მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.
დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10 ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.
ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.
დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.