სუპერლიგა: "კაკტუსმა" "ოლიმპი" 5 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის 1 მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ცხრილის შუაწელში მყოფი გუნდები – “ოლიმპი” და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულა გახლდათ და კაკტუსელები გამარჯვების შემთხვევაში ცხრილის ლიდერებს უახლოვდებოდა, “ოლიმპს” კი მოგება მოწინავე სამეულში შესასვლელად სჭირდებოდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა ტექნიკური წუნი ბევრი იყო და გუნდებს ქულების მოპოვება უჭირდათ. პირველი პერიოდი ოლიმპელებმა 2 ქულით მოიგეს – 14:12. მეორეში კი კაკტუსელებმა თამაში დაალაგეს და გალიდერდნენ. ერთ ხანს არჩილ ჟღენტის გუნდის ლიდერობამ 7 ქულასაც მიაღწია, თუმცა პირველი
ნახევრის ბოლოს ოლიმპელებმა მერაბ ბოქოლიშვილის სამქულიანებით მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება და დიდი შესვენებისთვის “კაკტუსს” 3-ქულიანი ლიდერობა შერჩა – 35:32.

მესამე პერიოდში კაკტუსელებმა გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. ამერიკელი ლეგიონერების – კრისტიან ჯონსონის, ტერიკ ბრიჯმენისა და დეანდრე პარკსის წინამძღოლობით კაკტუსელებმა აღნიშნული მეოთხედი 21:15 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 56:47 დაწინაურდნენ.

ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა “ოლიმპმა” ბოლო პერიოდში ძირეული ცვლილებები ვერ განახორციელა. “კაკტუსის” კალათბურთელებმა გააგრძელეს წარმატებული თამაში და მათმა უპირატესობამ 10 ქულას გადააბიჯა. “ოლიმპის” წევრები ცდილობდნენ, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ კაკტუსელებმა თამაში გამარჯვებამდე დაძაბულობის გარეშე მიიყვანეს – 71:66.

გამარჯვებულებს 18 ქულით დეანდრე პარკსმა ულიდერა. ტერიკ ბრიჯმენმა ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, კრისტიან ჯონსონის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 18 ქულითა და 13 მოხსნით მარკ ოგდენი გამოირჩა. მორის ჰილმა კი თავი 16 ქულას მოუყარა.

სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 15 დეკემბერს – რუსთავსა და ქუთაისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი (“კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი): შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით – არა. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, ჩვენთვის პრინციპული თამაში იყო. ჩვენს გუნდს არასტაბილურობა ახასიათებს, თუმცა ბოლო სამი თამაში კარგად ჩავატარეთ და იმედია ასე სტაბილურად გავაგრძელებთ.

დავით როგავა (“ოლიმპის” მწვრთნელი): ალბათ, სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ჩავატარეთ. იყო მომენტები, როცა შეგვეძლო თამაშის გარდატეხა მოგვეხდინა, მაგრამ ბოლო მომენტებში ბურთები დავკარგეთ, რაც მეტოქემ არ გვაპატია. მომდევნო თამაში “მგზავრებთან” გვაქვს და ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0