არშემდგარი და უიმედო კლიპერსი

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის ყველაზე უარესი გუნდის "ტიტულისკენ" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" მიისწრაფის. ამჯერად ვინი დელ ნეგროს შეგირდებმა მორიგი საშინელი მატჩი "ინდიანას" წინააღმდეგ ჩაატარეს. კალიფორნიელებმა თამაშიდან 33 პროცენტის სიზუსტით ისროლეს და 27 ქულით წააგეს. ეს იყო "კლიპერსის" ზედიზედ მერვე და 13 მატჩში მე-12 მარცხი. შემადგენლობაში ნიჭიერი ბლეიკ გრიფინისა და ერიკ გორდონის ყოფნის მიუხედავად, "კლიპერსი" აბსოლუტურად არშემდგარი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ისევ წააგო "ფინიქსმა". მაიამიში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, "სანზმა" ვერც აღმოსავლეთის მეორე ფავორიტ "ორლანდოს" მოუხერხა რამე. თავისი ლიდერის სტივ ნეშის გარეშე მოთამაშე "ფინიქსმა" ორი მეოთხედიც
ვერ გაძლო. უკვე პირველ 12-წუთეულში ფლორიდელებმა 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მეორეში კი ვერც "სანზის" რეზერვისტებმა გამოიჩინეს თავი და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 62:34 იყო. კოშმარული საღამო ჰქონდა "ორლანდოს" ყოფილ ფორვარდ ჰედო თურქოგლუს, რომელმაც ორი წლის წინ გადაწყვიტა, რომ "მეჯიქში" ცოტას უხდიდნენ და "ტორონტოში" წავიდა. ორლანდოელმა გულშემატკივრებმა ეს არ დაივიწყეს და გუშინ სტვენით შეხვდნენ თურქ ფორვარდს. მანაც ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლო და შეხვედრა საშინელი სტატისტიკით დაასრულა - 2 ქულა (თამაშიდან არც ერთი ჩაგდებული ბურთი) და დაცვაში სუსტი თამაში რაშარდ ლუისის წინაღმდეგ.

ერთადერთი მატჩი, რომელშიც ბრძოლა ვიხილეთ, პორტლენდში ჩატარდა. იქ ადგილობრივი "ბლეიზერსი" "დენვერს" იღებდა. ლიდერ ბრენდონ როის გარეშეც მასპინძლებმა ბრძოლა მოახვიეს თავს მეტოქეს. თუმცა შეხვედის დებიუტი არ გამოუვიდათ. "პორტლენდმა" ვერაფერი მოუხერხა კარმელო ენტონის. "ნაგეტსის" ფორვარდმა ფაქტობრივად მარტომ მოიპოვა თავისი გუნდისთვის 10-ქულიანი უპირატესობა. "პორტლენდის" დამრიგებელმა ნეიტ მაკმილანმა ენტონის კარგ თამაშს უეს მეტიუზი დაუპირისპირა. ყოფილმა იუტელმა ღირსეულად შეცვალა როი. მისი დუეტი ლამარკუს ოლდრიჯთან მასპინძელთა მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.

მეორე ნახევარში "დენვერი" ძლივს უმკლავდებოდა "ბლეიზერსის" შეტევებს. სტუმრებმა მესამე მეოთხედში გაძლეს, მაგრამ მეოთხეში აშკარად დათმეს მატჩის სადავეები. "პორტლენდის" წარმატების საწინდარი დაცვაში კარგი თამაში გახდა - ბოლო 12 წუთში მან 12 ქულა გაუშვა და ამით ძალიან გაიმარტივა საქმე. კიდევ უფრო იოლი გახდა თამაში კარმელოს მიერ მიღებული მეექვსე პერსონალურის შემდეგ. მიუხედავად ამისა, სტუმრებს ბოლო წამებზე შეეძლოთ გადარჩენა. მათ გმირულად მოიგერიეს მეტოქის ბოლო შეტევა და ზუსტი სამქულიანის შემთხვევაში შეხვედრას ოვერტაიმში გადაიყვანდნენ, თუმცა ბილაპსისა და აფლალოს ტყორცნები არაზუსტი გამოდგა.

ინდიანა-კლიპერსი 107:80
22:25, 31:18, 27:16, 27:21
ი: გრეინჯერი (22+7 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (18+8 მოხსნა), პრაისი (14+6 პასი), რაში (14+ 5 მოხსნა+5 დაფარება), პოუსი (12), ფორლი (11+5 პასი).
კ: გორდონი (19), ამინუ (12+8 მოხსნა), გრიფინი (12+8 მოხსნა), კუკი (11).

ორლანდო-ფინიქსი 105:89
31:15, 31:19, 29:25, 14:30
ო: ჰოვარდი (20+12 მოხსნა), ნელსონი (15+12 პასი), რიჩარდსონი (15), კარტერი (13), ლუისი (13), პიეტრუსი (10).
ფ: ჰილი (21), კლარკი (12+6 მოხსნა), დადლი (11), ფრაი (10+6 მოხსნა), დრაგიჩი (10).

პორტლენდი-დენვერი 86:83
16:28, 27:17, 26:26, 17:12
პ: ოლდრიჯი (24+10 მოხსნა), მეტიუზი (20+10 მოხსნა), მილერი (16+6 პასი), ბატუმი (14+6 მოხსნა), კემბი (5+14 მოხსნა).
დ: ენტონი (18+8 მოხსნა), ჰარინგტონი (17), აფლალო (16+11 მოხსნა), ბილაპსი (13+5 პასი), ნენე (12+7 მოხსნა).


* * *
იუტას მწვრნელი დააკლდება
"იუტა ჯაზის" მთავარი მწვრთნელი ჯერი სლოუნი რეგულარული ჩემპიონატის ორ მომდევნო შეხვედრაში ("სან ანტონიოსთან" და "პორტლენდთან") ვერ უხელმძღვანელებს თავის გუნდს. ამის მიზეზი გახდა ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება. სლოუნი "იუტას" 23 ნოემბერს, "საკრამენტოსთან" მატჩში დაუბრუნდება.


ქალი კაცებს გაწვრთნის
უცნაური რეპორტაჟი გავიდა ამერიკის ეროვნული ტელევიზიის ეთერით - მაყურებელმა D-ლიგის (მასში NBA-ის ფარმ-კლუბები თამაშობენ) გუნდების ("ტექსასი" და "რიო გრანდე") მატჩის პირდაპირი ტრანსლიაცია იხილა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

ამ შეხვედრას ასეთი პატივი ნენსი ლიბერმანის წყალობით ერგო. ცოტა ხნის წინ ის "ტექსასის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ისტორიაში შევიდა იმით, რომ პირველი ქალი სპეციალისტია, ვინც მამაკაცთა პროფესიულ კლუბს ჩაუდგა სათავეში. თუმცა სადებიუტო შეხვედრაში ლიბერმანის შეგირდებმა 115:123 წააგეს.


* * *
არტესტი ფეხბურთელი გახდება
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ერთ-ერთმა ლიდერმა რონ არტესტმა გაარკვია რა საქმიანობას აირჩევს კარიერის დასრულების შემდეგ. კერძოდ, ფორვარდი ამერიკული ფეხბურთის ლიგაში (NFL) მოსინჯავს ძალებს.

როგორც არტესტი ამბობს, "ლეიკერსთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2013-14 წლების სეზონში შეკრებას გამართავს NFL-ის ლიგის რომელიმე კლუბში.
"თუ NBA-ში თამაშის შემდეგ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში მექნა, აუცილებლად გავივლი შეკრებას NFL-ის გუნდში, - განაცხადა არტესტმა. - ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და თუ მისი ასრულება გამოვივა, უზომოდ ბედნიერი ვიქნები".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული