ჯერი სლოუნის გადადგომამ ერთგვარად დაჩრდილა გუშინდელი სათამაშო დღის მთავარი მატჩი - სეზონში მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები - "ლეიკერსი" და "ბოსტონი". მატჩის წინ მოთელვაზე კამერები რეი ალენისკენ იყო მიმართული. "სელტიქსის" ვეტერან მცველს ორი ზუსტი სამქულიანი სჭირდებოდა აბსოლუტური რეკორდის დასამყარებლად.
პირველი შორეული ტყორცნა ალენმა ააცილა. თუმცა მანამდე "სელტიქსის" მე-20 ნომერმა საშუალო მანძილიდან ორჯერ ჩააგდო. სტუმრების რიგებში სხვებზე აქტიური გასოლი იყო. საერთოდ, მატჩის დებიუტი მშვიდი და თანაბარი გამოვიდა. მეტოქეები ფრთხილ თამაშს ამჯობინებდნენ
თამაშის დაწყებიდან 7 წუთისა და 46 წამის შემდეგ "გარდენში" საშინელი ღრიანცელი ატყდა. მასპინძლებმა ხუთქულიან უპირატესობას მიაღწიეს, მაგრამ ეს ყვირილი სხვა მიზეზით იყო - ალენმა ჩააგდო მატჩში პირველი და კარიერაში 2560-ე სამქულიანი - ის ამ მაჩვენებლით რეჯი მილერს დაეწია. შემდეგ შეტევაში მან აბსოლუტური რეკორდსმენობა მოინდომა, მაგრამ ააცილა. თუმცა რეკორდი მაინც პირველ მეოთხედში შედგა. მასპინძლებმა ბურთი ჩაჭრეს, რაჟონ რონდომ ფარქვეშ შესვლა გადაიფიქრა და სამქულიანის ხაზთან მდგომ ალენს გადააწოდა. ისტორიული ტყორცნა ზუსტი იყო! დამყარდა "სამუდამო" რეკორდი! ყოფილი რეკორდსმენი რეჯი მილერი მატჩს კომენტარს უკეთებდა. ის თავისი ადგილიდან წამოდგა და რეის ხელი ჩამოართვა. თვით კობი ბრაიანტმაც მიულოცა წარმატება თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგეს.
"ვიცოდი, რომ ორი შორეული ტყორცნა მჭირდებოდა რეკორდის დასამყარებლად, მაგრამ მეორე ტყორცნის შემდეგ ბურთი ისე ნელა მიფრინავდა, მეგონა ტელევიზორში გამეორებას ვუყურებდი. როცა ჩავარდა გავიფიქრე - ახლა კი მართლა რეკორდსმენი ვარ", - ამბობდა მატჩის შემდეგ რეი ალენი.
ამასობაში, თამაში "ბოსტონის" უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე მეოთხედის დაწყებისთანავე გლენ დევისმა სხვაობა ორნიშნა გახადა - 32:22. კარგად შევიდა თამაშში ვონ უაფერი: ჯარიმასთან ერთად ჩააგდო, სამქულიანი გამოიყენა, შედეგიანი პასი გააკეთა და შთამბეჭდავად დაუფარა რონ არტესტს. კარგად გამოიყურებოდა ნეიტ რობინსონიც. "ლეიკერსის" სათადარიგოები კი ძალიან ცუდად თამაშობდნენ. ამიტომაც ფილ ჯექსონმა მოედანზე ბრაიანტი დააბრუნა და კალიფორნიელებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს, თუმცა დიდი შესვენებისთვის მაინც რვაქულიანი ჩამორჩენა ჰქონდათ.
მესამე მეოთხედის დაწყებასთან ერთად სიტუაცია მოედანზე თანდათან დაიძაბა. კალიფორნიელებმა კიდევ ერთი 10:0 სპურტი განახორციელეს, მეოთხედის ბოლო წუთისთვის კი მათი უპირატესობა უკვე 5 ქულას უდრიდა. თუმცა აქ "ლეიკერსს" ერთი უსიამოვნება ელოდა: ჩაგდებული ბურთის შემდეგ ლამარ ოდომი მკვეთრად შემოტრიალდა და თავით შეეჯახა გასოლს. ორივემ სახეზე მოიკიდა ხელი, ოდომს კი სისხლი წასკდა. თუმცა ექიმების დახმარებით მან მალევე შეძლო მოედანზე დაბრუნება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლამარს რვა ნაკერი დაადეს.
მატჩის ბოლოს კი გადამწყვეტი სიტყვა თქვა ბრაიანტმა. მანამდე ჩრდილში მყოფმა "შავმა მამბამ" თითქმის ყველა გადამწყვეტი ტყორცნა ჩააგდო, "ბოსტონმა" კი მის აქტიურობას ვერაფერი დაუპირისპირა. პოლ პირსმა ვერ აჩვენა ჩვეული თამაში, ალენმა ადრე მიიღო პერსონალურები, კევინ გარნეტმა კი თამაშიდან მხოლოდ ოთხი ბურთი ჩააგდო (13-დან). საბოლოოდ, მასპინძლებმა მეორე ტაიმში თითქმის ორჯერ ნაკლები ქულა დააგროვეს, ვიდრე პირველში და ლოგიკურად დამარცხდნენ კიდეც.
სანახაობრივი თვალსაზრისით გაცილებით საინტერესო მატჩი შემოგვთავაზეს "დენვერმა" და "დალასმა". თუმცა პირველმა წუთებმა მატჩს თითქოს ინტრიგა დაუკარგა: პირველ მეოთხედში ჩონსი ბილაპსის ოთხმა სამქულიანმა და 18 ქულამ მასპინძლებს 14-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. მაგრამ რიკ კარლაილის შეგირდები მალე მოვიდნენ გონს და უკვე დიდი შესვენებისთვის გამოასწორეს სიტუაცია.
მეორე ტაიმი კარმელო ენტონისა და მთელი "დალასის" დუელად იქცა. რა თქმა უნდა, ძალები არათანაბარი იყო, მაგრამ მოულოდნელად კარმელოს დამხმარედ აარონ აფლალო მოევლინა. შემტევი მცველის რამდენიმე სამქულიანმა "დენვერს" თითქმის წაგებული მატჩის გადარჩენის საშუალება მისცა. მაყურებელი ფანტასტიკური ფინალის მოწმე გახდა. საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე, 119:119-ზე ენტონი დირკ ნოვიცკიზე დაჯარიმდა და მეექვსე პერსონალურის გამო მოედნის დატოვება მოუწია. გერმანელმა ორიდან ერთი საჯარიმო ააცილა და "დენვერი" ბოლო შეტევისთვის მოემზადა. მასპინძლებმა ბოლო წამამდე გაითამაშეს კომბინაცია - ბილაპსმა იმავე აფლალოს მიანდო ბოლო ტყორცნა და აარონმა საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო - 121:120.
ბოსტონი-ლეიკერსი 86:92
27:20, 26:25, 15:27, 18:20
ბ: ალენი (20), პირსი (15), რონდო (12+10 პასი+5 პასი), პერკინსი (12+9 პასი), გარნეტი (10+11 პასი+5 პასი).
ლ: ბრიანტი (23+5 პასი), გასოლი (20+10 მოხსნა), ბინუმი (16+9 მოხსნა), ქპთუნ (12), რლრს (10+12 მოხსნა).
ფინიქსი-გ. სტეიტი 112:88
32:22, 33:20, 22:19, 25:27
ფ: ნეში (18+11 პასი), ფრაი (17+9 მოხსნა), დადლი (13), ლოპესი (12), დაუდელი (10+6 პასი+5 მოხსნა).
გ-ს: უდო (16+7 მოხსნა), უილიამსი (16+6 პასი), კარი (12), ლი (11).
დენვერი-დალასი 121:120
33:19, 26:39, 29:34, 33:28
დენ: ენტონი (42+7 მოხსნა), ბილაპსი (30+9 პასი+5 მოხსნა), აფლალო (24).
დალ: ტერი (25), ჩენდლერი (20+11 მოხსნა), მერიონი (19+5 მოხსნა), ბარეა (17), ნოვიცკი (16+8 მოხსნა+6 პასი), კიდი (10+7 მოხსნა+6 პასი).
.