სპორტის ნებისმიერ სახეობაში ნაკრების თამაშს სულ სხვა ელფერი აქვს, განსაკუთრებით კი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების. იმის მიუხედავად, რომ დანაკლისი დიდია და შანსი ძალიან მცირე, იცი, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და მაინც იმედით აღვსილი თამაშამდე სამი საათით ადრე სპორტის სასახლესთან ბოლთას ვცემდი.
გახარებს ის, რომ ამ დროსაც კი მარტო არ ხარ, ქომაგების მცირე ნაწილი უკვე მოსულია და ისინიც შენსავით ელოდებიან. იქ ერთი კაცი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის, საყვირითა და "საქართველოს" ძახილით არღვევს მყუდროებას. გამყიდველებიც და გადამყიდველებიც ადგილზე არიან და ტრადიციულად გთავაზობენ ან საქართველოს დროშას, ანდაც "კარგ ადგილზე" ბილეთებს.
მალე ნაკრების ავტობუსებიც მოდის, იწყება ვარჯიში და მომზადება მატჩისთვის. საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული გიორგი ცინცაძეც მოჰყვა, რომელიც გვერდში უდგას და ამხნევებს ჩვენს კალათბურთელებს.
შეხვედრას ორგანიზების მხრივაც არაფერი დაეწუნებოდა. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, გამოსარჩევი იყო მედიატრიბუნა. იქ საჭიროებისამებრ ყველაფერი იყო: კალმები, ბლოკნოტები, პროგრამა, წყალი, უსადენო და სადენიანი ინტერნეტი - ეს ყველაფერი იმიტომ გამოვყავი, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი პირობებიც კი სანატრელია ჟურნალისტისთვის სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე.
იმის მიუხედავად, რომ ბილეთები ქართულ რეალობაში ცოტა ძვირიც კი იყო, საქართველოს ჰიმნზე დარბაზი სრულად შევსებული და გულზე ხელმიბჯენილი იდგა.
განსაკუთრებით გახარებდა ის ფაქტი, რომ ორი უცხოელი, ვის იმედზეც ვიყავით და ამავდროულად, უცხოელსაც რომ ვერ უწოდებ, უფრო შენიანად რომ მიგაჩნია და ქართველი გგონია, ისინიც ამაყად უსმენდნენ ქართულ ჰიმნს და მათაც ისე უძგერდათ გული, როგორც მთელ დარბაზს.
ეს პიროვნებები, რა თქმა უნდა, მაიკლ დიქსონი და ილიას ზუროსი არიან.
ბოქოლიშვილი, დვალიშვილი, დიქსონი, ბოისა და ცქიტიშვილი - ეს იყო ჩვენი სასტარტო ხუთეული. ამ დღეს ნაკრებს გამოცდილი ვეტერანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კაპიტნობდა. ამ შეხვედრაში საუკეთესოები იყვნენ მაიკლ დიქსონი (36:30 - 26 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა) და მიხეილ ბერიშვილი (31:49- 15 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი).
გაგვიჭირდა ცენტრში - გოგა ბითაძე პერიოდულად სტაბილური იყო, მაგრამ მომენტებში ბავშვურ შეცდომებს უშვებდა, რის გამოც 5 ჯარიმა დააგროვა და პარკეტის დატოვება მოუწია (18:16 - 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი). ანალოგიური უნდა ვთქვათ დვალიშვილზე, რომელსაც 4 ჯარიმა ჰქონდა მესამე მეოთხედში (14:53- 4 ქულა და 3 მოხსნა). 06:05 წუთი ითამაშა ილია ლონდარიძემ და მხოლოდ ორი მოხსნა იყო მისი მონაგარი.
საკმაოდ დიდი დრო დაჰყო პარკეტზე მერაბ ბოქოლიშვილმა (30:37- 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი), 18:56 წუთი ითამაშა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა (7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი), ანატოლი ბოისამ 16:26 წუთი ითამაშა - მხოლოდ 1 მოხსნა და 2 პასი, მისი ეფექტიანობა სტატისტიკურად -16 იყო.
რამდენიმე წამი დაეთმოთ ბექა წივწივაძეს და ნიკა დარბაიძეს. 05:31 ითამაშა რევაზ ჩაჩანიძემ, რომელიც თავიდან ეფექტურად შემოვიდა და 3 ქულა აჩუქა გულშემატკივარს, თუმცა შემდეგ შეცდომებიც დაუშვა და მოუწია სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება.
ამ შეხვედრაში განსაკუთრებული როლი ჰქონდათ გულშემატკივრებს. რიგ შემთხვევაში დარბაზის ხმაური კულმინაციას აღწევდა და ეს თამაშის წამყვანი დიქტორის დამსახურებაც იყო. გერმანელთა მწვრთნელი ჰენრიკ როდლიც გაოცებული იყო არსებული ატმოსფეროთი. აღნიშნა კიდეც, რომ მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრების კარგი თამაში ქომაგის აქტიური მხარდაჭერის შედეგი იყოო.
გოგონებზეც უნდა ვთქვათ, რომლებიც ყოველ წუთშესვენებაზე გამოდიოდნენ, თავიანთი ცეკვით შოუს დგამდნენ და გულშემატკივრების მქუხარე ემოციებით ტოვებდნენ პარკეტს.
მესამე მეოთხედი ნამდვილად ყველაზე კარგი ნაწილი იყო საქართველოს ნაკრების თამაშის დროს (24:18), რითიც იმედი ჩაგვესახა და სხვაობის აღმოფხვრის შანსი გაგვიჩნდა, თუმცა ნაკრებს მეოთხე მეოთხედში ძალა აღარ ეყო.
რაც შეეხება ილიას ზუროსს, ის თავისი საქმის სპეციალისტია. თუ მატჩის დროს ზედმეტად ემოციურია, პარკეტს მიღმა თბილი და კომუნიკაბელური პიროვნებაა. ის რად ღირს, რომ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა ჟურნალისტს სათითაოდ ჩამოუვლის და ხელს ჩამოართმევს, კომუნიკაციასაც არ ერიდება და რამდენიმე ქართულ სიტყვას გააჟღერებს მსმენელთა გასახარებლად.
ბერძენმა სპეციალისტმა ერთი მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, რომ ნაკრებისთვის ახალგაზრდების შეთამაშებას მიზნად ისახავს, რათა ნაკრებს უკეთესი მომავალი ჰქონდეს.
საბოლოოდ სასახლიდან პოზიტიური განწყობით წამოვედი, რადგან ნაკრებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და ვერ იტყვი, რომ არ შეეცადნენ. უკვე ჩავუჯექი თარიღებს და ვაკვირდები, რამდენ ხანში ჩამოვა ავსტრია და სერბეთი თბილისში.
განსაკუთრებით სერბეთს ველოდები. ამ მატჩის მნიშვნელობით ვიცი, რომ სპორტის სასახლე მართლა დაინგრევა და მჯერა იმისიც, რომ საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იქნება.
16:35 26-02-2018
რა ხდება, როცა საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბოისას საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს შესაძლებელია ძალიან უნდა დაეხმაროს ნაკრებს, მაგრამ როცა არ შეგიძლია ხომ შეიძლება წახვიდე თვითონ თუ ვერ ხვდება სხვამ მაინც უთხრას, ჩემო ანატოლი წადი რა შენ ნწრვებსაც გაუფრთხილდი და ჩვენსასაც დაჯექი შენც გულშემატკივრებში და ერთად უქომაგოდ ნაკრებს დამიჯერე ასე ჯობია
3
0
კარგი სტატიაა მაგრამ ორგანიზება არ ყოფილა კარგი, კარი გააღეს დაწყებამდე 15 -20 წუთით ადრე და იყო საშინელი ჭყლეტვა, მიუხედავად იმისა რომ თამაშის დაწყებამდე მივედი პირველ მეოთხედს ვერ ვუყურე როცა შევაღწიე მეორე მეოთხედი იყო დაწყებული და გარეთ ისევ იდგა ხალხი ჭყლეტვაში, იმედია ფედერაცია ასე არ დატოვებს ამ ფაქტს და სპორტის სასახლის ადმინისტრაციას პასუხს მოთხოვენ
5
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული