გოგას დიდი შანსი - ქართველს დრო უნდა გაეზარდოს

AutoSharing Option
როგორც Bleacher Report-ი ირწმუნება, "ინდიანა პეისერსის" ხელმძღვანელობა რეორგანიზებას აპირებს და გუნდიდან ლიდერების გაშვებას გეგმავს. იგულისხმებიან დომანტას საბონისი, მაილის ტერნერი და კარის ლევერტი. ეს ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის, რა თქმა უნდა, გასახარია, რადგან გოგა ბითაძეს სათამაშო დრო და ნდობა გაეზრდება.

ამ სიახლესთან დაკავშირებით sircharlesincharge სტატიას გვთავაზობს:

მოგეხსენებათ, "ინდიანას" პლეი-ოფის 1-ლი რაუნდი უკვე დაახლოებით 10 წელია არ დაუძლევია. "პეისერსი" 5-6 წელია პლეი-ოფში გადის, თუმცა იქ უკვე ვეღარაფერს ახერხებს და სეზონს ნაადრევად ემშვიდობება. სწორედ ამიტომ, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ლიდერები გაცვალოს და სათამაშოდ ახალი
სისხლი მოიყვანოს.

რა თქმა უნდა, გასხვისებაში არ იგულისხმება, რომ ოღონდ გაუშვან და სხვას არაფერს დაეძებენ. საჭიროა, რომ არჩევანი გაკეთდეს მკაფიო და სწორად განსაზღვრული, რის შემდეგაც აუცილებელია მიჰყვნენ ამ გეგმას, იქნება ეს ლატარიისთვის რაც შეიძლება მეტი არჩევანის მოპოვება ან ვარსკვლავების მოყვანა. ფაქტი ერთია, ახალი სისხლი საჭიროა, ამ ყველაფერში კი გადამწყვეტი როლი რიკ კარლაილმა (მთავარმა მწვრთნელმა) უნდა ითამაშოს.

26 თამაშის შემდეგ "პეისერსს" 10 მოგება და 16 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს და პლეი-ინის საგზურს 4 მოგებით ჩამორჩება ("სელტიკსს" 13 გამარჯვება და 12 წაგება აქვს). აქედან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია ნაადრევი, მაგრამ ლოგიკური დასკვნა დავდოთ - "ინდიანას" ეს ბირთვი ამ კონფერენციაში საფრთხეს არ წარმოადგენს და დიდი ალბათობით, ვერც მოახერხებენ ელიტაში გასვლას... რომც გავიდნენ, აღმოსავლეთის მოწინავე სამეულს შევხედოთ: "ბრუკლინი", "ჩიკაგო" და "მილუოკი", ვერც ერთს ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და უშანსოდ, 4:0 დამარცხდებიან.

აქედან გამომდინარე, საჭიროა ორგანიზაციის რაღაც მხრივ განვითარება, მაგალითად, ხსენებული გაცვლით, თანაც ამ გუნდში ისეთი კალათბურთელები ნამდვილად ირიცხებიან, რომლებსაც მსუყედ გაასხვისებენ.

მაგალითად, დომანტას საბონისი. ლიეტუველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდია, მისი შეტევითი არსენალი კი ნებისმიერ გუნდს გამოადგება. მრავალმხრივი მოთამაშე და რაც მთავარია, კარგი მექულე. ამაზე მისი სტატისტიკური მონაგარიც მეტყველებს, საშუალოდ 17.8 ქულა, 12.0 მოხსნა და 4.1 შედეგიანი გადაცემა. სწორედ ამიტომ, საბონისის სანაცვლოდ გუნდში რამდენიმე კარგი კალათბურთელის მოყვანაა შესაძლებელი.

რაც შეეხებათ ლევერტსა და ტერნერტს, ისინიც მშვენიერი ათლეტები არიან, განსაკუთრებით, კარისი, რომელიც შეტევით ჭრილში მართლაც რომ მშვენიერია, მისი დამატებით კი შეგვიძლია იდეალური მე-6 კაცი მივიღოთ, რომელიც შემოვა და თავის 15-20 ქულას ყოველთვის ჩააგდებს (ჯორდან კლარკსონის მაგალითი). ამიტომ შესაძლოა წამყვანმა გუნდებმა გარისკონ და აიყვანონ.

თავის მხრივ, ტერნერი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამფარებელი ცენტრია. ამას დაყენებული სამქულიანიც ემატება, რაც თანამედროვე კალათბურთისთვის უდიდესი პლუსია. რატომაც არა, მისი ხილვა ნებისმიერ გუნდს მოუნდება.

აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, რომ "ინდიანას" ხელმძღვანელობამ სცადოს და მოიყვანოს ახალი ვარსკვლავი გუნდში, რომელიც შეძლებს და ბევრად უფრო დიდი წარმატებით იასპარეზებს, ვიდრე ჩემ მიერ ხსენებული კალათბურთელები" - წერს გამოცემა.

ამ სიახლის გარშემო არაერთი ინფორმაცია იწერება. გთავაზობთ სხვადასხვა ვერსიას, თუ როგორ შეიძლება გაიცვალონ ისინი.

Sportall.Ge

"მაიამი ჰიტი" - დომანტას საბონისი

"ინდიანა პეისერსი" - პი ჯეი ტაკერი, მარკიფ მორისი, ვიქტორ ოლადიპო, გაბ ვინსენტი, 2024 და 2027 წლების 1-ლი რაუნდის არჩევანი

ნაკლებად ვარსკვლავური, თუმცა კარგი როლური მოთამაშეები, რომლებიც ეტაპობრივად გუნდის წარმატების მთავარი შემმოქმედები ხდებიან. რატომაც არა, მათ დამატებული 1-ლი რაუნდის პიკები და მოლაპარაკება შესაძლებელი ხდება, საპასუხოდ კი "მაიამი" საჩემპიონო გუნდი ხდება.

"კლიპერსი" - დომანტას საბონისი

"პეისერსი" - ლუკ კენარდი, ივიცა ზუბაცი

ალბათ, ეს გაცვლა ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაკლებად სასიამოვნოა, რადგან გუნდში კიდევ ერთი ცენტრი მოვა, რომელიც გოგას გარკვეულ დროს შეუზღუდავს, თუმცა, თუ კალიფორნიელების მხრიდან ვიმსჯელებთ, პოლ ჯორჯს, რეჯი ჯექსონსა და კავაი ლეონარდს (როდესაც დაბრუნდება) სჭირდებათ კალათბურთელი, რომელიც სოლიდურ სტატისტიკურ მონაგარს დააფიქსირებს; ამასთან ერთად, დაარიგებს კარგ გადაცემებს და შეტევით ჭრილში გუნდს ფანტაზიას აუმაღლებს, "პეისერსი" კი 3-ქულიანის კარგ მსროლელსა და საკმაოდ ნიჭიერ მაღალს მიიღებს.

"ბრუკლინი" - დომანტას საბონისი

"პეისერსი" - ლამარკუს ოლდრიჯი, ჯო ჰარისი, ბლეიქ გრიფინი, ქემ ტომასი

რა თქმა უნდა, ამ გაცვლის გაჩარხვის რთული შანსია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორივე გუნდი ძალიან გაძლიერდება. დავიწყოთ "ნეტსით" თუ კაირი ირვინგი მოედანს დაუბრუნდება, მოედანზე 4 ვარსკვლავი აღმოჩნდება და თანაც, როგორი? საპასუხოდ კი "პეისერსი" მიიღებს გამოცდილ ლამარკუს ოლდრიჯსა და ბლეიქ გრიფინს (გოგას კონკურენტებს), სნაიპერ ჯო ჰარისსა და ნაკლებად შედეგიან ქემ ტომასს.

აი, მეორე ვარიანტი კი უკვე რეალურია. თუ კაირი ირვინგი გუნდს დაუბრუნდება, შესაძლოა ნიუიორკელებმა სწორედ ის გაცვალონ და ძლიერი როლური კალათბურთელები შეინარჩუნონ, საპასუხოდ კი "პეისერსი" თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ გამთამაშებელს მიიღებს.

ასევე განიხილება სხვა ვარიანტებიც:

სამგუნდიანი გაცვლა, სადაც "ფილადელფია", "გოლდენ სტეიტი" და "ინდიანა პეისერსი" ფიგურირებენ:

"ინდიანა" - ბენ სიმონსი, ჯეიმს ვაისმენი, ჯონათან კუმინგა, მოუსეს მუდი

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - დომანტას საბონისი

"ფილადელფია" - კარის ლევერტი, ტი ჯეი უორენი, ჯერემი ლემბი

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამ გაცვლით ყველაზე მეტად "გოლდენ სტეიტი" იხეირებს, რადგან გუნდში მორიგი მეგავარსკვლავი მივა, ისედაც ჩემპიონობის გზაზე დამდგარ "ოქროსშტატელებს" კი მსგავსი კალიბრის კალათბურთელი ერთიორად გააძლიერებს. "პეისერსში" ვაისმენის გადასვლა გოგასთვის დროის კვლავინდებურად შემცირებას ნიშნავს, აი, ბენ სიმონსი კი, სავარაუდოდ, თავის შესაძლებლობებს კარგად გამოავლენს.

"უორიორსის" არ იყოს, "ფილადელფიაც" ძალიან გაძლიერდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კარის ლევერტის მე-6 მოთამაშედ დანიშვნა სარგებელს მოიტანს, სათადარიგოდან შემოსული ტი ჯეი უორენი და ჯერემი ლემბი კი სასტარტოებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემენ და რაც მთავარია, გუნდში კიდევ უფრო დიდი სიღრმე გაჩნდება.

"ინდიანა" - სი ჯეი მაკალუმი, რობერტ კოვინგტონი, იუსუფ ნურკიჩი

"პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" - დომანტას საბონისი, მაილის ტერნერი, კარის ლევერტი

იმის თქმა, თუ რომელი მეტად იხეირებს, რთულია. ალბათ, უფრო "ინდიანა", მაგრამ, რა თქმა უნდა, საბონისის ხარჯზე "პორტლენდი" უდიდეს დანამატს მიიღებს; ამავდროულად, ნურკიჩზე მეტად კარგი ფარის დამცველი და კარში შემტევი. რა თქმა უნდა, რთულია რაიმის თქმა, რადგან შეხედულება ამ შემთხვევაში სუბიექტურია. ფაქტობრივად, ორივე გუნდი ერთმანეთში ბირთვს ცვლის.

ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. ფაქტი ერთია, "პეისერსის" ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ განავითაროს გუნდი და რა გააკეთოს. თუ მაილისი და დომანტასი გუნდიდან წავლენ, გოგას თავის გამოჩენის მეტი შესაძლებლობა მიეცემა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოგიკა ვერ გავიგე, პეისერსმა წარმატებისათვის უძლიერესი 3 კალათბურთელი უნდა გაუშვას და კაცმა არ იცის ვინ უნდა მოიყვანოს?!
SILVERMARCS
15:51 08-12-2021
0

სიახლეები პოპულარული