პირველი შეხვედრა ქართველებმა 14 ივნისს, უკრაინასთან გამართეს და 56:66 დათმეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ფორმაციის ნაკრების პირველი შეხვედრა. დიდ შესვენებაზე უკრაინელები 28:21 იგებდნენ, რის შემდეგაც ლიდერი აღარ შეცვლილა. უკრაინამ ხელჩასაჭიდი ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გიორგი მესხი გახლდათ, რომელმაც
მეორე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 17 ივნისს, მასპინძელ ლატვიასთან გამართა და ბრძოლაში – 68:76 დათმო. პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, ხოლო დიდ შესვენებაზე მასპინძლებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს – 36:33. მატჩი ანალოგიური, დაძაბული სცენარით გაგრძელდა. ლატვიელები მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და თამაშის ბოლომ ისე მოატანა, ქართველებმა თამაშის შემობრუნება ვერ მოახერხეს.
ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი – 18 ქულა გიორგი სულაბერიძემ ჩააგდო. გიორგი მესხმა თავი 12 ქულას, 8 მოხსნას და 2 პასს მოუყარა. 14 ქულა გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე დაგროვდა.
ლატვიური შეკრების ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა კვლავ უკრაინასთან გამართა. შეხვედრა 20 ივნისს, ტურიბას უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა და ქართველების გამარჯვებით – 79:70 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა თამაშის შუაწელში ჩავარდნისა და ანგარიშში გვარიანად ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემობრუნება და გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 21:16 იგებდნენ, თუმცა უკრაინელებმა მეორე ათწუთეულში დიდებულად ითამაშეს და 5-ქულიანი ჩამორჩენა 6-ქულიან ლიდერობად აქციეს.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა პირველი ნახევრიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და შესვენებაზე დაგეგმილი ტაქტიკით ქართველებმა თამაშის მსვლელობის სასურველ კალაპოტში ჩაყენება მოახერხეს. მესამე პერიოდი ჩვენმა გუნდმა 23:12 მოიგო, დომინაცია ბოლო პერიოდშიც წარმატებით განაგრძო, რამაც ქართველები გამარჯვებამდე მიიყვანა. ჩვენს გუნდში გიორგი სულაბერიძე გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 12 ქულა ჰქონდა სერგი ნინუას, ნიკოლოზ თოთლაძემ 11 ქულა და 4 პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 16 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.
დივიზიონში 20 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეული გუნდის მიზანი საპრიზო ადგილების დაკავებაა, რადგან ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
VS უკრაინა, 7 ივლისი
VS კოსოვო, 8 ივლისი
VS შვედეთი, 11 ივლისი
VS აზერბაიჯანი, 12 ივლისი
საქართველოს ნაკრები ლატვიიდან ბულგარეთში გადავა, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბულგარეთსა და საქართველოსთან ერთად ტურნირში ავსტრია იასპარეზებს. ლატვიაში 16 მოთამაშით მყოფი საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 14 კალათბურთელით გაემგზავრება. გაფართოებულ შემადგენლობას, მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, ლუკა მამლიკიძე და სანდრო კასაბური გამოაკლდნენ.
24 ივნისს საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2 სპარინგ-მატჩს გამართავს. უნგრეთიდან კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ნაკრები თბილისში დაბრუნდება და ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, 5 ივლისს, ევროპის ჩემპიონატზე, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება.
GBF