დინამო VS არისი - შანსები მცირეა, თუმცა ბრძოლა ღირს

AutoSharing Option
დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე თბილისის "დინამო" სალონიკის "არისს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგეძლებათ. რაც შეეხება ტრანსლაციას, დიდი ალბათობით, ყურება მხოლოდ ინტერნეტში იქნება შესაძლებელი და ბმულის არსებობის შემთხვევაში ჩვენს საიტზეც განთავსდება.

რა გუნდს წარმოადგენს თბილისის "დინამო"?
თბილისის "დინამომ" მხოლოდ სამი სრულფასოვანი ვარჯიში გამართა, იმ ფონზე, როცა გუნდში მხოლოდ ორი კალათბურთელია ძველი შემადგენლობიდან. კლუბში მხოლოდ ლევან გრძელიძე და მიხეილ ბერიშვილი დარჩნენ. ეს უკანასკნელი გუნდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს
დაეხმარება.

საქართველოს ჩემპიონატიდან კი "დინამოს" დაემატნენ: მერაბ ბოქოლიშვილი და მიხეილ ჭოჭუა "ოლიმპიდან", ვოვა თავაქარაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი - თბილისის "დინამოს" სკოლის აღზრდილები და მერაბ მირზიაშვილი "არენიდან".

ასე თუ ისე, ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე კალათბურთელებს კარგად ვიცნობთ. მათგან სამი ნაკრების წევრიცაა. თუმცა რას წარმოადგენენ 4 ბრაზილიელი და 1 ხორვატი ლეგიონერი?

რეჯერ დოუელი - 27 წლის ამერიკელი უკანახაზელია, რომელიც ბოლოს "ჰალმან ვენის" ღირსებას იცავდა და მისი ყოფილი გუნდი წინა სეზონში ავსტრიის A ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა. მან 37 შეხვედრაში იასპარეზა, საშუალოდ 31.5 წუთს თამაშობდა, 14.46 ქულას აგროვებდა, 3.4 მოხსნა და 2.8 პასი ჰქონდა.

ჯორდან ტედი სვოპშირი - 23 წლის ამერიკელი ფორვარდია, რომელიც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში "ქოლგეითის" ღირსებას იცავდა. 33 შეხვედრა ჩაატარა წინა სეზონში, საშუალოდ 27.9 წუთს თამაშობდა, 11.97 ქულას, 5 მოხსნას და 1.24 პასს აგროვებდა.

ჯალენ ერლ მაკ გაუგზე ინტერნეტში საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ პოზიციით ცენტრია და 215 სანტიმეტრია სიმაღლეში. ბოლოს კი სტუდენტურ ლიგაში დნპ-ს წარმოადგენდა.

ლამონტ ანტუან მაკი საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია. ის 31 წლის ამერიკელი მსუბუქი ფორვარდია. მას საბერძნეთსა და ესპანეთში უთამაშია, თუმცა ბოლოს ლიბანსა და NBA G ლიგაში ასპარეზობდა.

დომაგოჟ ბუბალო 27 წლის ცენტრია და ბოლოს ესტონეთის ლიგის წარმომადგენელ "რაპიაში" თამაშობდა, სადაც ჩემპიონატში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 21.6 წუთს თამაშობდა, მისი მონაგარი კი იყო: 9.6 ქულა, 6.45 მოხსნა და 1.25 პასი.

რას წარმოადგენს "არისი"?
"არისი" 1922 წელს საბერძნეთში დაარსებული კლუბია. მას 10-ჯერ აქვს საბერძნეთის ჩემპიონატი და 8-ჯერ საბერძნეთის თასი მოგებული.

წინა სეზონში ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა და D ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა. თუმცა მას შემდეგ კლუბმა მთავარი მწვრთნელიც გამოიცვალა და 8 ახალი კალათბურთელიც დაიმატა.

მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია და საბერძნეთში ერთ-ერთ გრანდად ითვლება. მათი მთავარი პრობლემა შეთამაშება არის. ეს სირთულე თბილისურ გუნდსაც აქვს, თუმცა ამ კომპონენტში ორივე გუნდი თანაბრადაა და ბერძნები თბილისშივე შეეცდებიან მოგების მოპოვებას.

მოლოდინი
კალათბურთელებიც აცნობიერებენ იმას, რომ მეტოქე იმდენად ძლიერია, რომ მათი მოგების შანსები თეორიულია. თუმცა ბრძოლას და თავდადებას შედეგი მოაქვს. შესაბამისად, თბილისური კლუბისგან მეტის მოლოდინი გვაქვს.

სასურველია, გულშემატკივარი მრავლად მივიდეს სპორტის სასახლეში, თუმცა კარგი იქნებოდა, ბილეთის ფასი უფრო დაბალი ყოფილიყო და მეტი პოპულარიზაცია გასწეოდა შეხვედრას.

როგორც გუშინ გაირკვა, თუ "დინამო" ამ ეტაპიდან გამოვარდება, ისინი ევროთასზე ფინანსური პრობლემების გამო აღარ გააგრძელებენ ასპარეზობას.

altთბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის დაწყების წინ 4 ამერიკელი და 1 ხორვატი ლეგიონერით გაძლიერდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისევ ორკვირიანი გუნდი და ამის ფონზე ჟურნალისტის განცხადება,მეტოქე შეუთამაშებელიაო,შავ იუმორად ჟღერს.
სოსო
15:31 20-09-2018
0
ძალიან ძალიან "მაგარი" სტრატეგია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს!!!!!! აი ეს არის სპორტის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის "პოპულარიზაცია". არც შარშან აჩვენეს დინამოს თამაში, არც წელს. ვერაფერს იტყვი!!!!! ყოჩაღ!!! თურქული სერიალი და ერთი და იგივე პოლიტიკური თემების ბოდიალი არ გამოგრჩეთ, ყურადღებით იყავით!!!!
გიგა
12:42 20-09-2018
0

სიახლეები პოპულარული