სეზონის წინ "სიქსერზს" მთლიანად ასოციაციის უსუსტეს გუნდს უწოდებდნენ და ეჭვი არავის ეპარებოდა "ჰიტის" გამარჯვებაში, მაგრამ მასპინძლებმა შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს ლეგენდარულ ალენ აივერსონს, რომელმაც იმ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.
ის, რომ "მაიამის" ამ მატჩში გაუჭირდებოდა, დებიუტშივე გამოჩნდა, როცა ჩემპიონებმა 19:0 გაქცევა მიიღეს. ჩემპიონებს ბევრი პრობლემა ჰქონდათ: როცა მეოთხე მეოთხედში სიტუაცია გათანაბრდა, ფავორიტმა ზედიზედ 10 ტყორცნა ააცილა
და ასეთი თამაშის მიუხედავად, "მაიამის" შეეძლო და ვალდებულიც იყო, მოეგო, მაგრამ ამაში ხელი შეუშალა მაიკლ კარტერ-უილიამსის ფანტასტიკურმა თამაშმა. "ფილადელფიას" გამთამაშებელი, რომელიც პირველ შეხვედრას ატარებდა NBA-ში, კინაღამ გვერდით ამოუდგა ასოციაციის ისტორიაში უდიადეს მოთამაშეებს: ახალგაზრდა მცველს ოთხმაგ (!) დუბლამდე ერთი ჩაჭრა და სამი მოხსნა დააკლდა!
უკეთ პროფესიულ კარიერას ძალიან შორეულ წარსულში მხოლოდ ოსკარ რობერტსონი იწყებდა, როცა მან სადებიუტო შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა. კარტერ-უილიამსმა 36 წუთი გაატარა მოედანზე, 22 ქულა დააგროვა, 12 შედეგიანი პასი მიითვალა და მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი.
სავარაუდოდ, ამ კალათბურთელს ულაპარაკოდ მისცემენ დიდ სათამაშო დროსა და ადგილს სასტარტო ხუთეულში. ასე რომ, გამოიკვეთა წლის საუკეთესო დებიუტანტის პრიზის პირველი მაძიებელი.
ფილადელფია-მაიამი 114:110
33:14, 18:35, 34:45, 29:16
ფ: ტერნერი (26+5 პასი), ჰეიესი (24+9 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (22+12 პასი+9 ჩაჭრა+7 მოხსნა), როტენი (14), იანგი (10+6 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (25+13 პასი), ბოში (22+10 მოხსნა), ალენი (19+6 მოხსნა), ჩელმერსი (16+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ლუისი (11+5 პასი), იანგი (10+3 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჩემპიონმა როუზის დაბრუნება დაჩრდილა