შენგელიამ "ვირტუსს" "ფენერბაჰჩესთან" ულიდერა და ფინეთში გამოფრინდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია პატრიოტი და პროფესიონალი სპორტსმენის ცოცხალი მაგალითია. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ესპოოში ფინეთთან მატჩის გენერალური ვარჯიში რომ დაასრულა, სწორედ მაშინ დაიწყო ესპოოდან 2488 კილომეტრში ევროლიგის მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც თორნიკე შენგელიამ 33 წუთზე მეტი ითამაშა, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და ისე, რომ არც დაუსვენია, პირდაპირ აეროპორტისკენ გაემგზავრა. ბოლონიის აეროპორტში მას თვითმფრინავი დახვდა, რომელმაც ჩარტერული რეისით, პირდაპირ ფინეთის დედაქალაქისკენ აიღო გეზი.

თორნიკე შენგელია ჰელსინკიში გამთენიისას ჩაფრინდება და შეუერთდება საქართველოს ნაკრებს, რომელსაც დღეს, ფინეთთან ძალიან პრინციპული მატჩი ელის. ჩვენი ნაკრების
კაპიტანს ასეთი რამ პირველად არ გაუკეთებია. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ევროლიგის მოთამაშეებისთვის ეროვნული ნაკრების კარი დახურული იყო, შენგელიამ თავის კლუბთან მკაცრად დააფიქსირა, რომ კონტრაქტში პუნქტი ჩადებულიყო, რომლის ძალითაც ის ეროვნულ ნაკრებში დაუბრკოლებლად წავიდოდა (თუ თამაშები ერთმანეთს არ დაემთხვეოდა). რამდენჯერმე მოხდა, რომ ნაკრებისა და კლუბის თამაშები მიყოლებით, მეორე დღეს იყო, თუმცა ამას ნაკრების კაპიტანი არ დაუბრკოლებია. არაერთხელ ყოფილა, რომ თორნიკეს კლუბში თამაშის მეორე დღეს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ასეა დღესაც.

შენგელია ფინეთთან მოედანზე ისე გავა, რომ საქართველოს ნაკრების მიმდინარე შეკრებაზე გუნდთან ერთხელაც არ უვარჯიშია. პატრიოტიზმთან და თავგანწირვასთან ერთად შენგელია უდიდესი პროფესიონალია, რომელსაც ისე ესმის კალათბურთი, გუნდური სულისკვეთება და თამაშის თითოეული დეტალი, რომ ნაკრებთან უვარჯიშებლობა მას თამაშში ხელს არ უშლის. ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

ევროლიგის მატჩში მოხდა ის, რომ შენგელიამ "ვირტუსი" მხრებით ათრია, აუტსაიდერი გუნდი ბოლომდე ინარჩუნებდა მოგების შანსს, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლაში – 82:86 დამარცხდა. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 25 შეადგინა, ზუსტად იმდენი, რამდენიც გამარჯვებულთა ამერიკელი ლეგიონერის, ნაიჯელ ჰეიეს-დევისისა.

თოკომ "ფენერის" წინააღმდეგ მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

ნაიჯელ ჰეიეს-დევისთან ერთად "ფენერბაჰჩეს" მარკო გუდურიჩმა ულიდერა. სერბმა 21 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. "ვირტუსი" 80:78-ს იგებდა, როდესაც პაიოლას საოცარი პასის შემდეგ კორდინიემ ძალიან კარგი პოზიციიდან ორქულიანი ვერ ჩააგდო, "ფენერბაჰჩე" შეტევაზე გადავიდა და მარკო გუდურიჩმა სამქულიანი ჩააგდო. "ვირტუსმა" ორი საჯარიმო ჩააგდო და ისევ წინ გავიდა, თუმცა ჰეიეს-დევისმა კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო და "ფენერბაჰჩე" ორი ქულით წინ გაიყვანა – 84:82. დარჩენილ დროში "ვირტუსმა" ბურთი დაკარგა, თურქულმა კლუბმა ორი საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 86:82 მოიგო.

"ვირტუსმა" მიმდინარე სეზონში მეცხრე მატჩი წააგო და ევროლიგაში ბოლო ადგილზეა. თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" ევროლიგის მორიგ მატჩს "პარიზის" წინააღმდეგ, 28 ნოემბერს ჩაატარებს.

GBF.GE

altშენგელიას მარათონული კვირა დაიწყო | პირველი მატჩი: 19 ქულა და მოგება "სასარისთან"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერაფრით ვპატიობ ცეესკაში გადასვლას!!საუკეთესო ლიგიდან,ესპანეთის ლიგა ენდესადან რატომ უნდა წახვიდე რუსეთში??ამიტომაც ჰქონდა რუსეთში კარიერის ყველაზე ცუდი ორი სეზონი!
ბექა
04:32 21-11-2024
20
ვინც თოკოს "ჯერაც" ვერ პატიობთ პატრიოტიზმი სადღეგრძელოს დონეზე გესმით. თოკო კი საქმით ამტკიცებს სიყვარულსაც, თავდადებასაც და პატრიოტიზმსაც.

მეც სასტიკად ნაწყენი ვიყავი ცეესკას გამო, მაგრამ რასაც ის ნაკრებისთვის აკეთებს ანალოგი არ გააჩნია ან უიაშვიათესი მოვლენაა( ვგულისხმობ დღეში 2 ან ორ დღეში 2 თამაშს და ამისთვის დაფარულ მანძილებს).
amberგ
15:42 21-11-2024
5

სიახლეები პოპულარული