საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კარსმომდგარი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 23 და 26 თებერვალს ჩვენს გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ისტორიულ შედეგს მიაღწევს და მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.

საქართველო 23 თებერვალს ქალაქ ალმერეში ნიდერლანდებს შეხვდება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება და 26 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში, უშუალო კონკურენტ ისლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პირდაპირ გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა არსებობს შანსი (თუ უკრაინა 23 თებერვალს იტალიაში წააგებს), რომ მიზნის მისაღწევად
მხოლოდ ისლანდიასთან გამარჯვებამაც იკმაროს, თუმცა ეს მხოლოდ ვარიანტია და რეალურად ნაკრების არც ერთი წევრი არაა სხვა ანგარიშის იმედად. საქართველოს ნაკრების ერთადერთი გეგმა ორივე თამაშის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ძალებით, დამაჯერებლად გასვლაა.

საქართველოს ნაკრები არსებულ რეალობაში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ჩვენს ნაკრებში იქნებიან ესპანეთის ლიგა ენდესაში მოთამაშე გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, რატი ანდრონიკაშვილი, კვიპროსში მოთამაშე დუდა სანაძე, მაკედონიიდან - გიორგი კორსანტია, ხოლო იტალიის სერია A-დან - ბექა ბურჯანაძე და ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

შენგელიას ამბავი ცალკე სათქმელია. ევროლიგაში თამაშის მიუხედავად, თორნიკე ყოველთვის მოდიოდა ნაკრებში სათამაშოდ და ახლა, როცა თამაშების გრაფიკი მაქსიმალურად შემჭიდროებულია, ის მაინც გუნდში იქნება. შენგელია 4 დღის განმავლობაში 3 მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებს შორის ის 24 თებერვალს ევროლიგაში, "ვირტუსის" მაისურით "ბასკონიას" წინააღმდეგაც ითამაშებს. ანუ 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 25 რიცხვში არ მოუწევს შენგელიას მოედანზე გასვლა, რაც თანამედროვე კალათბურთში უპრეცედენტოდ დატვირთული გრაფიკია და ცხადია, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიულ მიჯნაზე ყოფნითა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოგების სურვილით არის განპირობებული.

შენგელიას და ჩვენს ნაკრებს ფრიად დატვირთული გრაფიკი რომ ნაწილობრივ შეუმსუბუქდეთ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ძალისხმევითა და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დახმარებით, ეროვნული გუნდის კაპიტნისთვის პირადად 2 ჩარტერული რეისი, ხოლო ერთი პრივატული რეისი მთლიანი გუნდისთვის განხორციელდება. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ თორნიკე ჩარტერით დაბრუნდება ბოლონიაში, ხოლო 24 თებერვალს ევროლიგაში "ბასკონიასთან" მატჩის შემდეგ ასევე ჩარტერული რეისით გამოფრინდება თბილისში, ისლანდიასთან სათამაშოდ. მესამე არარეგულარული რეისით საქართველოს ნაკრები ამსტერდამიდან თბილისში დაბრუნდება, რათა 26 თებერვალს, ისლანდიასთან ზეპრინციპული მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს.

ლეგიონერებთან ერთად გაფართოებულ შემადგენლობაში არიან სუპერლიგის კალათბურთელები: გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი (სამივე თსუ), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), ილია ლონდარიძე (კავკასია) და გივი ბაქრაძე (ოლიმპი).

გოგა ბითაძე ნბა-ში კლუბის გამოცვლის გამო რამდენიმე დღე თავისუფალი აგენტი იყო და გაჩნდა შანსი, რომ ის საქართველოს ნაკრებს დახმარებოდა. ამიტომ, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ის ფიბაში გაგზავნილ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა გუშინ გოგამ “ორლანდოსთან” კონტრაქტი გააფორმა და მისი ნაკრებში ჩამოსვლა გამოირიცხა.

არსებული 14 კალათბურთელიდან ილიას ზუროსი შეარჩევს, თუ რომელმა 12-მა კალათბურთელმა ითამაშოს ნიდერლანდებთან და რომელმა 12-მა – ისლანდიასთან. საქართველოს ნაკრები ვარჯიშს 17 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყებს, ხოლო ნიდერლანდებში 20 თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრება. ნიდერლანდებთან მატჩი ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეს “ტოპსპორტცენტრუმ არენაზე” 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
მამუკელაშვილი სადაა?
ლიკა
23 თებერვალი 2023 23:18
0
ჩაატარეს სპორტის სასახლეში.მოაშირეთ ეგ ახალი დარვაზი,დარბაზი, არ იყურება კალათბურთის ის.მაგის მიმღებს......
კახა ქ.
15 თებერვალი 2023 09:22
1
სპორტის სასახლეში რატომ აღარ ტარდება?
პატივისცემით
14 თებერვალი 2023 20:22
1
სათქმელად ექნებათ, აი სპორტის სასახლე უფუნქციოდ დარჩა და მოდი მაგ ადგილას კაი კორპუსი წამოვჭიმოთო.
ლევანი
15 თებერვალი 2023 12:08
1
ნიდერლანდებთან ისედაც გასვლა გვქონდა, სპორტის სასახლეში ისლანდიას ვუმასპინძლებთ 26-ში
ჰასან ცეცხლაძე
15 თებერვალი 2023 09:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული