992 წლის ოლიმპიადაზე ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. რის შემდეგაც კიდევ ერთი გიჟური სეზონი ჩაატარა NBA-ში. კერძოდ, პეტროვიჩი აღარ ასრულებდა კლასიკური სნაიპერის როლს, არამედ უფრო მრავალმხრივი შემსრულებელი გახდა. მაშინ ის საშუალოდ მატჩში 22.3 ქულას იხვეჭდა (მეცხრე შედეგი ლიგაში) და "ნეტსი" პლეი ოფში გაიყვანა.

* * *

ამასთან, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იტყობინებოდნენ, რომ დრაჟენმა გულთან ახლოს მიიტანა ის ფაქტი, რომ ის "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" არ მიიწვიეს. მას მიაჩნდა, რომ ეს იყო ქსენოფობიის შედეგი, რომელიც ჯერ ისევ ბატონობდა NBA-ში.

გარდა ამისა, ის ზაფხულში აპირებდა თავისუფალი აგენტი გამხდარიყო, რადგან გუნდმა სუსტი აქტივობა გამოიჩინა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დროს. კიდევ უფრო დიდი არეულობა შეიტანა ამ სიტუაციაში ევროპული კლუბებიდან წამოსულმა წინადადებებმა.

მას შემდეგ, რაც "ნიუ ჯერსიმ" წააგო "კლივლენდთან" პლეი ოფის პირველი რაუნდი, პეტროვიჩმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი კარიერა NBA-ში დასრულებული იყო.

სწორედ ეს სითამამე გამოარჩევდა მას სხვა ევროპელი კალათბურთელებისგან. ეს იყო უპრეცედენტო მიდგომა: მანამდე უცხოელები იოლად მიდიოდნენ საკუთარი როლის დაქვეითებაზე, რათა შეენარჩუნებინათ ადგილი ლიგაში. თავის მხრივ, პეტროვიჩი არ ურიგდებოდა ასეთ მდგომარეობას და თან იმედს აძლევდა მომავალ თაობას: ევროპელი შემსრულებელი შეიძლება უფრო მეტისთვის იყოს გამოსადეგი, ვიდრე უბრალოდ სარეზერვო კალათბურთელის როლისთვის...

და ერთ დღეს, ეს ყველაფერი გაქრა. მან ბოლო მომენტში გადაიფიქრა და მეგობრის მანქანაში ჩაჯდა, რომელიც გერმანიაში ტრასაზე არანორმალური სიჩქარით მიქროდა, თანაც ძალიან სველ ტრასაზე.

მისმა სიკვდილმა ბევრი რამ დააზარალა. ინციდენტის გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა გადაწყვიტა ჩაკ დეილიმ და მხოლოდ რიდის მიმართ პატივისცემამ არ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი და კიდევ ერთი წელი დარჩა გუნდში.

პერსპექტიული "ნეტსი" დაიშალა და დიდი ხნით გადაინაცვლა აუტსაიდერებს შორის. ბარსელონას ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ხორვატიის ნაკრები აღარ იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.

მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნა, პეტროვიჩმა გადატრიალება მოახდინა NBA-ში. მისი სიკვდილის შემდეგ, რაჯა და კუკოჩი ახალბედების მეორე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

გერმანელი შრემპფი სამჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და ლიგის მესამე სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 2001 წელს იგივე მიღწევა ჰქონდა კიდევ ერთ გერმანელს დირკ ნოვიცკის. 2002 წელს, "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ერთბაშად ორმა ევროპელმა მიიღო მონაწილეობა (ნოვიცკიმ და სტოიაკოვიჩმა).

იმავე წელს, პეტროვიჩი დიდების დარბაზში შეიყვანეს კალათბურთის გლობალიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. სამწუხაროდ, მის ცხოვრებაში მთავარ მიღწევას- NBA-ში მომხდარ რევოლუციას ევროპელ კალათბურთელებთან მიმართებაში - პეტროვიჩი ვერ მოესწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საოცარი კალათბურთელი იყო,ნამდვილი ჯადოქარი!
ლუკა
22:39 11-09-2024
0
respect respect respect ...
MISHA
14:07 01-09-2013
0

სიახლეები პოპულარული