ტომ ტიბოდო "ხარებს" გაუნაწყენდა?

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო აცხადებს, რომ მისი ურთიერთობა გუნდის გენერალურ მენეჯერთან გარ ფორმანთან ნორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს "ხარების" რიგები დატოვა ტიბოდოს ახლო მეგობარმა და ასისტენტმა როი ადამსმა.

"ყველაფერი წესრიგშია. მე ვუთხარი ჩემს მოთამაშეებს და ხელმძღვანელობას: ჩვენ უკან არ ვიხედებით, მხოლოდ წინ ვიყურებით, ვემზადებით მომავალი სეზონისთვის. ეს არის ის, რაზეც ახლა ვფიქრობთ", - ამბობს ტიბოდო Chicago Sun-Times-თან კომენტარში.

მაგრამ კლუბთან დაახლოებული წყარო ირწმუნება, რომ ტიბოდოსა და ფორმანს შორის ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს და ამის მიზეზი გახდება მომავალ ზაფხულში
"ჩიკაგოდან" ბრიტანელი ფორვარდის, ლუოლ დენგის სავარაუდო წასვლა. ბრიტანელის კონტრაქტს ვადა გასდის და ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა კლუბის ხელმძღვანელობა კალათბურთელისთვის კონტრაქტის გაგრძელებას.

"ჰკითხეთ ტომს, რამდენად მნიშნელოვანია მისთვის ლუოლი. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაახარებს მას ასეთი გადაწყვეტილება?" - აცხადებს ინკოგნიტო წყარო.

სტივ ნეშზე ფილმი გადაიღეს
სულ მალე მაყურებელი იხილავს სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს, რომლის სამუშაო სახელწოდებაა "ნეში". თავადაც მიხვდებოდით, რომ ის ეხება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერან გამთამაშებელს სტივ ნეშს. პროექტზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ და ფილმის პრემიერა უახლოეს ორ თვეში შედგება.

გარდა იმისა, რომ ფილმი აგებულია თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიადესი გამთამაშებლის ბიოგრაფიაზე, ის გაფორმებული იქნება NBA-ს სხვადასხვა ვარსკვლავის ინტერვიუებითა და ბარაკა ობამას, სნუპ ლაიონის (ახლო წარსულში სნუპ დოგი), დევიდ ბექჰემისა და სხვების კომენტარებით კანადელი კალათბურთელის შესახებ.

პოპოვიჩის ახალი ასისტენტი
"სან ანტონიო სპურსის" მთავარ მწვრთნელს, გრეგ პოპოვიჩს ახალი ასისტენტი ჰყავს. ბრენტ ბრაუნი "ფილადელფიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მის შემცვლელად "სპურსში" შონ მარქსი მივიდა. ის 38 წლისაა და კარიერის განმავლობაში NBA-ს ექვს კლუბში ითამაშა, 2003-04 წლების სეზონში კი "სან ანტონიოს" რიგებში ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA-ს მილიარდერი მფლობელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული