"ლეიკერსის" სუპერვარსკვლავები შესანიშნავად თამაშობენ... ლებრონმა პროტოკოლი უდროო დროს დაარღვია [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და 117:92 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან რიშონ ჰოლმსი გამოირჩა, რომელმაც თავი 27 ქულით (12/13), 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

"ლეიკერსი" მოედანზე ლებრონ ჯეიმსის გარეშე წარდგა. მოგეხსენებათ, ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა პროტოკოლით გათვალისწინებული წესები დაარღვია და გუნდს მინიმუმ 10 დღით (წესით, 2 კვირა) გამოაკლდება.

ჯეიმსის არყოფნაში საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

რასელ უესტბრუქმა აქტივში 23 ქულა,
5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ასე და ამგვარად, ლოსანჯელესური გუნდი 12 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, თანაქალაქელ "კლიპერსთან" გამართავს.

"საკრამენტო" 8 მოგებითა და 14 წაგებით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი ხვალ, 2 დეკემბერს, ასევე "კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.


"ფინიქს სანსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 104:96 დაამარცხა. მასპინძლებისთვის ეს მოგება რიგით მე-17 აღმოჩნდა. გასული სეზონის ვიცეჩემპიონები კვლავაც შესანიშნავად გამოიყურებიან.

"სანსის" მხრიდან საუკეთესო დეანდრე ეიტონი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 11 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

კრის პოლმა 15 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა დააგროვა.

სანფრანცისკოელების რიგებიდან ჯორდან პულმა გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

საშინელი შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ, რამაც დიდწილად მარცხი გამოიწვია. "ოქროს ბიჭუნამ" 12 ქულა (4/21), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ამრიგად, ორივე გუნდი შესანიშნავ სეზონს ატარებს, მოგება-წაგების ბალანსი კი 18/3-თან აქვთ, რითაც ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებენ.

"ფინიქსი" მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს,  4 დეკემბერს კი ისევ "გოლდენ სტეიტს" შეხვდება.


სხვა შეხვედრები:

"ბრუკლინ ნეტსი" - "ნიუ იორკ ნიქსი" - 112:110

"ტორონტო რეპტორსი" - "მემფის გრიზლი" - 91:98

"პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" - "დეტროიტ პისტონსი" - 110:92

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული