ახლა ეს რეკორდი 54 ქულას უდრის. ამასთან, ბოლო ორ მატჩში დურანტი მინიმუმ 36 ქულას აგროვებდა, იანვრის დასაწყისში კი მან ორჯერ მოიხვეჭა 48 ქულა! დროის ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთი დურანტს მეოთხე მეოთხედში ჰქონდა, როცა ორი წუთის ინტერვალში სამი სამქულიანისა და ორი საჯარიმოს ჩაგდება მოასწრო და თავის გუნდს 17-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ამის შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და დაიწყო სკანდირება:
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მოედანზე გატარებული 43 წუთის განმავლობაში "ოკლაჰომას" ფორვარდმა უფრო მეტი ბურთი ჩააგდო თამაშიდან (19), ვიდრე მთლიანად მისმა თანაგუნდელებმა (18).
"რა თქმა უნდა, მესმოდა, რასაც ყვიროდნენ ტრიბუნებიდან. ნებისმიერი კალათბურთელისთვის სასიამოვნოა ასეთი პრიზის მიღება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშისგან სიამოვნების მიღება და გუნდისთვის სარგებლის მოტანა", - აღნიშნა 25 წლის ფორვარდმა, რომელიც 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის MVP იყო.
* * *
ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის - "ბოსტონისა" და "ლეიკერსის" მატჩში, როგორც დაანონსებული იყო, მოედანზე გამოჩნდა გამთამაშებელი რაჟონ რონდო, რომელიც მუხლის ტრავმის გამო შარშანდელი 25 იანვრის შემდეგ არ თამაშობდა და საერთო ჯამში, "სელტიქსის" 84 მატჩი გამოტოვა.
ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის დაბრუნება შთამბეჭდავი გამოვიდოდა, სირენასთან ერთად რომ ჩაეგდო სამქულიანი და მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ რონდომ (8 ქულა, 4 შედეგიანი პასი, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა) ააცილა და "ბოსტონი" დამარცხდა არა მხოლოდ ისტორიულად თავის ყველაზე სახიფათო მეტოქესთან, არამედ დღეისთვის ლიგის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდთან.
ამ გამარჯვებით (პირველი ბოლო შვიდ მატჩში) კალიფორნიელებმა თავიდან აიცილეს დასავლეთ კონფერენციის ფსკერზე დაშვება. თუმცა დღევანდელი შედეგით (15 მოგება-25 წაგება) მაიკ დ'ენტონის გუნდი აღმოსავლეთში მე-11 ადგილზე იქნებოდა, თანაც, "ბოსტონზე" მაღლა, რომელსაც ბოლო 11 მატჩში 10 წაგება დაუგროვდა.
* * *
ამასობაში, დასავლეთ კონფერენიას ისევ ორი ლიდერი ჰყავს: "პორტლენდმა" სეზონში მეორედ დაამარცხა "სან ანტონიო" და გაუთანაბრდა მას წაგებების რაოდენობით, მოგება კი ერთით ნაკლები აქვს.
ტექსასელებს ვერ უშველა ამ სეზონში მანუ ჯინობილის ყველაზე შედეგიანმა თამაშმა (29 ქულა). არგენტინელმა დაჩრდილა ორეგონელთა კვარტეტი - ლილარდის, ოლდრიჯის, მეტიუზისა და ბატუმის შემადგენლობით, მაგრამ "პორტლენდი" გუნდური კალათბურთით გავიდა ფონს. სწორედ ამის წყალობით, "ბლეიზერსმა" გადაუარა მეტოქეს მეოთხე მეოთხედში, თანაც, აშკარად არ წაუვიდათ თამაში "სპურსის" სხვა ვეტერანებს - ტიმ დანკანსა და ტონი პარკერს, რომლებმაც დიდი შესვენების შემდეგ მხოლოდ 8 ქულას მოუყარეს თავი.
გადამწყვეტი კი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედის ბოლოს ზუსტი შორეული ტყორცნების სერია უესლი მეტიუზის შესრულებით: ანგარიში 92:91 "პორტლენდის" სასარგებლოდ 105:96-ით შეიცვალა.
18 იანვარი
ნიუ იორკი-კლიპერსი 95:109
ორლანდო-შარლოტი 101:11
ფილადელფია-მაიამი 86:101
ტორონტო-მინესოტა 94:89
ვაშინგტონი-ჩიკაგო 96:93
ბოსტონი-ლეიკერსი 104:107
დეტროიტი-იუტა 89:110
მემფისი-საკრამენტო 91:90
სან ანტონიო-პორტლენდი 100:109
დენვერი-კლივლენდი 109:117
ოკლაჰომა-გ. სტეიტი 127:121
ფინიქსი-დალასი 107:110
19 იანვარი
შარლოტი-მაიამი 96:104 (ო)
ინდიანა-კლიპერსი 106:92
ვაშინგტონი-დეტროიტი 98:104
ჩიკაგო-ფილადელფია 103:78
ჰიუსტონი-მილუოკი 114:104
მინესოტა-იუტა 98:72
ნ. ორლეანი-გ. სტეიტი 87:97
დალასი-პორტლენდი 111:127
როდმანი სამკურნალოა
სკანდალურად ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ. ეს ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა სპორტსმენთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გასტანს როდმანის სარეაბილიტაციო კურსი, მაგრამ როგორც წყარო აღნიშნავს, ყოფილი კალათბურთელი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიზიტების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ დენისი იქაურ ლიდერს, კიმ ჩენ ინს დაუახლოვდა და ცოტა ხნის წინ, მის დაბადების დღეზე ამხანაგური მატჩის ორგანიზებაც მოახერხა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს NBA-ს ყოფილმა მოთამაშეებმა.
აშშ-ში დაბრუნების შემდეგ როდმანი ალკოჰოლს მიეძალა, თუმცა ის ამბობდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტების გამო მასზე ზეწოლა ხდებოდა და ამან ღრმა დეპრესია გამოიწვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"