ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული დააყენა:
გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.
პირველი მეოთხედი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა 26:18. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო თორნიკე შენგელიას თამაში, რომელსაც პირველ მეოთხედში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (9 ქულა და 8 მოხსნა). პირველ მეოთხედში 2-2 გაფრთხილებით ტედ მაკფადენი და სანდრო მამუკელაშვილი დაიტვირთნენ. საქართველოს ნაკრებმა ამ მეოთხედში 5 ნასროლი სამქულიანიდან 4 ჩააგდო.
მეორე მეოთხედი კვლავ თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაშით გაგრძელდა, თორნიკეს შეჩერება ავსტრიელმა კალათბურთლებმა ვერ შეძლეს. მან ორმაგ დუბლსაც უწია (10 მოხსნა და 22 ქულა). აქტიური იყო გიორგი ცინცაძეც რომელმაც 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამქულიანების სიზუსტის მაჩვენებელი პირველი ტაიმის განმავლობაში ორქულიანებს აღემატებოდა, 14-დან 6 ორქულიანი ჩავაგდეთ და 14-დან 9 სამქულიანი.
მესამე მეოთხედის მთავარი გმირი ილიას ზუროსი იყო, რომელიც კვლავ ემოციურად ხელმძღვანელობდა გუნდს, რიგ მომენტებში პარკეტზეც იმყოფებოდა და ბოლოს ტექნიკური გაფრთხილებაც მიიღო. დუდა სანაძემ ორი სამქულიანი გასროლა ჩააგდო, ხოლო გოგა ბითაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოხსნა შეასრულა და მორიგი ქულები დააგროვა. საბოლოო ჯამში მესამე მეოთხედში ანგარიში 76:52 იყო.
მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა თავისი უპირატესობა მაქსიმალურად გაზარდა, გარკვეული პერიოდი იმ კალათბურთელებს დაეთმო, რომლებსაც მცირე დრო მოუწიათ თამაში. მოედანზე ვიხილეთ რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი და მიხეილ ჭოჭუა. საქართველოს ნაკრებს საბოლოოდ 100 ქულამდე მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა 29-დან 16 სამქულიანი ჩააგდო და 31-დან 15 ორქულიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა (2 მოგება, 4 წაგება) და მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, რომელიც მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 24 თებერვალს დასრულდება.
ილიას ზუროსი: კალათბურთი არაა კარგი, თუ უძლიერესი კალათბურთელები არ იქნებიან