უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავარდნა ხეირს არ დაგვაყრის

AutoSharing Option
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ახლა მთელი საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უყურებს და ჩვენს გუნდს ქომაგობს. ასეთი ინტერესი ქართული გუნდისადმი დიდი ხანია არ ყოფილა, რაც მნიშვნელოვანწილად წინასატურნირო მატჩებში გამარჯვებებმა განაპირობა. მერე ისრაელში ლიტვასაც ვძლიეთ და უკვე პრეტენზია გაგვიჩნდა ევრობასკეტზე რომელიმე სინჯის მედლის მოპოვებისა.

მოთამაშეებს ჯერ ყველა აქებდა, ორი წაგების შემდეგ კი პირიქით მოხდა. რას იზამ, უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავარდნა გვჩვევია.

მოკლედ, უცბად უსაზღვრო ოპტიმიზმი პესიმიზმმა შეცვალა. ზოგი თვლის, რომ ამხანაგურ მატჩებს კალათბურთელებმა დიდი ძალა შეალიეს, გადაიღალნენ და ამის გაკეთება
არ იყო საჭირო. რომ არ გაეკეთებინათ, იმას იტყოდნენ, რატომ არ გააკეთეს, რატომ არ მოიგეს, იმიტომ დავმარცხდით ისრაელში ორჯერ ზედიზედო.

ერთი სიტყვით, ხომ გაგიგიათ, სხვა სხვის ომში ბრძენიაო, დაახლოებით ასეა საქმე.

კაცს რომ ამბიცია გაუჩნდება, ძნელია მისთვის დროებითი წარუმატებლობის გადატანა. იმის აბსურდული ეჭვიც კი გაჩნდა, რომ თქვენ წარმოიდგინეთ და, ტოტალიზატორზე მიდის თამაში და ა.შ. არადა, ყველას დაავიწყდა, აქამდე როგორ მოვედით.

ლიტვასთან მატჩისას არვიდას საბონისი აჩვენეს რამოდენიმეჯერ. ვერ იყო აშკარად ხასიათზე, აღიარა კიდეც, ერთ თვეში გუნდი რომ ორჯერ მოგიგებს, ეს უკვე შემთხვევითობა არააო.

ძველ გულშემატკივრებს ახსოვთ, ვინ იყო საბონისი, ვინ იყო ხომიჩუსი, კურტინაიტისი, იოვაიშა, მათთან მუდამ ვმარცხდებოდით, ისინი სხვა კლასისანი იყვნენ, თითქოს სხვა გალაქტიკისანი და იმდენი მოახერხა ქართულმა კალათბურთმა, გაუთანაბრდა და უგებს კიდეც. დაგვავიწყდა, რომ სსრკ-ის დაშლის წინ ოდენ ნიკოლოზ დერიუგინის იმედად ვიყავით და უმაღლესი ლიგიდან რომ არ გავარდნილიყვნენ, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოჰყავდათ კალათბურთელები.

ამ 25 წელიწადში ქართულმა კალათბურთმა არნახული პროგრესი განიცადა და ბუნებრივია, ამბიციებიც მოგვეძალა. რატომაც არა, მადა ხომ ჭამაში მოდის. და ისმის ლოგიკური კითხვა - ილუზიური ხომ არაა ეს ამბიცია?

სულაც არა, რადგან 7 მაღალი კლასის კალათბურთელი ცოტა ნამდვილად არაა; თუ ოდნავ სხვებიც შეეშველებიან და ხანდახან ამოსუნთქვის საშუალებას მისცემენ, მაგას რა აჯობებს, მაგრამ ვერ ეშველებიან.

ლიტვასთან ამხანაგური შეხვედრა გავიხსენოთ. შეუშვა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მოედანზე სათადარიგოები და მეორე პერიოდი პირწმინდად წავაგეთ. ეს უკვე სულ სხვა გუნდი იყო და დიდხანს რომ გაგრძელებულიყო მათი მოედანზე ერთად ყოფნა, კატასტროფულ შედეგს მივიღებდით.

თუმცა კი, ცალ-ცალკე ზოგიერთმა ცალკეულ ეპიზოდებში თავი ურიგოდ როდი წარმოაჩინა. მაგალითად, ილია ლონდარიძემ ლატვიასთან, მერე კი, სამწუხაროდ, "დაიკარგა". გოგა ბითაძეზეც იგივე ითქმის, მიხეილ ბერიშვილზეც. უკრაინასთან ამ უკანასკნელმა სამი საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვა. სახეზე აშკარა ნერვიულობა ეტყობოდა და მხოლოდ ერთი ჩააგდო, ისიც ძლივს.

ამ ბიჭებს გამბედაობისათვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, მაგრამ საქმეც ისაა, პრაქტიკის დრო რომ არაა. ზუროსს ერთგვარ ცაიტნოტში უხდება მუშაობა და როდესაც გადაღლილი მისი შეგირდები შეცდომებს უშვებენ, სათადარიგოთა სკამთან ემოციებს ვეღარ მალავს. რა ქნას, უფრო ხშირად რომ ათამაშოს ეს ბიჭები და დამარცხდეს, მაშინ ამაზეც დაუწყებენ კრიტიკას.

თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდს პრობლემები აქვს და ეს მისახედია. კი თქვა უკრაინელთა თავკაცმა ევგენი მურზინმა, ჩვენს მეტოქეს მხოლოდ 7 კალათბურთელი ჰყავს და ეს გამოვიყენეთო, მაგრამ ის 7 კალათბურთელი პირველ პერიოდშივე დაღლილი ხომ არ იყო, 7-დან მხოლოდ 1 სროლა რომ გამოიყენა და სადღაც მე-5 წუთისთვის მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა მოპოვებული?

რაღაც ტრილერს ემსგავსება ჩვენი თამაში, ვაგებთ, ვაგებთ, ძალად ვიქმნით პრობლემას და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გმირული ძალისხმევა გვჭირდება. რამდენიმეჯერ გამოგვივიდა, ცოტა გაგვიმართლა კიდეც, ბოლო წამებზე ჩვენ ვივარგეთ, მოწინააღმდეგემ ვერა, მაგრამ ასე სულ არ გაგრძელდებოდა. ფორას რომ მისცემ ვიზავის, მერე სულ მდევრის როლში ძნელია ყოფნა, დიდ ძალას გართმევს და იფიტები.

ან ამ პუსტოვოის და ლიპოვოის (პუსტას და ლიპას) გაჩერება რაღა გახდა? ჩვენმა უკეთესმა ცენტრებმა პირველს ფარი დაუთმეს, ხოლო მეორეს, რომელსაც "ვითადან" ვიცნობთ, ბურთები პერიმეტრიდან აყრევინეს და ალბათ, მანაც კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მეოთხე მეოთხედში კი ისე ჩანდა, თითქოს უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლოსკენ თორნიკე შენგელიამ შეტევაში ორჯერ დაკარგა ბურთი.

თუმცა კი, შენგელია ისე ასპარეზობს, მასზე ოდნავი საყვედურის თქმაც კი არასწორია (მარტო ლიტვასთან აღებული 28 ქულა რამდენს ნიშნავს!). ასეა, წინ არგასაშვებ მეტოქეს 15 ქულით რომ გაუშვებ წინ, რა თქმა უნდა, მისი დევნა გაგთანგავს, ქანცს გამოგაცლის და ენდშპილში შეცდომების დაშვებას დაიწყებ.

რა იქნება ხვალ? ისრაელმა სენსაციურად გერმანიას მოუგო, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მიეცა და საკუთარ მოედანზე თავს შეგვაკლავს. მაყურებლის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ეს, ფაქტობრივად, ფინალური ორთაბრძოლა იქნება და იმედია, გაგვახარებენ ბიჭები. სწორედ ხვალ გამოჩნდება მათი შნო და მარიფათი.

ისე, მართალი გითხრათ, ამ ტურნირის შემდგომი ეტაპი უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთის ხვალინდელი დღისთვის, ვინაიდან წამყვანი მოთამაშეების ნაწილი ორ ფრონტზე (ნაკრებსა და კლუბში) ასაკის გამო ასპარეზობას, ალბათ, ვეღარ შეძლებს, ნაკრები გაახალგაზრდავდება, გადახალისდება და ძნელი სათქმელია, რამდენად მტკივნეული იქნება თაობათა ცვლის პროცესი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი იმედი მაქ თქვენი ბიჭებო, მიაწექით არც თავი დაზოგოთ და არც მოწინააღმდეგე!!! გულით და სულით თქვენთანაა მთელი ქვეყანა!!!
რაჟდენ (რაჟიკო) ფაჩულია
05 სექტემბერი 2017 11:32
0
მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ყველას უნდა გაახაროს გულშემატკივარი და ქვეყანა, მაგრამ ბურთი მრგვალია...
ზაზა
05 სექტემბერი 2017 10:58
0
არაფერ ახალს არ ვიტყვი ალბათ თუ ვიტყვი რომ ტოტალიზატორზე დადებულ თამაშს გავდა... ან მეგობრებისთვის დათმობილ მატჩს...?!
giorgi
05 სექტემბერი 2017 09:30
4
ჩვენი ბიჭების მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, თავი არასდროს დაუზოგავთ, ბევრი სასიამოვნო წუთი გვაჩუქეს.. მე მინდა გავამხვნევო ისინი და წარმატება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ ორივე თამაშის მოგება შეუძლიათ!!!
zviads
05 სექტემბერი 2017 09:25
0
რატომაა აღარაა შერმადინი ისეთი ეფექტური როგორიც ადრე იყო, ზუროსს ატამაშე შერმადინი პირველ ნომრად როგორც ამხანაგურებში იყო, ამის შემდეგ შეცვლაზე ფაჩულიამ. დღეს იგივე დიდი დიდგორი გვაქვს, ეს ომი უნდა მოვიგოთ, კალათბურთელებს: ყველამ უნდა ვიომოთ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა და გამარჯვება მივულოცოთ ერთმანეთს.
beso
05 სექტემბერი 2017 09:15
0
გერმაინიასთან და უკრაინასთან ქაჯებივით ითამშეს, ქაჯობაა ის რომ ჩვენ მოწინააღმდეგეს ზემოდან უყურებ, ბოლოს ქაჯი ვინ დარჩა ნახეთ.
ებიჯო
05 სექტემბერი 2017 07:19
0
ისრაელთან 1-ლივე წუთებიდან 2 ქულიანების ჩაგდებაზე კი არა- ჩ ა ტ ე ნ ვ ა ზ ე თამაში,მეტოქის ჯარიმებით დატვირთვა,მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნის ორიენტირება,ფართან 2 მაღალის დაყენება და 3 -ანებიც თამამად და ...უნდა მოუგონ ისრაელს,ანუ თავიდანვე ფსიქოლოგიური უპირატესობით თამაში!
glaxuna
05 სექტემბერი 2017 02:08
0
ხვალინდელი დღის იმედი ნამდვილად მაქვს, ითამაშებენ ბიჭები და მოიგებენ. რეალურად, რომ შევხედოთ, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შეუძლია ისრაელის დამარცხება. იმედიანად ვიყოთ...ვუგულშემატკივროთ.წარმატებები. ხვალ დიდი დღეა:)
GG
04 სექტემბერი 2017 21:08
3
გუნდში აშკარად არეულობაა.ლიტვასთან მატჩის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენი პროფესორა ჟურნალისტები დაინტერესდით და გააგებინეთ გულშემატკივარს რა ხდება, აქ დაღლილობა არაფერ შუაშია.ასე უცბად გუნდის მოშლა არ ხდება.საქართველოში საბავშვო ბაგა ბაღებშიც კი პოლიტიკა ერევა
გიორგი
04 სექტემბერი 2017 19:39
4
მე მაქვს ინფორმაცია, რომ უთანხმოების ძირითადი მიზეზი ზაზა ფაჩულიას უზომო ამბიციურობაა. ლიტვასთან თამაშში ის აშკარად ჩამორჩა ხუთეულის ყველა კალათბურთელს. ამის შემდეგ მოთხოვა ზუროსს, რომ თამაში მასზე აეწყოთ. რაზე შეთანხმდნენ, არ ვიცი, თუმცა შედეგი სახეზეა.
ლევანი
05 სექტემბერი 2017 17:37
0
ნამდვილად არ არის მასე (უკიდურესობიდან უკიდურესობაში), ყოველშემთხვევაში უმრავლესობისთვის. ყველამ გაიხარა ლიტვასთან გამარჯვებით, მაგრრამ მეც და ბევრმაც დაინახა პრობლემები რომელიც იყო გუნდში და გამოსწორება ჭირდებოდა (საკუთარი ფარის წაგება, გაუმართლებელი ჯარიმები, კონცენტრაციის დაკარგვა, ზაზას არაეფექტურობა). " უკიდურესობაში" წაგებებმა კი არა, თამაშის ხარისხმა (ესეც რბილად არის ნათქვამი) გადაგვაგდო - ასეთ გუნდს ევროპაზე არაფერი ესაქმება და პოტენციალი რომ ვიცით ამიტომ გვწყდება გული. ამ 2-მა თამაშმა იგივე შეგრძნება დამიტოვა რასაც ფეხბურთელები გვიტოვებდნენ - უჯიგროდ და მონდომების გარეშე თამაში, თითქოს ძალით შეუშვეს მოედანზე. შესაბამისად ნუ გიკვირთ ეს პესიმიზმი რაც უფრო სამწუხაროდ არსებულ რეალობას შეესაბამება და პირიქით იმ გამარჯვებები მერე ქონდა გუნდს გაუმართლებელი ეიფორია.
avtors
04 სექტემბერი 2017 17:50
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული