გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 3 დღეში მეორე მატჩი მოიგო. მე-14 და მე-15 ტურების მატჩები ტენერიფელებმა თითქმის მიყოლებით, შინ ჩაატარეს და "სარაგოსას" ძლევის შემდეგ 4 იანვარს "ბილბაო ბასკეტიც" დაამარცხეს. შერმადინმა პირველ მატჩში რომ 8 ქულა ჩააგდო, ამის შესახებ გამცნეთ, "ბილბაოსთან" კი ქართველი ცენტრი MVP გახდა. "ტენერიფემ" მესამე პერიოდში გატეხა "ბილბაო" და საბოლოოდ 86:75 სძლია.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ზუსტად 23 წუთი გაატარა. ამ დროში მან 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე
16 ქულა, 5 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. მან მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო, მასზე კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. 18 ქულა და 9 პასი მიითვალა მარსელინიო უერტასმა, რომელიც საერთო სარგებლიანობით (24) შერმადინს გაუტოლდა. 14 ქულა ჩააგდო ხოან სასტრემ.
ამ თამაშის მოგებამ სატურნირო 2 ქულაზე არანაკლებ ღირებული სარგებელი მოუტანა "ტენერიფეს". კანარელებმა ამ მოგებით ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობა გაინაღდეს, რომელიც თებერვალში გაიმართება. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, 10 მოგებითა და 4 მარცხით ტენერიფელები მე-3 ადგილზე არიან.
GBF.GE