თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს 8 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასზე მორიგი მატჩი ელის გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ „გიოტინგენთან“. წინა შეხვედრა, რომელიც 25 ოქტომბერს კვიპროსის „კერავნოსთან“ თბილისში გაიმართა, თსუ-მ ბრძოლაში მოიგო, მანამდე კი გერმანიაში „გიოტინგენთან“ თანაბარ თამაშში დამარცხდა.
ამით იმის დაფიქსირება გვსურს, რომ ევროტურნირზე, რომელშიც XXI საუკუნეში ქართულ კლუბებს მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ მოპოვებული (ეს „არმიამ“ 2011 წელს მოახერხა), თსუ ღირსეულად ასპარეზობს და ეროვნული ნაკრებისგან შექმნილ დადებით საკალათბურთო იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ამაგრებს.
5-წლიანი პაუზა, რომელიც საერთაშორისო საკლუბო კალათბურთში საქართველოს ჰქონდა, თსუ-მ დაასრულა და
გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა, ძალები ევროტურნირებზე მოესინჯა. ეს ვერ მოხერხდებოდა იმ დახმარების გარეშე, რომელსაც ჩვენი კლუბი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან და რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან იღებს.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სხვა მასშტაბებთანაა დაკავშირებული და რომ არა ფედერაციისა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, შემდეგ კი ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა წარმოუდგენელი იქნებოდა.
ფინანსურ დახმარებას ყველა ის 39 კლუბიც იღებს, რომლებიც ფიბა-ევროპის თასზე თსუ-სთან ერთად ასპარეზობს, თუმცა, ჩვენი კლუბისგან განსხვავებით, ეს მათი სპონსორებისგან მოდის. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც ამ ეტაპზე სპონსორ(ებ)ის მოძიებაა. გუნდს, რომელსაც ეროვნული ნაკრების ის 4 მოთამაშე ჰყავს, რომლებიც 2 თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ევროტურნირში სპონსორის გარეშე ასპარეზობს.
ჩვენი კლუბის შესაბამისი სამსახურის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა კერძო სექტორის წარმომადგენლები მოგვეზიდა, მაგრამ საქმე დაინტერესების იქით არ წასულა. ვერ გამოიძებნა კომპანია, რომელიც ევროტურნირზე მოასპარეზე გუნდს თუნდაც სასმელი წყლით მოამარაგებდა, საუბარი არაა იმ მსხვილ თანხებზე, რომლებიც საერთაშორისო მგზავრობების უზრუნველყოფას სჭირდება.
გვსურს, ამ განცხადებით ხმა მივაწვდინოთ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უყვართ სპორტი, კალათბურთი და თვლიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანა სჯობს წლობით ვაკუუმში ყოფნას და ქართული კლუბების ერთ წრეზე ტრიალს. ჩვენი კლუბი მზადაა, ითანამშრომლოს კომპანიებთან, რომლებსაც თუნდაც მცირედით შეუძლიათ დახმარების ხელი გამოგვიწოდონ ქართული კალათბურთის სახელის ევროპულ ასპარეზზე წარმატებით გასატანად.