თორნიკეს მშვენიერი მატჩი - "ვირტუსი" სერია "ა"-ს ფინალშია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია იტალიის სერია "ა"-ს ფინალშია და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა "ბოლონიამ" იტალიის სერია A-ს ნახევარფინალურ სერიაში "ტორტონას" მე-3 მატჩიც მოუგო და ფინალში გავიდა. სერჯო სკარიოლოს გუნდი სერიას 2:0-ს იგებდა და ამჯერად გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებით ფინალის საგზური უმოკლესი გზით მოიპოვა და ძალების აღდგენის მეტოქეზე მეტი დრო ექნება.

ბოლონიელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც 16 ქულით მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ნახევარში ორივე პერიოდი წააგეს (ერთნაირი ანგარიშით 15:18), გამარჯვება არ გასჭირვებიათ – 77:69. თორნიკე შენგელია თავის გუნდში ერთ-ერთი
გამორჩეული იყო.

ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მან 10-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. როცა შენგელია პარკეტზე იყო, მის გუნდს +14 ქულა ჰქონდა მეტოქესთან შედარებით. "ვირტუსში", თორნიკეს გარდა, მუჰამადუ ჟაიტე (17 ქულა) და მილოშ ტეოდოსიჩი (15 ქულა) იყვნენ გამორჩეულები.

"ვირტუს ბოლონია" ახლა ფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც "სასარისა" და "მილანის" წყვილში გაირკვევა. ფავორიტი, ცხადია, "მილანია", რომელიც სერიას დამაჯერებლად, 2:0-ს იგებს. მე-3 მატჩი 1-ელ ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ და "ვირტუსმა" ამ სეზონში ერთი ტიტული უკვე მოიგეს – ევროთასი და მომდევნო სეზონში ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული