შაკილ ო'ნილის დიდი გეგმები

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო'ნილი NBA-ს კლუბის, "საკრამენტო კინგზის" თანამფლობელი გახდა. შაკი უკვე აქტიურად შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ კლუბის ახალ არენაზე თანამედროვე ტექნოლოგიები გაბატონდება და გულშემატკივრებს მაქსიმალური კომფორტი ექნებათ.

"ჩვენ ვაპირებთ, მილიარდ დოლარზე მეტი ჩავდოთ "საკრამენტოს" ახალ არენაში. ის უფრო თანამედროვე უნდა გახდეს და ხელოვნების ნიმუშს უნდა დაემსგავსოს, - განაცხადა "საკრამენტოს" თანამფლობელის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე ო'ნილმა. - ეს იქნება ქვეყანაში საუკეთესო სპორტული ცენტრი, სადაც მაყურებელს შეეძლება მობილური ტელეფონის მეშვეობით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება.

სპეციალური პროგრამის წყალობით, თქვენ გიკარნახებენ, თუ სად არის საუკეთესო სავაჭრო ჯიხური, რომელ ტუალეტთან არის ყველაზე პატარა რიგი... ყველაფრის კურსში იქნებით. ჩვენი სურვილია, "საკრამენტო" მსოფლიო ბრენდად ვაქციოთ, გვინდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს".

შაკმა ასევე განაცხადა, რომ არ სურს, უმოქმედო ინვესტორის როლით შემოიფარგლოს, პირიქით, ის აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კლუბის ცხოვრებაში.

კიდი: ბოლო სროლა ჯონსონის იქნება
"ბრუკლინ ნეტსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა გაარკვია - ვის მიანდობს ახალ სეზონში გამწყვეტ სროლას. დებიუტანტი მწვრთნელის აზრით, ამ მხრივ, ჯო ჯონსონი პოლ პირსზე ძლიერია.

თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, რთულია, ახალგაზრდა სპეციალისტს არ დავეთანხმოთ - იმ დროს, როცა მატჩის დასრულებამდე 24 წამი ან ნაკლები რჩებოდა, ჯონსონმა 10 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ ისროლა არაზუსტად.

ამ მხრივ, გვახსენდება შარშან, დეკემბერში ჩატარებული მატჩი "დეტროიტსა" და ბრუკლინს" შორის. მაშინ "ნეტსმა" სწორედ ჯონსონის წყალობით ორ ოვერტაიმში მოუგო "პისტონზს". ასევე დიდი როლი ითამაშა მცველმა "ნიუ იორკთან" მოგებულ მატჩში.

უოლასი მწვრთნელობას იწყებს
"დეტროიტ პისტონზის" ყოფილი ვარსკვლავი რაშიდ უოლასი, რომელმაც გასულ სეზონში დაასრულა მოთამაშის კარიერა, თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა, თუმცა ზუსტად მისი როლის შესახებ არაფერს იტყობინებიან.

უოლასი "დეტროიტში" 2004-09 წლებში თამაშობდა და ამ გუნდს 2004 წელს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. რაშიდმა ოთხჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", ხოლო მისი კარიერული მონაგარი 14.4 ქულას, 6.7 მოხსნასა და 1.3 დაფარებას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შაკილ ო'ნილი "საკრამენტო კინგზს" ყიდულობს