დერეკ როუზისა და დირკ ნოვიცკის ბენეფისი

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსი" წლევანდელი სეზონის ყველაზე სტაბილური გუნდია. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს პერიოდულად უწევთ სხვა ფავორიტების წინააღმდეგ თავიანთი ლიდერობის დამტკიცება და ეს კარგად გამოსდით, თუმცა ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია, მით უმეტეს, თუ შენს წინააღმდეგ საუკეთესო დამცველი გუნდი თამაშობს, რომელსაც ამ სეზონში 15-დან 14 მოგება აქვს საკუთარ მოედანზე.

ასეთი გუნდია "ჩიკაგო ბულზი" და "სპურსს" გუშინ სწორედ მის წინააღმდეგ უწევდა გამოცდის ჩაბარება. ეს გუნდები წელს უკვე შეხვედნენ ერთმანეთს და ტექსასში დერეკ როუზის 33 ქულის მიუხედავად, "სან ანტონიომ" დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

გუშინდელი შეხვედრა "ხარებმა"
ძალიან დამაჯერებლად დაიწყეს და უკვე მერვე წუთისთვის ათქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. სტუმრების სასტარტო ხუთეულის წევრები არც ისე ნაყოფიერნი იყვნენ და მათ დროულად წამოეხმარნენ რეზერვისტები: მეოთხედის ბოლოს მოედანზე გასულმა გერი ნილმა და ჯორჯ ჰილმა თითო სამქულიანი ჩააგდეს და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს.

გრეგ პოპოვიჩის გუნდის სათადარიგოთა სკამი გაცილებით გრძელია, ვიდრე ტიმ ტიბოდოსი და ეს მეორე მეოთხედის დებიუტმა დაადასტურა. მეტ ბონერმა ზედიზედ სამი საჯარიმო ჩააგდო, ნილმა კიდევ ერთი სამქულიანი დაამატა, ხოლო ტიმ დანკანის შემცვლელმა ანტონიო მაკდაესმა მინიმუმამდე შეამცირა "სპურსის" ჩამორჩენა - 33:34. "ბულზის" დამრიგებელს მოედანზე კარლოს ბუზერის დაბრუნება მოუწია, ამას არც სტუმრები ჩამორჩნენ და თამაშს დაუბრუნდნენ ტონი პარკერი, რიჩარდ ჯეფერსონი და დეჟუან ბლეირი. სწორედ მათ მოაწყვეს "სან ანტონიოს" მინი-გაქცევა - 6:0 და პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ტექსასელები ერთი ქულით გავიდნენ წინ. "ჩიკაგოს" საპასუხო შტურმი გაცილებით ეფექტური გამოვიდა. როუზმა მოედანზე დაბრუნება 10 ქულით აღნიშნა და "ხარები" კარგ ხასიათზე გავიდნენ დიდ შესვენებაზე - 58:51.

მესამე მეოთხედის სტარტზე "ჩიკაგოს" პლეიმეიკერმა კიდევ ორი ბურთი ჩააგდო, შემდეგ კი მცირე პაუზა აიღო, რითაც "სპურსმა" კარგად ისარგებლა. დანკანისა და პარკერის დუეტმა კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა ერთ ზუსტ სროლამდე - 71:73. მაგრამ იქვე ლუოლ დენგმა სამქულიანი ჩააგდო, გამოფხიზლებულმა როუზმა კი ორი საფირმო გარღვევა შეასრულა.

ბოლო მეოთხედში ნამდვილი ბრძოლა არ შედგა. ამაში დამნაშავე დერიკ როუზი იყო, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა ტონი პარკერმა. საფინალო სირენამდე "ჩიკაგოს" ლიდერმა კიდევ 13 ქულის დაგროვება მოასწრო და 42 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

"სპურსის" მსგავსად სტაბილურობით გამოირჩევა "დალასი". მეორე ტექსასურ გუნდს სერიოზული ჩავარდნა მაშინ ჰქონდა, როცა დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან დირკ ნოვიცკი. ახლა გერმანელი ფორმაშია და "მავერიქსის" საქმეებიც კარგად მიდის. თანაც ტრავმირებული კერონ ბატლერის ნაცვლად გამოცდილი პრედრაგ სტოიაკოვიჩი აიყვანეს, რაც შეიძლება სრულფასოვანი შეცვლა არ არის, მაგრამ სერბი ამინდს არ აფუჭებს.

"კოვბოები" არიზონაში ბოლო 13 მატჩში 12 მოგებით ჩავიდნენ და თავიდანვე დააწესეს კონტროლი შეხვედრაზე, თუმცა "ფინიქსის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი მრისხანე მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდა.

ერთადერთი პრობლემა, რაც მასპინძლებმა ვერ მოაგვარეს, დირკ ნოვიცკის მეურვეობა იყო. ელვინ ჯენტრიმ გერმანელი სუპერვარსკვლავი ჩენინგ ფრაის ჩააბარა, რომელსაც დაცვა არ ეხერხება. მწვრთნელის ამ ნაბიჯმა არ გაამართლა - პირველ შვიდ წუთში დირკმა ხუთიდან ოთხი ბურთი ჩააგდო. მეორე მეოთხედში ფრაიმ გადაწყვიტა, რომ დაცვაში არაფერი გამოსდიოდა და სროლის სიზუსტეში შეეჯიბრა მეურვეს: შვიდი ქულა ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამავე პერიოდში გერმანელმა 11 ქულა მიითვალა.

მესამე მეოთხედში მასპინძელთა რიგებში ვინს კარტერი და გრანტ ჰილი გააქტიურდნენ და თავიანთი გუნდი რამდენჯერმე გაიყვანეს წინ, მაგრამ "მავერიქსი" ყოველთვის პოულობდა საპასუხო სვლას - ზუსტად ისროდა სამქულიანებს. შორიდან მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს როდრიგ ბობუამ, ჯეისონ ტერიმ, პეჟა სტოიაკოვიჩმა, ჯეისონ კიდმა და, რა თქმა უნდა, ნოვიცკიმ. სხვათა შორის, გერმანელმა ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

დარჩენილ დროში "სანზმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ ბოლო მეოთხედის შუაში ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა (90:92). ამის შემდეგ ნოვიცკიმ და ტერიმ ერთად 12 ქულა დააგროვეს, რასაც ტაისონ ჩენდლერმა ხუთი დაუმატა და თამაში დამთავრებული იყო. "ფინიქსმა" ტაქტიკური პერსონალურებით მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო, რადგან სამქულიანი უპირატესობისას ტერიმ ორი საჯარიმო ჩააგდო, ფრაიმ კი საპასუხოდ სამქულიანი ააცილა.

ახლა რეგულარულ ჩემპიონატში ხუთდღიანი არდადეგები ცხადდება, რაც "ყველა ვარსკვლავის მატჩით" არის გამოწვეული. ამ მხრივ გუშინ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა სასტარტოში ტრავმირებული ჩინელის, იაო მინის შემცვლელად თავისი პროტეჟე ტიმ დანკანი გამოაცხადა.

"სპურსის" ლეგენდარული ფორვარდი კარიერაში მეცამეტედ ითამაშებს "ოლ სტარზე", გარდა ამისა, ზედიზედ მეთორმეტედ იქნება სასტარტო ხუთეულში. "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ჩვენი დროით 21 თებერვალს, დილას ლოს ანჯელესში გაიმართება.


ჩიკაგო-სან ანტონიო 109:99
30:25, 28:26, 25:24, 26:24
ჩ: როუზი (42+8 პასი+5 მოხსნა), დენგი (19+7 მოხსნა+5 პასი), ბუზერი (15+6 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (26), ჯინობილი (16), ნილი (16), დანკანი (14+9 მოხსნა), ჯეფერსონი (12).

ფინიქსი-დალასი 106:112
25:28, 26:26, 29:31, 26:27
ფ: ფრაი (24+8 მოხსნა), კარტერი (16), ნეში (15+14 პასი+5 მოხსნა), ლოპესი (13+13 მოხსნა), პიეტრუსი (11), ჰილი (10).
დ: ნოვიცკი (35), ტერი (16+7 პასი), ჩენდლერი (12+12 მოხსნა), მერიონი (12+8 მოხსნა), სტოაკოვიჩი (10), კიდი (6+12 პასი+8 მოხსნა).







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული