ქუთაისი საკალათბურთო ღონისძიებებს უმასპინძლებს

AutoSharing Option
არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავის მშობლიური ქალაქი ქუთაისი 5 დღით საქართველოს საკალათბურთო ეპიცენტრად იქცევა.

1-4 თებერვალს იმერეთის მთავარი ქალაქი ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლებს.

ქუთაისში გაიმართება ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი - "ოლ სტარი".

ზ. საკანდელიძისა და მ. ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეი-ოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩით დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე (GBF.GE) ხმის მიცემის პროცედურა დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყება და 2 თებერვალს, 12:00 საათზე დასრულდება.

"ოლ სტარის" სათადარიგო მოთამაშეებს კი მწვრთნელები დაასახელებენ. "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სუპერლიგის ორი წრის შემდეგ 3-ქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები, ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს, წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და "ა" ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო ("ა" ლიგა).

ტურნირის მონაწილე გუნდები 1-ელ თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალი 4 თებერვალს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც დაგეგმილია დიდი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის - ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა.

ოთარ ქორქიას გრანდიოზული ფოტო სხვა ქუთაისელი ვარსკვლავების გვერდით - სპორტის სასახლეში საპატიო ადგილს დაიკავებს.

ქუთაისის საკალათბურთო დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული