მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
დღეს ქუთაისში დაიწყო ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი, რომელიც ოლიმპიური სისტემით იმართება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელების ხსოვნის ტურნირი 2006 წლიდან იმართება და წლეულს იგი მე-13-ედ ტარდება.

3 წლის წინ ქორქია-საკანდელიძის მემორიალმა თბილისიდან ქუთაისში, ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქში გადმოინაცვლა, რითაც სასიამოვნო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. წლევანდელ გათამაშებაში სუპერლიგის 7 და “ა” ლიგის 1 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ.

ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული 4 მეოთხედფინალიდან 2 დაძაბული გამოდგა, ხოლო ორში გამარჯვებული ზედმეტი ბრძოლის გარეშე
გამოვლინდა. პირველ შეხვედრაში “მარნეული” “კაკტუსს” უგებდა და სოლიდურადაც, თუმცა მეორე ნახევარში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და 82:76 გაიმარჯვეს.

მეორე ნახევარფინალისტი “რუსთავი” გახდა, რომელმაც “სოხუმს” ძალიან იოლად – 103:72 მოუგო. ამ შეხვედრაში უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც ქვემოქართლელთა მოთამაშესა და სოხუმელთა ამერიკელ ლეგიონერს შორის მოხდა. კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა, მოშუღარენი კი მოედნიდან გააძევეს.

ყველაზე დაძაბული ბრძოლა “ოლიმპსა” და “მგზავრებს” შორის გაიმართა. ოლიმპელებს ქუთაისში ტრავმირებული მოთამაშეები – მარკ ოგდენი, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ჭოჭუა და ნიკა დარბაიძე აკლდნენ, რომლებსაც პირველ ნახევარში ტრავმირებული რეზო როგავა დაემატათ. განახევრებულმა ოლიმპელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ – 79:76.

მეოთხე ნახევარფინალისტი მასპინძელი “ქუთაისი” გახდა, რომელმაც “ა” ლიგის წარმომადგენელი – “წყალტუბო” 96:80 დაამარცხა. წყალტუბოელები პირველ ტაიმში ტოლ-სწორად ეთამაშნენ ქუთაისლებს, თუმცა ბოლომდე ვერ გაუძლეს სწრაფ ტემპს და დამარცხდნენ.

ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

წყარო GBF.GE


რუსთავი – კაკტუსი 16:00
ქუთაისი – მგზავრები 18:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული