პაუ გასოლი: ვიღაცა ჯადოსნური ჯოხით შემეხო...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრ პაუ გასოლს NBA-ის ერთი ჩემპიონობა აკლია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საუკეთესო ევროპელების - ტონი კუკოჩისა და ტონი პარკერის რეკორდის გასამეორებლად. ამ კალათბურთულებს სამ-სამი ტიტული აქვთ მოგებული, ესპანელს - ორი. სულ რაღაც ორ სეზონში კატალონიელმა შეძლო ის, რაზეც სხვები მთელი ცხოვრება ოცნებობენ. თუ ერთი წლის წინ, "ორლანდოსთან" ფინალურ სერიაში პაუ "შავი მუშის" როლს თანხმდებოდა, "ბოსტონთან" წლევანდელ ფინალში მან სრულად წარმოაჩინა თავისი ნიჭი და დაამტკიცა, რომ ინდივიდუალური მოქმედებებით შეუძლია გუნდის გაძღოლა იმ შემთხვევაში, თუ "ლეიკერსის" მთავარ
მამოძრავებელ ძალას - კობი ბრაიანტს თამაში არ გამოსდის.

- პაუ, გასული სეზონი თქვენთვის არც ისე კარგად დაიწყო და საბოლოოდ, ჰეფიენდით დასრულდა - საყოველთაო აღიარება და წარმატება მოიპოვეთ, რის გამოც დიდი მსხვერპლის გაღება მოგიხდათ. ასეთ სიტუაციაში იოლია დაიბნე და სწორი გზიდან გადაუხვიო. რაზე ფიქრობდით იმ პერიოდში?
- ძალაინ ბევრ რამეზე. იმდენად რთული იყო ყველაფერი, რომ ახლა მიმძიმს ამის გახსენება. ეს ყველაფერი სიცოცხლის რამდენიმე კვირად დამიჯდა. მაგრამ პირველ რიგში უნდა განვაცხადო, რომ უკიდურესად ბედნიერი ვარ. თუ ბუნებაში ბედნიერება არსებობს, რომელსაც შეიძლება შეეხო, ჩემთვის ეს არის კალათბურთი და მოედანზე გასვლის საშუალება. ბედნიერი ვარ, რადგან გავუძელი იმ ურთულეს მომენტს და ახლა ვხვდები, რომ ეს ერთგვარი გამოცდა იყო ჩემთვის. დადგება დრო, როცა გავაცნობიერებ იმას, რაც გავაკეთე. ახლა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.
- ამ წარმატებების შემდეგ არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი ძვირად გაგიჯდათ?
- როცა წლები გაივლის და მხოლოდ მოგონებები დარჩება, ალბათ, მაშინ მივხვდები, რომ ბედს მადლობა უნდა ვუთხრა ჩემი კარიერის ამგვარად წარმართვის გამო. საერთოდ, სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ შენი ქვეყანა ასახელე და დიდი სიხარული მოუტანე დიდი გამარჯვებებით.
- გრძნობთ, რომ განსაკუთრებული ხართ?
- რა თქმა უნდა. ალბათ, ვიღაც შემეხო ჯადოსნური ჯოხით. სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, მე ძალიან გამიმართლა. მხოლოდ კალათბურთში არ ვარ განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებული - კარგი ჯანმრთელობა მაქვს და შესანიშნავი ოჯახი მყავს. ხოლო თუ სპორტში გამარჯვებასაც ახერხებ, მართლაც გრძნობ, რომ რჩეული ვარ.
- ფინალური სერიის მეშვიდე მატჩის მოგების შემდეგ საკუთარ თავს არ ჰგავდით - გაცილებით ემოციურად გამოხატავდით გრძნობებს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. როგორ ახერხებთ მატჩების დროს სიმშვიდის შენარჩუნებას?
- წლევანდელი სეზონი მძიმე აღმოჩნდა, ხოლო პლეი ოფის თამაშები საკმაოდ რთულად ვითარებოდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, თანაც "ბოსტონთან" ურთიერთობის გარკვევა გაიწელა... მიწევდა ემოციების შეკავება, არადა, ხანდახან ეს რთული იყო. ბუნებრივია, ბოლო მატჩის შემდეგ გვერდზე ვერ გავდგებოდი, ამიტომაც მთლიანად გამოვუშვი დაგროვილი ემოცია. ასეთი თამაშის, დაძაბულობისა და ყოველი მხრიდან მუდმივი ზეწოლის შემდეგ ყველა ჩვენთაგანს მოუნდა გიჟური ზეიმი. მეც ხომ ადამიანი ვარ! ეს განსაკუთრებული წამია ნებისმიერი კალათბურთელის ცხოვრებაში.
- სასიამოვნო იყო ფინალში მაინც და მაინც "ბოსტონის" დამარცხება?
- არ დავმალავ, ნამდვილად ასე იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვალდებულნი ვიყავით დაგვემარცხებინა ეს გუნდი. ის სერია არასოდეს დამავიწყდება. "კელტებმა" სასტიკი დღე გვაყარეს. წელს მაშინდელი მატჩების ფრაგმენტები გვიტრიალებდა თვალწინ და ეს დამატებით მოტივაციას გვმატება. ორმაგად გახარებული ვარ, რადგან ფინალში უფრო ძლიერ მეტოქეს ვერც ვინატრებდით.
- თქვენს მიერ ნახსენები ჯადოსნური ჯოხის გარეშე შეძლებდით მოგებას?
- მთლად სულელი გგონივართ?!
- არა... ეს ხომ მეტაფორაა.
- ვიცი, რომ ეს ხუმრობაა. ის დამარცხება კარგი გაკვეთილი გახდა ჩემთვის. მიმახვედრა, რომ არც მორალურად და არც ფიზიკურად არ ვიყავი მისული საჭირო დონემდე. ამის გაცნობიერება რთული იყო, მაგრამ ეს დროულად მოხდა. ვფიქრობ, იმ წაგების გარეშე არ იქნებოდა მომდევნო ორი გამარჯვება.
- კობიმ თქვა, რომ ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი თქვენ გეკუთვნოდათ და არა მას.
- მე რას გეუბნებოდით?! პლეი ოფში მაქსიმალურად დავიხარჯე და საკუთარი თავის გამო არანორმალურად ამაყი ვიყავი (იცინის). სიმართლე ითქვას, კობიმ დამსახურებულად მოიპოვა ეს პრიზი - ის ყველა პარამეტრით ლიდერია და ამით ყველაფერია ნათქვამი. გუნდი კარგად თამაშობს თუ ცუდად, ამ ბიჭს ყოველთვის წინ მივყავართ. მე საჩემპიონო ბეჭედი მოვიგე და ესეც მაკმაყოფილებს.
- რა ისწავლეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
- სეზონი რთულად მიმდინარეობდა. ყოველ წელს ბედი ახალ სიუპრიზს გვიმზადებს, საჭიროა მუდმივი სრულყოფა, პროგრესი... ამ წელს ძალიან მოვუმატე ფსიქოლოგიის მხრივ, უფრო ბრძენი და გამოცდილი გავხდი.
- ზოგიერთები ამბობენ, რომ უფრო რბილად თამაში დაიწყეთ, ისეთი ხისტი და მოხერხებული აღარ ხართ, როგორც ადრე.
- იმასაც ხომ არ ამბობენ, რომ კარიერის დასრულების დრო მოვიდა?! სასაცილოა. ჩემი წარმატება და "ლეიკერსის" გამარჯვებები თავად მეტყველებენ ყველაფერზე.
- გუნდურ სახეობებში ცალკეული პიროვნებების დამსახურება ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე ინდივიდუალურ დისციპლინებში.
- რა თქმა უნდა. მაგრამ ამის გამო არ ვნერვიულობ. ისედაც ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ და მაფასებენ. საერთოდ მიმაჩნია, რომ არაფერზე მაქვს საწუწუნო.
- ხომ არ აპირებთ ესპანური სპორტის ისტორიაში მიგელ ინდურაინის (ველომრბოლი. ტურ დე ფრანსის ხუთგზის ჩემპიონი) დაჩრდილვას? იქნებ 10 წლის შემდეგ ხალხმა თქვენზე უფრო მეტი ლეგენდები შეთხზას?
- მადლობა ასეთი შედარებისთვის. ძალიან სასიამოვნოა ჩემს სამშობლოში მოპოვებული აღიარება, მაგრამ მითიური დიდებისკენ არ მივისწრაფი - სავსებით მყოფნის ის სიყვარული, რომელსაც ახლა ვგრძნობ. ხალხი არასოდეს დაგიმახსოვრებს შენი ფიქრების გამო - უნდა იმუშაო და წარმატებას მიაღწიო.
- დიადი ადამიანი ხდები არა იმით, რაც გააკეთე, არამედ - როგორ გააკეთე. ეს თქვენზეა ნათქვამი?
- ვცდილობ. ცხოვრებაში ბევრ ისეთ რამეს ვაფასებ, რასაც სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ცხოვრება მხოლოდ საკალათბურთო მოედნით არ შემოიფარგლება. ვცდილობ ვიყო მაგალითი ახალგაზრდობისთვისა და მოზარდი თაობისთვის. მინდა ვასწავლო მათ ნამდვილი ღირებულებების გამოცნობა. პოპულარობა და დიდება კი თავისთავად მოვა.
- არ ნანობთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაემგზავრებით?
- რა თქმა უნდა, ვნანობ. როცა ვუყურებ, როგორ თამაშობენ სხვები, გული მისკდება. მაგრამ მე გადაწყვეტლება მივიღე. გასული სეზონი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ ამავდროულად დაძაბულიც და სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ის დასრულდა. იმისთვის, რომ მომავალი რამდენიმე წელი მაღალ დონეზე ვითამაშო, ახლა აუცილებლად უნდა ავიღო პაუზა. იმედი მაქვს, გულშემატკივრები გამიგებენ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მინუსი პაუს : ს მსოფლიოზე რომ არ წავიდა
giorgi buachidze
12:59 09-07-2010
0

სიახლეები პოპულარული