დერონ უილიამსი "ნეტსში" გადავიდა

AutoSharing Option
კიდევ ერთი ხმაურიანი ტრეიდი განხორციელდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მას შემდეგ, რაც "ნიუ ჯერსი ნეტსმა" შარშან ზაფხულში ვერ შეძლო ლებრონ ჯეიმსის გადაბირება, ხოლო ცოტა ხნის წინ  კარმელო ენტონის ტრანსფერი ჩაუვარდა, ამ გუნდმა მაინც მოახერხა ვარსკვლავის შეძენა. "ნეტსში" გააგრძელებს კარიერას ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი დერონ უილიამსი, რომელიც აქამდე "იუტას" ლიდერი იყო.

მაშ ასე, დერონის სანაცვლოდ "ჯაზმენებმა" მიიღეს დერიკ ფეივორსი, დევინ ჰარისი და აგრეთვე 2011 და 2012 დრაფტების პირველ რაუნდში არჩევანის უფლება. გარდა ამისა, "ნეტსს"  "იუტასთვის" 3 მილიონის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დერონ
უილიამსი  "იუტაში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად სწორედ უილიამსი გახდა "ჯაზმენების" ლეგენდარული მწვრთნელის, ჯერი სლოუნის გადადგომის მიზეზი.

დერონ უილიამსი "იუტამ" 2005 წელს დრაფტის მესამე ნომრად აირჩია. მიმდინარე სეზონში 26 წლის კალათბურთელი საშუალოდ 21.3 ქულასა და 9.7 შედეგიან პასს აგროვებს. 2012 წლის ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა 2011 წლის ივლისიდან შეუძლია მოლაპარაკებები დაიწყოს "ნიუ ჯერსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

გუშინვე "ნიუ ჯერსიმ" კიდევ ერთი გარიგება დადო: ტროი მერფი გაუშვა "გოლდენ სტეიტში" და სანაცვლოდ ბრენდან რაიტი და დენ გაძურიჩი მიიღო.


* * *
დადასტურდა ამერიკული პრესის გუშინდელი ინფორმაცია "საკრამენტოსა" და "ნიუ ორლეანს" შორის ტრეიდის შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო, "კინგზმა"  მცველი მარკუს ტორნტონი მიიღო და ფულადი კომპენსაცია ფორვარდ კარლ ლენდრის სანაცვლოდ.

"ამ ტრეიდით ორივე გუნდი მოგებული დარჩა. კარლი ის მოთამაშეა, რომელსაც დიდი ხანი ვეძებდით. იმედი გაქვს, ის ჩვენი მომავალი წარმატების ნაწილი გახდება", - განაცხადა "ჰორნეტსის" მენეჯერმა დელ დემპსმა.

ამ სეზონში ტორნტონის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები 7.8 ქულასა და 2.8 მოხსნას უდრის, ლენდრისა - 12.1 ქულასა და 5.2 მოხსნას.


* * *
"ატლანტამ" და "ვაშინგტონმა" გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგების თანახმად "ჰოქსი" მიიღებს მცველ კირკ ჰაინრიხსა და ცენტრ ჰილტონ არმსტრონგს, "ვაშინგტონში" კი  გამთამაშებელი მაიკ ბიბი, მცველი ჯორდან კროუფორდი და ფორვარდი მორის ევანსი გაემგზავრებიან. ამას ემატება დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

ბიბი, რომლის კონტრაქტშიც  ერთი წელი და 6.2 მილიონი დოლარი დარჩა, "ვაშინგტონმა" შეიძლება კიდევ ერთი გარიგებისთვის გამოიყენოს.


* * *
მოთამაშეებს "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და "კლივლენდ კავალიერზი" ცვლიან. კალიფორნიაში  მო უილიამსი და ჯამარიო მუნი გაემგზავრებიან, ხოლო "კავალერების" წევრი  ბაირონ დევისი გახდება. გარდა ამისა, "კლივლენდი"  ამ წლის დრაფტის პირველ რაუნდში სასურველი მოთამაშის აყვანის უფლებას მიიღებს.


* * *
"ბოსტონ სელტიქსს" სულ მალე დაუბრუნდება ვეტერანი ცენტრი შაკილ ო'ნილი. ახლა ლეგენდარული კალათბურთელი ფლორიდაში ასრულებს სარეაბილიტაციო კურსს და უკვე კვირანახევრის შემდეგ მზად იქნება სათამაშოდ.

ორი დღის წინ "ბოსტონი" გასვლით ტურნეში გაემგზავრა დასავლეთ სანაპიროზე და პირველივე მატჩი მოუგო "გოლდენ სტეიტს" - 115:93.

"სელტიქსის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა განაცხადა, რომ შაკილი უკვე დღეს არის მზად გუნდისთვის დახმარების გასაწევად, მაგრამ მწვრთნელმა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა არ გარისკოს და ამ ტურნეში არ იახლოს ვეტერანი კალათბურთელი.

როგორც "ბოსტონის" ბანაკიდან იტყობინებიან, შაკილი სრულად მომჯობინებული იქნება "ფინიქსთან" მატჩისთვის. ეს შეხვედრა 2 მარტს არის დანიშნული.

ამ სეზონში "დიზელმა" "სელტიქსის" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.3 ქულა და 4.9 მოხსნა დააგროვა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული