დალასის ორი ნაბიჯი რეკორდამდე

AutoSharing Option

მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში "ფილადელფიას" წარმატების თითქმის არავის სჯერა, ეს გუნდი ერთერთ ფავორიტთან - "ბოსტონ სელტიქსთან" შეხვედრას ორმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა და აღნიშნულ მატჩში კინაღამ შეწყვიტა "კელტების" რვამატჩიანი წარმატებული სერია. "სიქსერზს" მოგებამდე რამდენიმე წამი დააკლდა.

"ბოსტონის" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა თურქი ცენტრი სემიჰ ერდენი. ამას მოულოდნელობას ვერ დავარქმევდით, რადგან შაკილ ო'ნილისა და კენდრიკ პერკინსის ტრავმების გამო დოკ რივერს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. საბოლოოდ, თურქს საერთო სურათი არ გაუჭუფებია, თუმცა "ბოსტონის" ფარზე დომინირებაც არ შეიმჩნეოდა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არც

ისე წარმატებული მატჩი ჰქონდა კევინ გარნეტს, გასაკვირი არ არის, რომ სტუმრებმა ფარისთვის ბრძოლა წააგეს - 33:39.

თუმცა გარნეტს მატჩის გმირად გადაქცევისთვის არ დასჭირვებია გამორჩეული თამაშის ან სტატისტიკის ჩვენება. საკმარისი აღმოჩნდა ერთადერთი ჩაგდებული ბურთი - ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩში. ეს ბოლოს მოხდა, როცა უკანასკნელი შეტევისთვის "სელტიქსს" 6.6 წამი რჩებოდა. უფრო ადრე ბრწყინვალედ მოთამაშე ანდრე იგუოდალამ ურთულესი საშუალო ტყორცნა ჩააგდო და ბოლოჯერ გაიყვანა წინ თავისი გუნდი. ამის საპასუხოდ, ყოველთვის აუღელვებელმა რაჟონ რონდომ შესანიშნავი პაუზა გააკეთა და მაღალი ბურთი გარნეტისკენ გაგზავნა. კევინმა ჰაერში დაიჭირა და მოედანზე დაუშვებლად ზუსტად ისროლა. "ფილადელფიას" პასუხის გასაცემად 1.4 წამი რჩებოდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის გადასარჩენად.

"პორტლენდთან" წაგების მიუხედავად, გუშინდელი დღის გმირად "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი უნდა მოინათლოს. "სუპერმენმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მისი ბრალი არ არის, რომ "მეჯიქმა" ეს შეხვედრა პირწმინდად დათმო. 39 ქულა (თამაშიდან - 13/20), 15 მოხსნა, 3 დაფარება და ერთი ჩაჭრა - ასეთი სტატისტიკით დუაიტი არ იმსახურებდა წაგებას. მაგრამ მარტო ჰოვარდი რას გააწყობდა ბოლო დროს ისევ მომძლავრებულ "პორტლენდთან" (ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო), როცა ორლანდოელი სნაიპერების ტრიომ - ნელსონმა, კარტერმა და ლუისმა თამაშიდან 36-ჯერ ისროლეს და მხოლოდ ათი ჩააგდეს. განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურებოდა სახელოვანი ვეტერანი ვინს კარტერი - 12-დან ორი ზუსტი ტყორცნა (სამქულიანი - 0/4), 6 ქულა და ორი შედეგიანი პასი. შესაბამისად, "ორლანდომ" მიიღო ის შედეგი, რომელმაც ჰოვარდი მატჩის შემდეგ ძალიან გაანაწყენა.

დალასში ადგილობრივი "მავერიქსი" და "ნიუ ჯერსი" სხვადასხვა განწყობით ხვდებოდნენ მორიგ შეხვედრას. "ნეტსს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, "დალასს" კი ზედიზედ 10 შეხვედრა არ წაეგო. სასწაული არ მოხდა. კლასით უფრო მაღალმა "დალასმა" პირველივე მეოთხედში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და დარჩენილ დროში ხუთ ქულაზე ახლოს არ მიუშვა მეტოქე. თანაც "ნეტსი" ფეივორსის გარეშე თამაშობდა, რომელმაც "ატლანტასთან" მიიღო ტრავმა, პირველ მეოთხედში კი სტუმრებმა დევინ ჰარისიც დაკარგეს (მხარის ტრავმა).

"დალასმა" ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და შარშანდელი რეკორდის გამეორებამდე (13 მოგება) ორი გამარჯვება აკლია.

ფილადელფია-ბოსტონი 101:102
32:29, 23:27, 25:25, 21:21
ფ: მიქსი (19), უილიამსი (16), იანგი (16+7 მოხსნა), იგუოდალა (14+5 მოხსნა+11 პასი), ბრენდი (13+14 მოხსნა+3 დაფარება), ჰოლიდეი (12+6 პასი), ჰოსი (11+7 მოხსნა).
ბ: ალენი (23), რონდო (19+5 მოხსნა+14 პასი+3 ჩაჭრა), დევისი (16+7 მოხსნა), გარნეტი (14+6 მოხსნა+3 დაფარება), პირსი (10+8 მოხსნა).

დალასი-ნიუ ჯერსი 102:89
30:19, 25:21, 24:29, 23:20
დ: ნოვიცკი (21+10 მოხსნა), მერიონი (18+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბატლერი (15), ტერი (15), ბარეა (6+13 პასი).
ნ-ჯ: ლოპესი (24+8 მოხსნა), მოროუ (21), ჰემფრიზი (16+13 მოხსნა), ფარმარი (10).

პორტლენდი-ორლანდო 97:83
14:22, 31:24, 22:16, 30:21
პ: მილერი (22+7 მოხსნა+8 პასი), მეტიუზი (20+3 ჩაჭრა), ბატუმი (15+10 მოხსნა), ოლდრიჯი (14+6 მოხსნა), კემბი (6+13 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (39+15 მოხსნა+3 დაფარება), ლუისი (11+6 მოხსნა), ნელსონი (10+5 პასი), რედიკი (10).



ვის დარჩება ჰორნეტსი?
ბოლო დროს ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიერ შეძენილი "ჰორნეტსი" უახლოეს პერიოდში ქალაქს შეიცვლის. ეს გუნდი ნიუ ორლეანიდან, შესაძლოა, სიეტლში, კანზას-სიტიში, ლას ვეგასში, ანაჰაიმში, სან ხოსეში ან ჩიკაგოში შეიძლება გადავიდეს. გუშინ, ამ სიას დაემატა შტატ კენტუკის ყველაზე დიდი ქალაქი - ლუისვილი. NBA-ის კლუბის მიღების სურვილი გამოთქვა ლუისვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ბრიუს მილერმა.

გაზეთ Courier Journal-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მდიდარი ინვესტორი მზად არის ლუისვილისთვის გუნდის შესაძენად, თანაც დაახლოებით 20 ბიზნესმენი გამოთქვამს "ლუისლივ ჰორნეტსის" აქციონერობის სურვილს.

"არსებობს NBA-ის კლუბის მიღების ორი ხერხი - შეიძინო უკვე მოქმედი კლუბი ან ჩამოაყალიბო ახალი. მაგრამ ერთიც და მეორეც არარეალურია, თუ ზურგს მდიდარი ინვესტორი არ გიმაგრებს. ჩვენთან კი გვყავს მილიარდერი - მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მას უნდა, რომ დიდი კალათბურთი ლუისვილშიც იყოს", - აცხადებს მილერი, რომელიც ადრე ლუისვილში "როკეტსის", "გრიზლისისა" და იმავე "ჰორნეტსის" გადატანის წარუმატებელ კამპანიებში მონაწილეობდა.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული