შერმადინის 13 ქულა ტომასონის "გრან კანარიასთან" | ქართველი ცენტრი სეზონს ფორმაში ხვდება

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება. საქართველოს ნაკრებისა და "ლაგუნა ტენერიფეს" ცენტრმა სეზონისწინა, "იზოლას თასის" ფინალურ მატჩში თავი გამოიჩინა, თუმცა ტიტული მეტოქეს, ჩვენი ნაკრების ამერიკელი წევრის – ჯო ტომასონის გუნდს, "გრან კანარიას" დარჩა. სანამ შედეგებზე გადავალთ, დავაზუსტებთ, რომ ტენერიფულმა კლუბმა სპონსორი "ლენოვო" "ლაგუნათი" შეცვალა და ეს კლუბის სახელწოდებაზეც აისახა.

იზოლას თასი 2 მატჩის ჯამში თამაშდებოდა. პირველი შეხვედრა "გრან კანარიამ" შინ 73:68 მოიგო, საპასუხო მატჩი კი ტენერიფეში გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა 84:81 მოიგეს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ
ტენერიფელები საშინაო მატჩს 16 ქულის სხვაობითაც კი იგებდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, რაშიც დიდი როლი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ითამაშა.

ტომასონი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჯომ 4 ორქულიანი, სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და თანაც ისე, რომ ტყორცნა არ გაუფუჭებია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის MVP-ს ტიტული სწორედ მას ერგო.

შედეგიანი თამაში ჰქონდა შერმადინსაც, რომელმაც 18:50 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ამით "გრან კანარიამ" ესპანეთის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლი დაასრულა, "ლაგუნა ტენერიფე" კი დასკვნით საკონტროლო მატჩს 22 სექტემბერს "გრანადასთან" ჩაატარებს.

ლიგა ენდესას ახალი სეზონი სტარტს 28 სექტემბერს აიღებს: "გრან კანარია" "მორაბანკ ანდორას" ესტუმრება, "ლაგუნა ტენერიფე" კი "ბასკონიას" უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბოლო წლებში დავაკვირდი, რომ შერმადინი კარგად თამაშობს საქართველოს ნაკრებში გამოძახებამდე. აქ ..ვამს!
პლეხანოველი
01:34 22-09-2024
0
შერმადინი რასაც აკეთებს გავიგეთ და კარგია...ნუ გადაგვჭამთ ტვინს...16 წლის ქართველი ბიჭი იტალიის სერიაში c ში რომ ითამაშა და თამაშობს ეგ მოიკვლიეთ და ის გააპიარეთ...შერმადინს არ ჭირდება თქვენი გაპიარება...ქართველი 16 წლის ბავშვი სერუა c ში რომ თამაშობს ის გააპიარეთ
ადანიანი
13:35 20-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული