მსოფლიოში ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი იღუპება ნარკოტიკების მოხმარების გამო. საერთოდ, ნარკოტიკი რთული საკითხია - ის ერთ ადამიანს მკვლელად აქცევს, მეორეს - მსხვერპლად.
ამერიკაში არსებობს ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის ძალიან მკაცრი მეთოდები და ასევე მკაცრად იბრძვიან ადამიანების ამ სენისგან განკურნებისთვის. მაგალითად, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ნახევარ წელიწადში ერთხელ ტარდება აუცილებელი შემოწმება მოთამაშეთა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის არსებობაზე.
მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდულობით მსოფლიოს საუკეთესო ლიგის კალათბურთელებს მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკს უპოვნიან ხოლმე: ხან ზაკ რენდოლფი გაეხვევა სკანდალში, ხან მარიო ჩელმერსი და დარელ არტური მოწევენ მარიხუანას და ისე გაბუღავენ სასტუმროს
* * *
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ასეთი მკაცრი კონტროლი არ არსებობდა და ნარკოტიკების გამო "ბოსტონ სელტიქსმა" ორი კალათბურთელი დაკარგა, რომლებიც ლარი ბერდის, ბილ რასელის ან პოლ პირსის მსგავსად გუნდის სიმბოლოები უნდა გამხდარიყვნენ. ლაპარაკია რეჯი ლუისსა და ლენ ბაიასზე.
სავსებით შესაძლებელია, რომ NBA-ის ისტორიაში ნარკოტიკების ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლი გახდა ლენ ბაიასი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია იმათგან, ვისაც არასოდეს უთამაშია პროფესიულ დონეზე. მისმა ბავშვობამ და ჭაბუკობამ მერილენდში ჩაიარა: ამ შტატში ერჩივნათ მისთვის მიებაძათ და არა მაიკლ ჯორდანისთვის. სანამ მათ ერთდროულად არ იხილავდნენ მოედანზე, შეუძლებელი ჩანდა იმის გარკვევა, ვინ უკეთესი იყო - მაიკლი თუ ლენი. ასევე ადარებდნენ ერთმანეთს ბაიასსა და მეჯიქ ჯონსონს: 203 სანტიმეტრი და გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშის უნარი, დაუჯერებელი ათლეტიზმი, მოედნის ხედვა... მოედანზე ის ნამდვილი მხეცივით იყო, მაგრამ მოედნის მიღმა ვერ იპოვნიდით მასზე კეთილ ადამიანს. ცხვირი მაღლა არასოდეს აუწევია, არ კამათობდა მწვრთნელთან და პარტნიორებთან - ყველა ამბობდა, რომ ამერიკულ კალათბურთში ახალი ვარსკვლავი იზრდებოდა.
1986 წლის 17 ივნისს, ნიუ იორკში "სელტიქსის" პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა რედ აუერბახმა დერალდ ჰენდერსონისა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ "სიეტლიდან დრაფტის მეორე ნომრის არჩევანი შეიძინა. ასე ჩაიგდო ხელში ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ეს უნიჭიერესი კალათბურთელი. დრაფტის შემდეგ ლენი ოჯახთან ერთად მერილენდში დაბრუნდა. მომდევნო დღეს კალათბურთელი ბოსტონში გაემგზავრა და "სელტიქსთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. იმავე დღეს გაფორმდა სამმილიონიანი ხელშეკრულება კომპანია "რიბოკთან".
ვაშინგტონში ბაიასი გვიან საღამოს დაბრუნდა და კოლეჯის მეგობრებთან ერთად "საშიში" რაიონებისკენ გასწია - ნარკოტიკების შესაძენად და NBA-ში მოხვედრის "სათანადოდ" აღსანიშნავად. ამის შემდეგ საერთო საცხოვრებლისკენ დაიძრა, რომელიც ოთხი წელი მისი მშობლიური სახლი იყო. ღამით, უახლოეს მაღაზიაში ალკოჰოლის შეძენისას, მაღაზიის მეპატრონეს ავტოგრაფი დაუტოვა ციფრით "30" - სწორედ ეს ნომერი აიღო ახალ კლუბში ბაიასმა.
არსებობს იმ ღამით მერილენდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მომხდარის რამდენიმე ვერსია, მაგრამ ფაქტია, რომ დილის 6 საათსა და 30 წუთზე 911-ე ნომრიდან ზარი გაისმა. ლენის ძველმა მეგობარმა ბრაიან ტრიბლმა ტელეფონის ყურმილში თქვა: "ჩემს გვერდით ლენ ბაიასია. ის არ სუნთქავს". მოთამაშის აგენტმა თავისი კავშირები გამოიყენა და იმას მიაღწია, რომ ლენი საავადმყოფოში სამხედრო ვერტმფრენით გადაიყვანეს. 8 საათსა და 51 წუთზე ექიმებმა კოკაინის ზედმეტი დოზის გამო გულის გაჩერება დააფიქსირეს.
ამ ამბავმა მთელი ამერიკა შეძრა. პირველი, ვინც ლენის მშობლებს ყვავილები გაუგზავნა, მაიკლ ჯორდანი იყო. ამ ტრაგედიამ მოთამაშეთა შემოწმების მთელი ტალღა გამოიწვია - NBA-ის ყველა კალათბურთელი სისხლში ნარკოტიკების შემცველობაზე შეამოწმეს. ყოველი დარღვევისთვის მოთამაშეებს აჯარიმებდნენ და დისკვალიფიკაციას აძლევდნენ. თანაც ეს შემოწმება შეეხო არა მხოლოდ NBA-ის, არამედ კოლეჯის კალათბურთელებსაც: რამდენიმე თვის განმავლობაში მარტო UCLA-დან ათი კაცი გარიცხეს, რომელთა შორის ამ სასწავლებლის საკალათბურთო გუნდის წევრებიც იყვნენ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტელეფონების მოსმენის ნებართვა მიიღო, მაგრამ ამ შემოწმებებმაც ვერ ააცილა "სელტიქსს" მეორე ტრაგედია.
* * *
რეჯი ლუისი 1965 წელს ბალტიმორში დაიბადა, 1981 წელს დანბერის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა, რომლის შემადგენლობაშიც ორი წელი დევიდ უინდგეიტთან ერთად ბრწყინავდა: ორ სეზონში "დანბერ პოეტსმა" 60 მატჩი მოიგო და ერთხელაც არ დამარცხებულა. 1983 წელს ლუისმა ბოსტონის ჩრდილო-აღმოსავლეთ უნივერსიტეტში გააგრძელა გამოსვლა - ამ სასწავლებლის გუნდში სამი წელი თამაშიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი სათამაშო ნომერი ხმარებიდან ამოეღოთ და მაისურა "მეტიუზ არენას" ("ბოსტონ სელტიქსის" საშინაო არენა 1946 წლიდან) თაღზე დაეკიდათ.
1987 წლის დრაფტზე ლუისი "სელტიქსმა" 22-ე ნომრად აირჩია და არ შემცდარა: თუ პირველი სეზონი რეჯიმ სუსტად ჩაატარა, უკვე მეორე წელს სეზონის ნახევარზე მეტი სასტარტო ხუთეულში გაატარა, მალე კი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი გახდა. 20.8 ქულა, 4.3 მოხსნა, 3.7 შედეგიანი პასი საშუალოდ - საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებლებია. 1992 წელს რეჯი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მიიწვიეს, სადაც 15 წუთი სათამაშო დრო მისცეს - იმის გათვალისწინებით, ვინ თამაშობდა აღმოსავლეთის გუნდში მის პოზიციაზე, ეს 15 წუთი მეტად დამაჯერებლად მოჩანდა.
რეჯის გულთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ გაზაფხულზე აღმოუჩინეს - 1993 წლის პლეი ოფის პირველი წრის რაუნდის დროს. "შარლოტთან" მატჩის მსვლელობისას ექიმებმა ლუისი ხელში აყვანილი გაიყვანეს მოედნიდან. ხოლოდ 1993 წლის 27 ივლისს, ერთ-ერთი წინასასეზონო ვარჯიშის დროს ლუისი გულის შეტევით პირდაპირ მოედანზე გარდაიცვალა.
ლუისის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს - ექიმებმა ნეკროლოგში გულის გაჩერების მიზეზად სწორედ ეს ჩაწერეს. ყველაზე გასაოცარი კი შემდეგია: როგორც რეჯის მეგობრებმა აღიარეს, "სელტიქსის" მოთამაშემ ნარკოტიკების მიღება საყვარელ გოგონასთან განშორების გამო სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. გაუგებარია, როგორ გამოეპარათ ეს ფაქტი ექიმებს.
ლუისის საპატივცემულოდ "სელტიქსმა" მისი 35-ნომრიანი მაისურა ამოიღო ხმარებიდან - ის მეორე კალათბურთელი გახდა "ბოსტონის" ისტორიაში, ვისაც ასეთი პატივი საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების გარეშე ერგო.
ლენი და რეჯი "სელტიქსის" ლიდერები უნდა გამხდარიყვნენ. ბაისის გარეშე "ბოსტონმა" 1986-87 წლების სეზონი 59 მოგებითა და 23 წაგებით დაასრულა, მაგრამ ტრავმებმა თავისი გააკეთეს და "კელტებმა" "ლეიკერსთან" ფინალი წააგეს. რეალურად, ეს დასასრულის დასაწყისი იყო - "ბოსტონის" დიდი ტრიო" 1994 წელს დაიშალა, ლუისი და ბაიასი კი, რომლებსაც პერიში, ბერდი და მაკჰეილი უნდა შეეცვალათ, ერთად არასოდეს გასულან მოედანზე.
.