ამერიკულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ჭორები კლუბებს შორის მოსალოდნელი გარიგებების შესახებ. ამჯერად, ყურადღების ცენტრში მოექცა მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". კერძოდ, კალიფორნიული კლუბის სამწვრთნელო შტაბი "ვაშინგტონ უიზარდსის" გამთამაშებლის კირკ ჰაინრიხის გადაბირების ვარიანტს განიხილავს. ეს ჭორი "ლეიკერსის" გენერალური მენეჯერის მიტჩ კუპჩაკის ბოლო განცხადების შემდეგ გავრცელდა. კერძოდ, კუპჩაკმა სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე (24 თებერვალი) თავისი გუნდის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
"მომწონს მიტჩის პოლიტიკა. ის რეალურად ზრუნავს გუნდის შედეგებზე. ახლა მზად ვართ ნებისმიერი ტრეიდის განსახილველად", - განაცხადა "ლეიკერსის" დამრიგებელმა ფილ ჯექსონმა.
ფილი ყოველთვის
* * *
ამასობაში, სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია ESPN-ის ოფიციალურმა ვებვერდმა. ამ ცნობის თანახმად, გაცვლა მოითხოვა "ლეიკერსის" ძირითადმა ფორვარდმა რონ არტესტმა.
როგორც ამბობენ, არტესტს არ მოსწონს მისი თამაშის მიმართ ფილ ჯექსონის დამოკიდებულება. კერძოდ, ფორვარდი უკმაყოფილოა იმით, რომ მწვრთნელმა შეტევაში მოქმედება შეუზღუდა. რონი მიჩვეულია ლიდერობას, როგორც ეს "ინდიანასა" და "ჰიუსტონში" იყო.
გარდა ამისა, ESPN არტესტის წასვლის სავარაუდო მიზეზად წლევანდელ სეზონში მისი თამაშის მუდმივ კრიტიკას ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ არტესტმა "ჰიუსტონთან" ბოლო მატჩის მეოთხე მეოთხედში მხოლოდ 5 წამი დაჰყო მოედანზე.
თუმცა მოგვიანებით სკანდალურად ცნობილმა ფორვარდმა უარყო ESPN-ის ინფორმაცია და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
დირკი გერმანიაში დაბრუნდება
არაერთხელ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩაშლის პირას არის მისული 2011-12 წლების სეზონი. თუ ლიგის ხელმძღვანელობა და მოთამაშეთა პროფკაშირი ზაფხულამდე ვერ შეათანხმებენ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების დეტალებს, მომავალ წელს რეგულარული ჩემპიონატი არ გაიმართება.
თუმცა დირკ ნოვიცკი შორს არის ბოლო დროს ატეხილი ისტერიისგან და ლოკაუტის თემაზე მშვიდად ლაპარაკობს.
"თუ ლოკაუტი დროში გაიწელა, ყველა ვარიანტის მოსინჯვა მომიწევს. არ მინდა მთელი წლის დაკარგვა. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, - ამბობს "დალას მავერიქსის" ლიდერი. - არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომაც დღეს ყველანაირი ლაპარაკი და აზრის გამოთქმა - მხოლოდ წმინდა წყლის სპეკულაციაა. არ გამოვრიცხავ სამშობლოში დაბრუნების ვარიანტს".
NBA ლას ვეგასში მიდის?
ლას ვეგასში 40-ათასიან სტადიონს აშენებენ, რომელზეც შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ჰოკეის მატჩების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, წარმოიშვა მოსაზრება თითქოს ეს ქალაქი NBA-ის ერთ-ერთ გუნდზე აცხადებს პრეტენზიას.
ახალი არენის აღმასრულებელი დირექტორი კრეიგ კავილიერი ვერ აზუსტებს რა კონკრეტული მიზნებისთვის შენდება სტადიონი, თუმცა ლას ვეგასში პროფესიული გუნდის ჩამოყალიბების იმედს არ კარგავს.
"ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. როცა პროექტის იდეა გაჩნდა, მაშინ სერიოზულად ვფიქრობდით, რომ ახალ არენაზე რომელიმე პროფესიული გუნდი ითამაშებდა. სტადიონი ამ გეგმის განხორციელების კარგი საშუალებაა და ძალიან გვინდა ჩვენს ქალაქში არსებობდეს NBA-ის ან NHL-ის გუნდი", - ამბობს გენერალური მენეჯერი.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომამდგენელმა ტიმ ფრენკმა განაცხადა, რომ იცის ამ პროექტის შესახებ, მაგრამ ჯერ უარს ამბობს კომენტარზე.
გუდენი ერთი თვე დაისვენებს
"მილუოკი ბაქსმა" დიდი ხნით დაკარგა მძიმე ფორვარდი დრიუ გუდენი. კერძოდ, ფეხის ტრავმის გამო ეს კალათბურთელი დაახლოებით 4-6 კვირა ვერ შეძლებს თამაშს. როგორც კლუბის გენერალური მენეჯერი ჯონ ჰემონდი ამბობს, გუდენი მკურნალობის კურსს ლოს ანჯელესში გაივლის.
ტრავმის გამო დრიუმ ამ სეზონში 21 მატჩი გამოტოვა, მათ შორის - ბოლო ექვსი. 25 მატჩში მისი სტატისტიკური მონაგარი 10.8 ქულასა და 6.5 მოხსნას შეადგენდა.
ახალი ფორმებით ოლ სტარზე
პირველად "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ისტორიაში მოთამაშეები ახალ სათამაშო ფორმას - შემოტმასნილ მაისურებს გამოიყენებენ. ამ ინიციატივით გამოვიდა ლიგის ტექნიკური სპონსორი, რომელიც NBA-ის ყველა კლუბს სათამაშო ფორმით ამარაგებს.
ლიგაში ბევრ კალათბურთელს ადრეც გამოუყენებია ე. წ. კომპრესირებული მაისური, რომელიც მუცლისა და ზურგის კუნთების ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს, ამიტომაც ამ სიახლესთან შეგუება არ გაუჭირდებათ. უბრალოდ, მოთამაშეებს აღარ დასჭირდებათ ახალი თაობის მაისურზე ზემოდან ჩვეულებრივი ფორმის ჩაცმა.
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ნებისმიერ მონაწილეს არჩევანის საშუალება ექნება - ითამაშოს ტრადიციული თუ კომპრესირებული მაისურით.