არბიტრები, რომლებიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებს ემსახურებიან, უფრო იშვიათად აფიქსირებენ ჯარიმებს საკუთარი რასის მოთამაშეებზე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრაიემისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების მეცნიერები - ჯოზეფ პრაისი და ჯასტინ უოლფერსი. მათ მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს - შეისწავლეს NBA-ის 13 სეზონის სტატისტიკა და კვლევის შედეგები ჟურნალ Quarterly Journal of Economics-ში გამოქვეყნეს.
მეცნიერებმა განიხილეს მატჩები, რომლებიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1991-2004 წლებში ჩატარდა. პრაისისა და უოლფერსის გამოთვლებით, თუ სამკაციანი სამსაჯო ბრიგადის ორი არბიტრი თეთრკანიანი იყო, "თეთრი" მოთამაშეები ოთხი პროცენტით ნაკლებ პერსონალური იღებდნენ, ვიდრე მათი შავკანიანი კოლეგები.
პრაისის შეფასებით, არბიტრების მხრიდან რასობრივი დისკრიმინაცია თითქოს შეუმჩნეველი იყო, მაგრამ სინამდვილეში ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მატჩების შედეგებზე. ამიტომაც მიზანშეწონილი იყო ტოტალიზატორზე თამაშის შემდეგნაირი სტრატეგიის აგება - ფსონის ჩასვლა იმ გუნდზე, რომელიც რასობრივი შემადგენლობით უფრო წააგავდა სამსაჯო ბრიგადის კანის ფერს. პრაისმა ამ სისტემას "ფრიად მომგებიანი" უწოდა.
გამოკვლევა ჯერ კიდევ 2007 წელს დასრულდა, მაგრამ მისი შედეგები მხოლოდ გასულ კვირას გამოქვეყნდა. 2007 წელს NBA-ის წარმომადგენლებმა პრაისსა და უოლფერსს საკუთარი გამოკვლევით უპასუხეს, რითაც უარყვეს არბიტრების მიკერძოებული მოქმედება. პრაისი ამბობს, რომ ასოციაციის მიდგომა არასწორია. ლიგამ უნდა აღიაროს, რომ მსაჯების მხრიდან მიკერძოება არსებობს,ამიტომაც კარგად უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს მეცნიერთა გამოკვლევის შედეგები.