"ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა ამარე სტაუდმაიერმა, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს "ყველა ვარსკვლავის მატჩში". რეგულარულის ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში მძიმე ფორვარდმა მარჯვენა ფეხის ცერა თითზე ტრავმა მიიღო.
"ტკივილს ჯერ ისევ ვგრძნობ, - ამბობს სტაუდმაიერი. - მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ვარჯიშში".
შეგახსენებთ, რომ ამ დაზიანების გამო ამარემ გამოტოვა შეხვედრა "ნიუ ჯერსი ნეტსთან" და სამდღიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ გუშინ შეძლო გუნდთან ერთად ვარჯიში.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის მიღებას, სტაუდმაიერმა შემდეგი უპასუხა: "თამაში რომც ვერ მოვახერხო, ლოს ანჯელესში აუცილებლად ჩავალ.
ბოსტონს უესტი დაუბრუნდა
"ბოსტონ სელტიქსის" რიგებში ბრუნდება ფორვარდი დელონტე უესტი, რომელსაც 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა დაადასტურა, რომ უესტი შეყვანილია უახლოეს მატჩებში "სელტიქსის" განაცხადში.
დელონტემ ნოემბერში "ნიუ ჯერსისთან" მატჩში მოიტეხა მაჯა და მხოლოდ გასულ კვირას განაახლა გუნდთან ერთად ვარჯიშები.
ჰორნაჩეკი იუტას მწვრთნელია
"იუტას" ცნობილი სნაიპერი ჯეფ ჰორნაჩეკი სეზონის ბოლომდე "ჯაზის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს. 2007 წელს ყოფილი მცველი კლუბში ტყორცნის ტექნიკაზე იყო პასუხისმგებელი, ახლა კი მთლიანად ჩაებმება საწვრთნელ პროცესში. შეგახსენებთ, რომ "იუტას" საწვრთნელ შტაბში გადაადგილებები აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ჯერი სლოუნის გადადგომით არის გამოწვეული.
ჰორნაჩეკმა "ჯაზში" შვიდი სეზონი გაატარა. სულ კარიერაში თამაშიდან ტყორცნების 49.6 პროცენტი გამოიყენა, 40.3 პროცენტის სიზუსტით ისროდა სამქულიანებს და ჯარიმების 87.7 პროცენტს იყენებდა, რაც ლიგის ისტორიაში მერვე შედეგია.
როის ორი წელი დარჩა?
არასახარბიელო პროგნოზი გააკეთეს ექიმებმა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ერთ-ერთი ლიდერის ბრენდონ როის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათი ვარაუდით, მცველი კიდევ ერთი-ორი წელი შეძლებს თამაშს.
ექიმების აზრით, კლუბმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს მოთამაშის სავარჯიშო დრო, სათადარიგოთა სკამიდან შეუშვას მოედანზე და სეზონში 65-70 მატჩში გამოიყენოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს "ბლეიზერსის" ლიდერი კარიერის გაგრძელებას.
როი, რომელმაც ორივე მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, 16 თებერვალს დაბრუნდება მოედანზე.
ნეშით მგლები დაინტერესდნენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდებს შორის "ფინიქსის" ვეტერან გამთამაშებელ სტივ ნეშზე დიდი მოთხოვნაა. მომავალ სეზონში კანადელს კონტრაქტი უმთავრდება და კლუბები აქედანვე იჭერენ თადარიგს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის გადასაბირებლად.
ამ ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშეა "მინესოტა", რომელმაც უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "ფინიქსის" ხელმძღვანელობასთან. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "მგლები" არ აპირებენ მომავალ ტრეიდში ესპანელი რიკი რუბიოს ჩართვას, რადგან ხელმძღვანელობის აზრით, სწორედ ნეში უნდა დაეხმაროს ახალგაზრდა ესპანელს ახალ პირობებთან აკლიმატიზაციაში.
შარლოტი ახალ მწვრთნელს ენდობა
როგორც Yahoo! Sports-თვის გახდა ცნობილი, "შარლოტ ბობკეტსის" ხელმძღვანელობამ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი მთავარ მწვრთნელ პოლ საილასთან, რომელმაც სეზონის მსვლელობისას დაიკავა განთავისუფლებული ლარი ბრაუნის ადგილი.
საილასის ხელმძღვანელობით "შარლოტმა" 28-დან 15 შეხვედრა მოიგო და პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის. ადრე ეს მწვრთნელი "კლიპერსში", "ნიუ ორლეანსა" და "კლივლენდში" მუშაობდა.
ობამამ რასელი დააფასა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - საპრეზიდენტო "თავისუფლების მედალი" მიანიჭა NBA-ის 11-გზის ჩემპიონს ბილ რასელს.
"ბილ რასელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში გახდა ლეგენდა, - განაცხადა ობამამ. - ის ყოველთვის იცავდა ადამიანთა უფლებებს. როცა რესტორნები უარს ამბობდნენ "ბოსტონის" აფროამერიკელი მოთამაშეების მომსახურებაზე, ის პროტესტის ნიშნად მოედანზე არ გადიოდა. იმედია, ბოსტონის ქუჩებში ბავშვები იხილავენ არა მხოლოდ რასელი-კალათბურთელის, არამედ როგორც რასელი-პიროვნების ქანდაკებას".
ლიგა შეიძლება შემცირდეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი ლიგის შემცირების საფრთხეს გამოეხმაურა. "კლუბების ზოგიერთი მფლობელი უარს არ იტყოდა "ნიუ ორლეანის" ხარჯზე ლიგის შემცირებაზე. მაგრამ ეს ერთ-ერთი შესაძლოა ვარიანტია. ამ მომენტისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გუნდმა ნიუ ორლეანში გაგრძელოს არსებობა", - განაცხადა ESPN-თან ინტერვიუში სტერნმა.
მისი თქმით, სიეტლი, ლას ვეგასი, ანაჰაიმი და ვანკუვერი არიან დაინტერესებული NBA-ის კლუბის შეძენით. ასევე საკალათბურთო გუნდი შეიძლება გამოჩნდეს პიტსბურგში, კანზას-სიტიში, სენტ ლუისსა და ტამპაში.
ტაურაზის დისკვალიფიკაცია მოუხსნეს
თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ დროებითი დისკვალიფიკაცია მოუხსნა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, ამერიკელ დაიანა ტაურაზიმ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლაბორატორიამ უკან გამოითხოვა დასკვნა "ფენერბაჰჩეს" ყოფილი მოთამაშის დადებითი დოპინგტესტის შესახებ.
ასე რომ, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს შეუძლია თურქულ ლიგაში კარიერის გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ ტაურაზის ბოლო კლუბმა - "ფენერბაჰჩემ" დადებითი დოპინგსინჯის შესახებ ინფორმაციის შემდეგ კალათბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა.