საქართელოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდის ბოლო მეტოქე ესტონეთის ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზეც მოგვიწევს თამაში.
შეხვედრის პირველი პერიოდი ქართველებმა 12:9 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის 34:23 ვიგებდით. მეორე ნახევარში ესტონელებმა თამაში გამოასწორეს და მესამე ათწუთეულის 18:9 მოგებით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში ესტონელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ბალტიისპირელებმა საბოლოოდ 62:51 გაიმარჯვეს.
ტურნირის გამარჯვებული გახდა საბერძნეთის ნაკრები, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო. თურქეთმა, ესტონეთმა და საქართველომ ტურნირზე თითო
საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მზადებას განაგრძობს. კაზანჯიანის გუნდი 23-ში გეზს ლატვიისკენ აიღებს, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 3 საკონტროლო მატჩს გამართავს. ლატვიიდან კაზანჯიანის გუნდი კიევში გადაინაცვლებს და უკრაინის ნაკრებთან 30-31 ივლისს 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 მოსამზადებელი მატჩია დაგეგმილი 1-ელ და 3 აგვისტოს მინსკშიც, ბელორუსის 16-წლამდელთა ნაკრებთან, რითაც ჩვენი გუნდი დაასრულებს მოსამზადებელ ეტაპს.
ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა.
ჯგუფიდან ოთხივე მონაწილე გადის და მერვედფინალში ჯვარედინი სისტემით წყვილდება. ტურნირის ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. საქართველოს ნაკრების მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.
ესტონეთი-საქართველო 62:51
9:12, 14:22, 18:9, 21:8
საქართველო: სასტარტო ხუთეული: ბიგანაშვილი (25წ, 8ქ, 3პ, 2ჩ), კიშკო (21წ, 2პ, 2ჩ), გაფრინდაშვილი (26წ, 4ქ, 6მ, 2ჩ), მერკვილაძე (29წ, 24ქ, 14მ), კილაძე (26წ, 11ქ, 4მ); სვანი (4წ), კობახიძე (3წ), ნუცუბიძე (არ უთამაშია), კაპანაძე (16წ, 1ქ, 2მ), შარვაშიძე (8წ, 1ქ, 2მ), გოგბერაშვილი (6წ), ხუციშვილი (5წ), ვაშაკიძე (19წ, 2მ), თავაქარაშვილი (12წ, 2ქ, 2მ)
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით