NBA: მუდმივი რეკორდები

AutoSharing Option
კლეი ტომპსონის რეკორდზე ბევრი დაიწერა - "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა ერთ მეოთხედში 37 (!) ქულა დააგროვა და რთული წარმოსადგენია, რომ ოდესმე ეს რეკორდი ვინმემ გააუმჯობესოს. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ არის რამდენიმე ისეთი მიღწევა, რომელსაც "მუდმივს" უწოდებენ. ვებგვერდი Bleacherreport-ი 15 ასეთი რეკორდის სიას გვთავაზობს.

15. მარკ იტონი
სეზონში დაფარებების საშუალო რაოდენობა: 5.6
დღეს ყველა აღფრთოვანებულია დაცვაში დუაიტ ჰოვარდის თამაშით. რა თქმა უნდა, "ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი მართლაც ძლიერი მოთამაშეა, ფიზიკურად ძლიერი და თან ჭკვიანი, მაგრამ მარკ იტონამდე მას ბევრი უკლია (ჰოვარდის საუკეთესო მაჩვენებელი
საშუალოდ სეზონში 2.9 დაფარებაა - 2008-09 წლების სეზონი). 224 სანტიმეტრის სიმაღლის მარკი ფარქვეშ საშიში ძალა იყო. ხანდახან მეტოქე სასაცილოდ გამოიყურებოდა - იტონი არავის აძლევდა სროლის საშუალებას და თითქოს ყველა დარტყმას აფარებდა.

14. რაშიდ უოლასი
სეზონში ტექნიკური პერსონალურების რაოდენობა: 41

უოლასი მართლაც მაღალი კლასის კალათბურთელი იყო, მაგრამ პირველი, რაც გონებაში რაშიდის სახელის წარმოთქმისას მოგდის - მისი საქციელი იყო. ძირითადად, მის გამო შემოიღო ლიგამ წესი, რომელიც კალათბურთელს მსაჯის გადაწყვეტილებაზე ემოციების გამოხატვას უკრძალავს. საინტერესოა, რამდენ პერსონალურს მიიღებდა რაშიდი, ახალი წესებით რომ ეთამაშა? რთული წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში უოლასის ეს "მიღწევა" (2000-01 წლების სეზონი) ვინმემ გააუმჯობესოს.

13. რობერტ პერიში
ჩატარებული მატჩების რაოდენობა: 1611

"ბოსტონის" ცენტრს ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა და უამრავი მატჩის ჩატარება მოასწრო. მთავარია, რომ ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და სკამზე დიდხანს ჯდომა არ უწევდა. იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად დიადია პერიშის რეკორდი, სხვა მოთამაშეების მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობას შემოგთავაზებთ: მეორე ადგილზე მყოფ ქარიმ-აბდულ ჯაბარს 51 მატჩით ნაკლები აქვს; სახელგანთქულ კარლ მელოუნს, რომელიც თითქოს მუდმივად თამაშობდა, პერიშის რეკორდამდე 135 მატჩი დააკლდა.

ახლა ისიც გავიხსენოთ, რომ პერიშის სიმაღლე 213 სანტიმეტრი იყო, ასეთი მოთამაშეები კი, როგორც წესი, კარიერას გაცილებით ადრე ასრულებენ, ვიდრე უფრო ტანდაბალი კალათბურთელები. ეს ფიზიოლოგიასთან არის დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, ტრავმების რაოდენობასთან.

12. ხოსე კალდერონი
სეზონში ჯარიმების გამოყენების პროცენტი: 98.1

2008-09 წლების სეზონში "ტორონტოში" მოთამაშე კალდერონი თითქმის არ ცდებოდა საჯარიმოს ხაზიდან. მან ფანტასტიკური შედეგი დააფიქსირა - 154 ჯარიმიდან კალათში 151 მოათავსა.

11. სკოტ სკაილზი
შედეგიანი პასების რაოდენობა მატჩში: 30

სკაილზი დიადი კალათბურთელების რიცხვში არასოდეს შეუყვანიათ, მაგრამ მას ერთი გრანდიოზული მიღწევა ეკუთვნის. 1990 წელს, მაშინ "ორლანდოს" შემადგენლობაში მოთამაშე სკაილზმა "დენვერთან" მატჩში ჯადოსნურად ითამაშა. მისი დახმარებით გუნდმა 155 ქულა დააგროვა, მაგრამ ეს მატჩის შემდეგ ცოტა ვინმეს თუ აღელვებდა - ყველა აღფრთოვანებული იყო სკოტის მიღწევით.

10. უილტ ჩემბერლენი
ზედიზედ მატჩების რაოდენობა, რომელშიც კალათბურთელი 30 ან მეტ ქულას აგროვებდა: 65

ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა მივიჩნიოთ ჩემბერლენი ამ თამაშის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელად - ერთ-ერთი სწორედ ეს რეკორდია. დღეს არარეალურია იმის წარმოდგენა, რომ კალათბურთელმა თითქმის მთელი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში ასე შედეგიანად ითამაშოს. ამბობენ, რომ უილტის დროს მოთამაშეების საერთო დონე უფრო დაბალი იყო, ვიდრე დღეს, მაგრამ ეს მოსაზრება ჩემბერლენის ამ ბრწყინვალე რეკორდს ჩრდილს ვერ აყენებს.

9. ლეიკერსი 1971-72
ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა: 33

მაშინ "ლეიკერსს" ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავდა და ეს რეკორდიც ამიტომ არ არის გასაკვირი. იმ წელს ჯერი უესტმა და კომპანიამ ზედიზედ მოგებათა რეკორდის გარდა, სეზონში გამარჯვებათა რაოდენობითაც ახალი ორიენტირი დააფიქსირა (69 მოგება, რომელიც მოგვიანებით "ჩიკაგომ" გააუმჯობესა). არც ის იყო გასაკვირი, რომ "ლეიკერსი" საბოლოოდ ჩემპიონი გახდა.

8. ოსკარ რობერტსონი
სასეზონო სამმაგი დუბლი: 30.8 ქულა, 12.5 მოხსნა, 11.4 პასი

1961-62 წლების სეზონში რობინსონმა, უბრალოდ, გენიალურად ითამაშა. ამ სასეზონო სამმაგი დუბლის გარდა, ოსკარს სხვა ბრწყინვალე სტატისტიკური მიღწევები ჰქონდა: ჯარიმების საშუალო რაოდენობა მატჩში - 11 (რეალიზაციის პროცენტი - 80.3); თამაშში ტყორცნების საშუალო რაოდენობა - 22.9 (რეალიზაციის პროცენტი - 47.8). ალბათ, ყველა მწვრთნელი იოცნებებდა ასეთი კალათბურთელის გუნდში ყოლას.

7. ჯონ სტოქტონი
შედეგიანი პასების რაოდენობა კარიერაში: 15 806

ჯონ სტოქტონის მიერ შესრულებული შედეგიანი გადაცემების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია მისი თუნდაც ერთი კონკურენტის დასახელება. მცველებს შორის "იუტას" გამთამაშებელთან ყველაზე ახლოს ჯეისონ კიდი იმყოფება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ორ კალათბურთელს შორის სხვაობა დაახლოებით 4 ათასი პასია.

6. ქარიმ აბდულ-ჯაბარი
ქულების რაოდენობა კარიერაში: 38 378

როგორც ჩანს, ქარიმ აბულ-ჯაბარს ყველაზე კარგად შეეძლო ფარში სროლა, რადგან მის ფანტასტიკურ შედეგს ვერავინ მიუახლოვდა. ეჭვგარეშეა, რომ ეს რეკორდი კიდევ დიდხანს იცოცხლებს, რადგან მას თვით მაიკლ ჯორდანმაც ვერაფერი მოუხერხა და 32 292 ქულაზე გაჩერდა. იქნებ კობი ბრაიანტმა სცადოს რეკორდის მოხსნა, თუმცა "შავ მამბას" "ლეიკერსის" მეორე ლეგენდამდე ჯერ ძალიან ბევრი უკლია.

5. ჩიკაგო
სეზონში მოგებების რაოდენობა: 72

კარგი გუნდისთვის ნორმალური მაჩვენებელია სეზონში 60-65 გამარჯვება. ის, რაც მაიკლ ჯორდანმა და მისმა გუნდმა გააკეთეს, ფანტასტიკას ჰგავს. ეს რეკორდი კიდევ დიდხანს იქნება ისტორიაში და მის დამხობას ისეთივე დიადი გუნდი შეძლებს, როგორიც "ჩიკაგო" იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში.

4. ეი სი გრინი
ერთი კალათბურთელის მიერ ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობა: 1 192

ეი სი გრინი მართლაც "რკინის კაცი" აღმოჩნდა. რთული დასაჯერებელია, რომ ამ კალათბურთელმა 14 სეზონზე მეტი ტრავმისა და თამაშის გამოტოვების გარეშე ითამაშა. ასეთი რამ დღეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს არის მაგალითი ადამიანისა, რომელიც სამუშაოს ყველაფერზე მაღლა აყენებს.

3. უილტ ჩემბერლენი
სადებიუტო სეზონში ერთ მატჩში ქულების საშუალო რაოდენობა: 50.4

ამ მიღწევის უკომენტაროდ დატოვება შეიძლება. დღეს რთული წარმოსადგენია, რომ რომელიმე ახალბედამ საშუალოდ მატჩში 50 ქულა ჩააგდოს. ამიტომაც კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ჩემბერლენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა კალათბურთის ისტორიაში.

2. ბილ რასელი
ერთი კალათბურთელის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობა: 11

რასელის დროს ასეთი ფრაზა იყო პოპულარული - "ტიტულს იგებს დაცვა". და მართლაც, ბრწყინვალე დაცვის მქონე "ბოსტონმა" 13 სეზონში 11 ტიტული მოიგო, რასელი კი ზედიზედ ათი სეზონის განმავლობაში საშუალოდ მატჩში ოცზე მეტი მოხსნას აგროვებდა.

1. უილტ ჩემბერლენი
ერთ მატჩში ქულების რაოდენობა: 100

ფაქტია, რომ ამ რეკორდს კიდევ დიდი ხანი ვერავინ მიუახლოვდება. 2006 წელს კობი ბრაიანტმა "ტორონტოსთან" მატჩში დიად შედეგს მიაღწია - 81 ქულა დააგროვა, მაგრამ ეს მთელი 19 ქულით ნაკლები იყო უილტის შედეგზე. სამწუხაროა, მხოლოდ ოთხი ათასმა ადამიანმა უყურა იმას, როგორ მიაღწია სამნიშნა რიცხვს ჩემბერლენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდმა რა ხანია დაანება უკვე თამაშს თავი. რანაირად არის მოქმედი მცველი?
fraternity
11:11 06-02-2015
0
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ტანმაღალი კალათბურთელები ფიზიოლოგიის გამო ნაკლებს ძლებენო და პირველი სამეული ჩატარებულ მატჩებში ასე გამოიყურება: 1. პერიში; 2. ჯაბარი; 3. კარლ მელოუნი. რომელი ერთი იყო ამათგან დაბალი?
თემო
13:50 06-02-2015
0

სიახლეები პოპულარული