საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთა და ლიეტუვას მხარდაჭერა მოიპოვა

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა.

აღნიშნულ თემას უკავშირდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის ვიზიტი ლიეტუვაში, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელობა ოფიციალურად შეხვდა ლიეტუვის ფედერაციის პრეზიდენტს და მსოფლიო კალათბურთის გამორჩეულ ფიგურას არვიდას საბონისს.

- რა სამუშაო გასწია ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე და რა პროცედურები იყო ამ ყველაფრისთვის საჭირო?
- კალათბურთის
ეროვნულმა ფედერაციამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის თაობაზე. განაცხადის მიღების ვადა 15 მარტამდე იყო და ამ დროისთვის ოფიციალურად დავაფიქსირეთ განაცხადი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სახელმწიფოსთან ერთად და ამ პროცესში ყველა სამთავრობო უწყება იღებდა მონაწილეობას.

ჩვენ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აღგვითქვა. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი იქნა საგარანტიო წერილები ინფრასტრუქტურულ უზრუნვეყოფასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მზადყოფნის შესახებ. შესაბამისად, განაცხადი, ჩვენი მხრიდან სრულყოფილად და უნაკლოდ იქნა წარმოდგენილი.

- რატომ გაუჩნდა საქართველოს განაცხადის გაკეთების სურვილი და რა შანსები აქვს ჩვენს ქვეყანას გახდეს მსგავსი ტიპის პრესტიჟული ტურნირი მასპინძელი?
- საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 4-ჯერ იასპარეზა და საკმაოდ წარმატებულად. ჩვენს ქვეყანას სულ ცოტა დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილიყო და ყველამ გაიგო, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე. საქართველოში ხალხს უყვარს კალათბურთი და გულშემატკივრობს. საორგანიზაციო კუთხით ჩვენ არ გვაკლია გამოცდილება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მასპინძლობისას ფიბასგან არა ერთხელ დავიმსახურეთ მაღალი შეფასება. ამასთან, 2021 წელს ჩვენ ნაკრებს პოტენციალი ექნება არა მხოლოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ მაღალ შედეგებს მიაღწიოს.

- როდის იქნება ფიბა ევროპის მიერ გადაწყვეტილება მიღებული მასპინძლობის თაობაზე?
- 25 მაისს ჩატარდება ფიბა ევროპის პრეზიდენტის არჩევნები, ახალ პრეზიდენტთან ერთად შეიკრიბება ბორდი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს.

- როგორია ჩვენი შანსები და რა საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს საქართველოს?
- შეხვედრების დროს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენ გავიზარდეთ როგორც საკალათბურთო თვალსაზრისით მოედანზე, ისევე როგორც მასპინძლები და ორგანიზატორები. ამ კუთხით წამყვან ადგილს ვიკავებთ და ჩვენ, როგორც საკალათბურთო ქვეყანა მოვმწიფდით და საშუალო დონის გუნდებიდან დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ჩვენი მოთამაშეები 2021 წელს სრულ მზადყოფნაში იქნებიან, მაგ დროისთვის ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება და ამიტომ ეს იდეა ჩემი გაპრეზიდენტების დღიდან მაწუხებს და ვფიქრობ, მოვიდა დრო ფიბა ევროპამ მოგვცეს ეს სტატუსი და ვიყოთ მასპინძლები.
Sportall.Ge

- ლიეტუვაში ვიზიტის მთავარი მიზანი რა იყო?
- ყველამ ვიცით, რომ არვიდას საბონისი მსოფლიო მასშტაბით ლეგენდაა და ამასთან, ის არის ჩემი უახლოესი მეგობარი უკვე ათეული წლების მანძილზე. ის არის უნიკალური პიროვნება.

ლიეტუვა კი ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მათ გაეზიარებინათ ის დიდი გამოცდილება, რაც 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობით მიიღეს. ისინი იყვნენ არა ჯგუფის, არამედ მთლიანი ევრობასკეტის მასპინძლები და აქვთ უზარმაზარი გამოცდილება.

მე გავეცანი სწორედ ამ კუთხით მუშაობას - ვნახე ჟალგირისის არენა, ვილნიუსში სიმენს არენა, კლაიპედას არენა, სადაც 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა საქართველო, დავესწარი უამრავ მატჩს, კერძოდ: ევროლიგის შეხვედრას "გრან კანარიასთან", შიდა ჩემპიონატს "ლიეტუვას რიტასთან" ვილნიუსში, ბალტიის ლიგაში ქალთა შორის ფინალურ მატჩს, ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებს.

დავათვალიერე ყველა ის ობიექტი, რომელთა აშენებასაც, საბონისის თქმით, ბიძგი მისცა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობამ. დარბაზების და ობიექტების უმრავლესობა ლიეტუვაში აშენდა მას შემდეგ, რაც მათ მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ეს იქნება ახალი ბიძგი და მუხტი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, აშენდეს ახალი ობიექტები, სავარჯიშო დარბაზები, სადაც მოემზადებიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც მომავალში შეავსებენ ეროვნულ ნაკრებს. მე კარგად ჩავიხედე მათ საკალათბურთო მეურნეობაში და ვნახე როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს.

ლიეტუვაში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩემთან ერთად იმყოფებოდა გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი და ლიეტუვას ფედერაციის გენერალური მდივანი მინდაუგას შპოკასი. ჩვენ გვქონდა ინტენსიური საუბრები მასპინძლობასთან დაკავშირებით, საბონისი ჩვენი განაცხადის შესახებ საქმის კურსშია და მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ის არამხოლოდ პირად საუბრებში გვიჭერს მხარს, არამედ იქ სადაც მისი მხარდაჭერა საჭირო იქნება. ცხადია, ჩვენ სხვა ქვეყნებისგანაც გვაქვს მხარდაჭერა, რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან სჭირდება ასეთი შეჯიბრებები განვითარებისთვის და წინსვლისთვის.

Sportall.Ge

- სხვა თემებთან დაკავშირებით თუ გქონდათ საუბარი არვიდას საბონისთან?
- განვიხილეთ ბავშვთა საკალათბურთო თემები. მათ გამიზიარეს გამოცდილება, როგორ ზრდიან ახალგაზრდა მოთამაშეებს, დავათვალიერე საკალათბურთო სკოლები, მათ შორის საბონისის სკოლა, რომელიც საუკეთესოა ლიეტუვაში და რომელიც თვითონ საბონისმა დააარსა. ის წლების განმავლობაში პირადად ხელმძღვანელობდა სკოლას და შემდგომში გადასცა სახელმწიფოს, კერძოდ ქალაქ კაუნასის მუნიციპალიტეტს.

ლიეტუვა ბავშვთა კალთბურთის განვითარების მხრივ უმაღლეს დონეზეა. მას შემდეგ, რაც ფიბა ევროპა მასპინძლობის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა დავგეგმეთ, სადაც განვიხილავთ მომდევნო ნაბიჯებს. ლიეტუვასთან თანამშრომლობა დაწყებულია და ის მოიცავს სამწვრთნელო პროცესებს, კემპებს, მსაჯების თემას და სხვ. ლიეტუვა ევროპაში წარმატებული საკალათბურთო ქვეყანაა და მაგალითი მისგან უნდა ავიღოთ. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს თანამშრომლობა ქართული კალათბურთის ხვალინდელ დღეს წაადგეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
არვიდას საბონისი დიდი კალათბურთელი და ადამიანი.აკადემია თავად დაარსა, ააყვავა/ არაერთი მოთამაშე აღზარდა და სახელმწიფოს გადასცა.
-
23 მარტი 2019 00:53
0
წარმატებები პაატა!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
21 მარტი 2019 09:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული