20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში "დინამო" და თსსუ გავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. "დინამომ" და თსსუ-მ (სამედიცინო უნივერსიტეტი) მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩებიც მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკის ჩემპიონატში პლეი-ოფი მიმდინარეობს და პირველ, მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 გუნდი იყო დაწყვილებული. სერია 2 მოგებამდეა და სწორედ მეორე მატჩის მოგებით გაინაღდეს ნახევარფინალის საგზური "დინამომ" და თსსუ-მ.

დინამოელებს საქმე იოლად ჰქონდათ, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი ვერ გამოდგა სათანადო წინააღმდეგობის გამწევი. პირველი მატჩი თორნიკე გელოვანის გაწვრთნილმა დინამოელებმა 78 ქულით მოუგეს გთუნის, მეორე შეხვედრაში კი 55-ქულიანი გამარჯვება იკმარეს – 115:60 და
მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

იოლი გამარჯვება მოიპოვა თსსუ-მაც. სამედიცინო უნივერსიტეტის მეტოქე სოხუმის “კოლხა მარგვეთი” გახლდათ, რომელმაც სერიის პირველი შეხვედრა 19 ქულით დათმო. მეორე მატჩში 16-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. მედიკოსებმა 91:75 სძლიეს სოხუმელებს და ნახევარფინალში მეტოქეს ელოდებიან, რომელიც თსუ-სა და "ოვერტაიმის" დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.

თსუ-მ დღეს სერია გაუთანაბრა "ოვერტაიმს". პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში ოვერტაიმელებს ჰქონდათ მოგებული (89:84), დღეს კი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა – 94:75 (სტატისტიკა) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ გუნდების მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 16 მარტს, 15:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

16 მარტს, ოღონდ რუსთავშია დანიშნული კიდევ ერთი მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი. "რუსთავმა" სერიის პირველი, საშინაო მატჩი "სოხუმი 2020"-თან წააგო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში, თბილისში, 90:82 მოიგო და სერიაში ყველაფერს ერთი მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 16 მარტს, 17:00 საათზე, რუსთავში ჩატარდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული