დერონის შემდეგ სუპერმენი

AutoSharing Option
"ნიუ ჯერსი ნეტსის" ხელმძღვანელობა დერონ უილიამსის ტრანსფერით არ კმაყოფილდება და მომავლისთვის ახალი გუნდის მშენებლობაზე ზრუნვას აგრძელებს.

უილიამსმა კლუბის მფლობელ მიხაილ პროხოროვთან და გენერალურ მენეჯერ ბილი კინგთან ერთად განიხილა შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტები. როგორც ირკვევა, მთავარი პრიორიტეტი 2012 წელს "ორლანდოდან" სუპერცენტრის დუაიტ ჰოვარდის გადაბირება იქნება.

"პროხოროვმა ამ თემაზე ბევრი ილაპარაკა და აღფრთოვანებული დავრჩი. როცა კლუბის მფლობელი ამბობს, რომ მზად არის ფულის დასახარჯად და ჩემს გარშემო აპირებს ახალი გუნდის მშენებლობას, ეს მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს", - განაცხადა უილიამსმა ერთ-ერთ გაზეთთან კომენტარისას.


* * *
თავისუფალი აგენტი ტროი მერფი "ბოსტონ სელტიქსში" გააგრძელებს კარიერას. ფორვარდი "გოლდენ სტეიტს" კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოელაპარაკა და ახლა საჩემპიონო ამბიციების გუნდში ჩაირიცხა. "ბოსტონის" გარდა მერფი "პორტლენდის", "ნიუ იორკისა" და "ორლანდოს" წინადადებებს განიხილავდა.

ტროი "უორიორზში" "ნეტსიდან" გადავიდა და იშვიათად ჰქონდა თავის გამოჩენის საშუალება. მერფის ლიგაში 639 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ პლეი ოფში არასოდეს უთამაშია - ლიგის არც ერთ სხვა მოთამაშეს არ აქვს ასეთი უიღბლო სერია.


* * *
"მაიამი ჰიტმა" გაწყვიტა კონტრაქტი გამთამაშებელ კარლოს აროიოსთან - წერს სააგენტო AP. ამ ნაბიჯით ფლორიდული კლუბი ადგილს ათავისუფლებს მცველ მაიკ ბიბისთვის, რომელმაც ამ დღეებში კონტრაქტი გამოისყიდა "ვაშინგტონისგან".

ბიბი ცოტა ხნის წინ ტრეიდის მეშვეობით აღმოჩნდა დედაქალაქურ კლუბში - "ატლანტამ" ის კირკ ჰაინრიხში გაცვალა. მაიკმა უარი თქვა 6-მილიონიან კონტრაქტზე
"მაიამიში" თამაშის გამო.

"ჰიტის" ლიდერის ლებრონ ჯეიმსის თქმით, ბიბის მის გუნდში მოუთმენლად ელიან.


* * *
"ოკლაჰომა-სიტიმ" კონტრაქტი გაახანგრძლივა ცენტრ კენდრიკ პერკინსთან, რომელიც "თანდერმა" "ბოსტონთან" განხორიელებული ტრეიდის მეშვეობით გადაიბირა. ამ კალათბურთელის სანაცვლოდ "ოკლაჰომას" ხელმძღვანელობამ ფორვარდი ჯეფ გრინი და ცენტრი ნენად კრსტიჩი დათმო.

გარიგების დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ "სელტიქსი" პერკინსს 4-წლიან და 22-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობდა, კალათბურთელი კი 30 მილიონს ითხოვდა.

"კენდრიკ პერკინსთან თანამშრომლობის გახანგრძლივების უნიკალური შესაძლებლობა გვქონდა და მოხარულები ვართ, რომ შევძელით მისი გაფორმება. კენდრიკი ნამდვილი მებრძოლია, მისი დამოკიდებულება კლუბისადმი მთლიანად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს", - ამბობს "თანდერის" გენერალური მენეჯერი სემ პრესტი.
ამ სეზონში პერკინსმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.3 ქულა და 8.1 მოხსნა დააგროვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული