ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, 127:113 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან სტეფ კარიმ თავი 50 ქულით, 7 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. "ოქროს ბიჭუნასთვის" ეს შედეგი (50 ქულა და 10 გადაცემა) კარიერაში რიგით მე-10 გახლდათ, რითაც "უორიორსის" ისტორიაში შევიდა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სტეფი უილტ ჩემბერლენისა (1963 წლის 13 თებერვალი) და რიკ ბარის (1974 წლის 23 თებერვალი) შემდეგ პირველი სანფრანცისკოელი გახდა, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა. ამასთან ერთად, კარი მეორე ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი (33) გახდა, რომელმაც 50 ქულა და 10 ასისტი შეასრულა. 1-ელ ადგილზე მაიკლ ჯორდანი იმყოფება, რომელმაც 32 წლის შემდეგ 5 მსგავსი შეხვედრა შეასრულა, ხოლო სტეფს ამ მომენტისთვის 4 იდენტური პირადი რეზულტატის მქონე მატჩი აქვს.
"ყოველთვის კარგია, როდესაც მსგავს შედეგს აფიქსირებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული ციფრებია. ამას წინასწარ ვერ დაგეგმავ, მსვლელობისას უნდა მიხვდე, რომ შეგიძლია და შემდეგ ამისთვის ყველაფერი გაიღო" - განაცხადა მატჩისშემდგომ ინტერვიუში სტეფმა.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი "ოქროსშტატელების" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმაც გააკეთა.
"ეს განსაცვიფრებელი წარმოდგენა იყო. უკვე 7 წელია ისეთ სპექტაკლს ვუყურებ, როგორიც არასდროს მინახავს; 7 წელია ვუყურებ და ჩემთვის მაინც წარმოუდგენელია".
"ჰოუქსის" მხრიდან თრე იანგმა გუნდს 28 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"გოლდენ სტეიტი" 9 გამარჯვებითა და 1 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას კი 11 ნოემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.
"ატლანტას" 4 მოგება და 7 მარცხი აქვს, შემდეგ მატჩს კი ხვალ, 10 ნოემბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
twitter.com/WorldWideWob/status/1457927267003240451