სუპერმენამდე ჯერ ადრეა

AutoSharing Option

რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა "სან ანტონიომ" კლასის ხარჯზე მორიგ გამარჯვებას მიაღწია. "სპურსს" სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია "დეტროიტის" მხრიდან. თითქოს მასპინძლები მატჩის დიდი ნაწილი ღირსეულად ებრძოდნენ ფავორიტს, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ტექსასელთა სათამაშო რეზერვი - გრეგ პოპოვიჩის გუნდს ნებისმიერ მომენტში შეეძლო თამაშის მომატება. სტუმრების ძალა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა, როცა "სან ანტონიოს" აწყობილი მანქანა უფრო აგრესიულად ამოქმედდა.

პირველ რიგში, ეს დაცვის თამაშს ეხება. ერთადერთი, ვისაც სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს, უილ ბინუმი იყო. ამ გამთამაშებლის შედეგიანი თამაში "დეტროიტის" ერთადერთი იმედი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა

მაინც ჯინობილიმ და კომპანიამ თქვეს. არგენტინელმა დროულად აიღო საკუთარ თავზე ინიციატივა და ნერვული ფინალი აიცილა თავიდან.

რთული მატჩი ჰქონდა გუშინ "მაიამის". ვინ იფიქრებდა, რომ "ინდიანა" ასეთ ბრძოლას გაუმართავდა აღმოსავლეთისა და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ ფავორიტს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ "პეისერსმა" ახალი მწვრთნელის ფრენკ ვოგელის მეთაურობით ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და "ჰიტთან" შეხვედრას კარგი განწყობით შეხვდა.

შეხვედრის დებიუტი ფლორიდელებს უკეთესი გამოუვიდათ. ლებრონ ჯეიმსის შესანიშანვი თამაშის წყალობით "ჰიტი" კომფორტულ უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ როგორც კი "მეფე" დასასვენებლად გაემართა, "პეისერსმა" შთამბეჭდავი გაქცევა მოაწყო. ჰიბერტის, გრეინჯერისა და ჰენსბროს მონდომებით, მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთითა და 4 წამით ადრე "ინდიანა" 13 ქულით იყო წინ - 94:81. როგორც კი "მაიამი" საფრთხის წინაშე დადგა, მაშინვე თამაში თავის თავზე ლებრონმა აიღო. მან და მისმა პარტნიორებმა ბოლო მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 15 ქულა დააგროვებინეს (თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია 28 პროცენტს უდრიდა), თავად კი 12-ით მეტი ქულა აიღეს და გამარჯვებათა სერია შვიდამდე აიყვანეს.

ლებრონმა 41 ქულა დააგროვა. მან თამაშიდან 23-ჯერ ისროლა და აქედან 15 ზუსტი იყო, ხუთიდან ორი სამქულიანი გამოიყენა და 13-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, "მეფეს" ანგარიშზეა 13 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება. აგრეთვე გადამწყვეტი ტყორცნა საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე და ორი გამოყენებული საჯარიმო 6 წამით ადრე. სხვათა შორის, ჯეიმსი ბოლო 20 მატჩში 29.6 ქულას, 8.6 მოხსნასა და 7.5 შედეგიან პასს აგროვებს, "ჰიტმა" კი ამ ოციდან 17 შეხვედრა მოიგო.

ძალიან საინტერესო დუელს ელოდნენ ფლორიდაში - დუაიტ ჰოვარდი ბლეიკ გრიფინის წინააღმდეგ. ეს კალათბურთელები ჩატენების მიხედვით სეზონის ლიდერები არიან, მაგრამ ამჯერად ბრძოლა არ შედგა. "ორლანდომ" ძალიან უნარიანად დაიცვა თავი კალიფორიელი დებიუტანტის წინააღმდეგ და გასაქანი არ მისცა მას. გრიფინმა 12 ტყორცნიდან მხოლოდ ოთხი გამოიყენა და ჯამურ 10 ქულას 12 მოხსნა დაუმატა. თავის მხრივ, "სუპერმენი" განუმეორებელი იყო. მან 22 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. ეს მისთვის მეხუთე მატჩია სეზონში, როცა მინიმუმ 20 ქულა და მოხსნა მიითვალა. ახლა ასეთი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი დუაიტს კარიერაში 31 აქვს. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლით ჰოვარდი მხოლოდ ჩარლზ ბარკლის, შაკილ ო'ნილსა და ჰაკიმ ოლაჟუონს ჩამორჩება. რაც შეეხება შეხვედრას, ინტრიგა ბოლო მეოთხედამდე შენარჩუნდა, მაგრამ დასკვნითი 12 წუთი "ჯადოქრებმა" 35:20 მოიგეს.

მოულოდნელი იყო სტუმრად "მემფისის" გამარჯვება "ოკლაჰომასთან", მით უმეტეს, რომ "დათვებს" წამყვანი მოთამაშე რუდი გეი არ ჰყავდათ. პირველი ნახევარი "მემფისს" კარგს არაფერს უქადდა. რასელ უესტბრუკსა და კევინ დურანტს დამაჯერებლად მიჰყავდათ საკუთარი გუნდი მორიგ გამარჯვებამდე, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.

გეის როლი ტონი ალენმა იტვირთა, რომელიც არმარტო შეტევაში შედეგიან თამაშს, არამედ დაცვაში მუშაობასაც ასწრებდა. ძირითადი დრო მთავრდებოდა, როცა ალენმა ბოლო შეტევაში დურანტს დაუფარა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით ხუთ წუთში თავი შეგვახსენა "მემფისის" კიდევ ერთმა ლიდერმა ზაკ რენდოლფმა. ბოლოს მისმა ზუსტმა ტყორცნებმა გადაწყვიტა სტუმრების სასარგებლოდ მატჩის ბედი.

ატლანტა-ფილადელფია 83:117
15:33, 18:32, 25:23, 25:29
ა: სმიტი (16+7 პასი+5 მოხსნა), უილკინსი (12), უილიამსი (10+10 მოხსნა), ტიგი (10).
ფ: უილიამსი (20), ბრენდი (17+5 მოხსნა), მიქსი (16+8 მოხსნა), იანგი (16+8 მოხსნა), ჰოლიდეი (15), იგუოდალა (11+8 პასი+7 მოხსნა).
ორლანდო-კლიპერსი 101:85
21:23, 21:23, 24:19, 35:20
ო: ჰოვარდი (22+20 მოხსნა), ნელსონი (17), ანდერსონი (13+5 მოხსნა), რედიკი (12+6 მოხსნა), რიჩარდსონი (10), კლარკი (10).
კ: დევისი (25+8 მოხსნა+8 პასი), დიოგუ (18+5 მოხსნა), გრიფინი (10+12 მოხსნა).
დეტროიტი-სან ანტონიო 89:100
25:26, 26:26, 15:19, 23:29
დ: ბინუმი (21), მონრო (14+13 მოხსნა), პრინსი (12+5 მოხსნა), დეი (10+6 მოხსნა), სტაკი (10).
ს-ა: პარკერი (19+7 პასი), ბლეირი (18+12 მოხსნა), ჯინობილი (13+6 პასი+5 მოხსნა) ჯეფერსონი (11), დანკანი (10+10 მოხსნა), ბონერი (10).
მაიამი-ინდიანა 117:112
33:29, 30:37, 27:31, 27:15
მ: ჯეიმსი (41+13 მოხსნა+8 პასი), ბოში (19+7 მოხსნა), უეიდი (17+7 პასი), ჩელმერსი (16).
ი: ჰიბერტი (20+10 მოხსნა), გრეინჯერი (19), ჰენსბრო (18), კოლისონი (15+8 პასი+5 მოხსნა), მაკრობერტსი (12), ჯონსი (10).
მილუოკი-ტორონტო 92:74
24:17, 16:21, 26:20, 26:16
მ: სალმონსი (17+6 მოხსნა), მაგეტი (16+9 მოხსნა), ბოგუტი (14+5 მოხსნა+5 დაფარება), ჯენინგსი (12), მბა ა მუტე (10+14 მოხსნა).
ტ: ბარნიანი (23+5 მოხსნა), დეროზანი (18+7 მოხსნა).
ოკლაჰომა-მემფისი 101:105 (ო)
27:24, 27:20, 17:30, 24:21, 6:10
ო: დურანტი (31+10 მოხსნა), უესტბრუკი (21+11 პასი+5 მოხსნა), ჰარდენი (13), იბაკა (6+14 მოხსნა).
მ: რენდოლფი (31+14 მოხსნა), ალენი (27+5 ჩაჭრა), იანგი (14), კონლი (13), გასოლი (12+5 მოხსნა).
ჰიუსტონი-მინესოტა 108:112
29:27, 24:29, 32:27, 23:29
ჰ: მარტინი (23), ლი (23), სკოლა (22+7 მოხსნა), ლოური (14), ჰეიესი (10+13 მოხსნა+5 ჩაჭრა).
მ: ლავი (20+14 მოხსნა), ელინგტონი (18), ფლინი (15+7 პასი), ტელფეირი (14), ჯონსონი (13+6 მოხსნა), ბრიუერი (10), ტოლივერი (4+10 მოხსნა).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული