თავდაპირველად, გიორგიმ მკითხველებს დასმული შეკითხვებისა და მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენ, გულშემატკივრებს, ასე რომ გაინტერებთ ჩემი ამბები. ვეცდები, დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი და მაქსიმალურად ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი".
მკითხველი:
- როგორი გრძნობა იყო შენთვის ქუთაისის "ტორპედოს" კარში გატანილი გოლი?
- "ტორპედოსთან" თამაში ქართული კლასიკოა. ამ თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადება გუნდი. ცალკე თემაა "გლადიატორები", რადგან "ტორპედოსთან" შეხვედრაში გამარჯვება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გოლის
მკითხველი:
- ყველაზე მეტად, რაზე დაგწყდა გული "დინამოდან" წასვლისას?
- ყოველთვის ვიტყვი, რომ "დინამო" ჩემთვის ყველაფერია. "დინამოში" გავიზარდე, იქ მოვიკიდე ფეხი და, რა თქმა უნდა, იმ ყველაფრის მერე, რაც ამ გუნდთან ერთად გამოვიარე, ძალიან გული დამწყდა, მისი დატოვება რომ მომიწია.
ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა, ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე და ვითამაშო, "დინამო" ყოველთვის ჩემს გულში იქნება.
მკითხველი:
- შენს მიერ გატანილი გოლებიდან, რომელს მიიჩნევ საუკეთესოდ ან რომელი დაგამახსოვრდა?
- იმედი მაქვს და მართლა მინდა, მომავალში გამიჭირდეს გოლის ამორჩევა, მაგრამ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლი ბოლო წუთზე და ასევე - აზერბაიჯანულ "გაბალასთან".
მკითხველი:
- რამდენი გადაუხადა ბრემენის "ვერდერმა" თბილისის "დინამოს" შენს სანაცვლოდ, თუ საიდუმლო არ არის?
- მოდი, თანხებზე და ფინანსებზე არ ვილაპარაკოთ.
მკითხველი:
- იქნებ სრულფასოვნად აგვიხსნა შენი კონტრაქტის დეტალები "ვერდერში"?
- ჩემს ამჟამინდელ კონტრაქტთან დაკავშირებით ისევე, როგორც ადრე, ახალს ამჯერადაც ვერაფერს გეტყვით.
საქართველოში ზოგს ჰგონია, რომ მე 23-წლამდე გუნდთან მოვაწერე ხელი, რაც არ არის სიმართლე. კონტრაქტს, რომელსაც ხელი მოვაწერე არის 4-წლიანი, 1+3. ერთი არის ის პერიოდი, რასაც ახლა გავდივარ "ვერდერის" მეორე გუნდთან ერთად. ეს არის ადაპტაცია, ფიზიკურად მოძლიერება, შეჩვევა ბევრ ფაქტორთან, მათ შორის ენის ათვისებასაც, რადგან ამას გერმანელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ალბათ იცით, რომ ზამთრის შესვენებაზე მთავარ გუნდთან ერთად ვიმყოფებოდი თურქეთში შეკრებაზე, სამივე ამხანაგურ თამაშში ვითამაშე. გოლიც გავიტანე. ბელექში "დინამოს" წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსულები და "ვერდერის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ჩემი კონტრაქტი ისევე გრძელდება, როგორც იყო დაგეგმილი. დაახლოებით სამ თვეში გაირკვევა იმ +3-ის ამბავი. ასე რომ, ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.
მკითხველი:
- "ვერდერში" როცა გადახვედი, რომან ფიფიამ თქვა, სხვა გუნდებიდანაც იყო შემოთავაზებები, თანაც ფინანსურად უკეთესიო. თუ საიდუმლო არ არის, რომელ გუნდებს უნდოდი?
- კი, იყო რამდენიმე შემოთავაზება, მათ შორის ჰოლანდიიდან, კვიპროსიდან... თუმცა, როდესაც გამოჩნდა გერმანული კლუბის დაინტერესება და ამის შესახებ დავიწყე ფიქრი, მივხვდი, რომ იგივე ჰოლანდიიდან ან კვიპროსის "ტრამპლინიდან" უნდა ეცადო, რომ რამენაირად მაინც ბუნდესლიგაში, პრემიერლიგაში, იტალიის სერია ა-ში, ლა ლიგაში გააგრძელო კარიერა.
ბუნებრივია, ამ ჩემპიონატების უძლიერესი გუნდები მაქვს მხედველობაში, სადაც მოხვედრა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ასე რომ, როცა გერმანიიდან მივიღე შემოთავაზება, ის საუკეთესო ვარიანტად ჩავთვალე.
ახლა, ერთ წელში გამოჩნდება, სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.
მკითხველი:
- გულშემატკივრები შენზე დიდ იმედებს ვამყარებთ. პირადად მე მჯერა, დიდ ფეხბურთს ითამაშებ, მაგრამ შენც იცი, რომ დიდი ფეხბურთის თამაში ბევრ ვარჯიშს მოითხოვს. ამ ეტაპზე რამდენად თვლი თავს მზად, თუნდაც "ვერდერის" პირველ გუნდში სათამაშოდ?
- ბუნებრივია, ვარჯიშს გარეშე არაფერი გამოვა. გერმანული გუნდების მომზადება აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში ვიყავი შეჩვეული. მადლობა, რომ ჩემი გჯერათ და გვერდში მიდგახართ. მეც მჯერა ჩემი ძალების და ვიცი, რომ მოვა დრო და აქ, გერმანიაში ჩემს სიტყვას აუცილებად ვიტყვი. იმაზე ლაპარაკიც არ მინდა, რომ ფეხბურთელმა წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა იშრომოს, ივარჯიშოს...
მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, უახლოეს ხანში "ვერდერის" ლიდერ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას შეძლებ?
- უცხოურ კლუბში ადგილის დამკვიდრება არაა მარტივი. ალბათ, საქართველოშიც ანალოგიურად ხდება. ჩადიხარ "ვიღაც", საქართველოდან და იქ, სადაც გერმანელი ბიჭები თამაშობენ, შენ გიწევს მათთვის კონკურენციის გაწევა, ადგილის დამკვიდრება...
რამდენად მალე მოვახერხებ ამის გაკეთებას, ახლა მიჭირს თქმა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია - მთავარი შრომაა და ყველაფერი გამოვა.
მკითხველი:
- ვთქვათ და "ვერდერმა" არ დაგიტოვა. რამდენად რეალურად მიგაჩნია გერმანიიდან საქართველოში დაბრუნება და ისევ აქ თამაში?
- როდესაც გერმანიაში წამოსვლა გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, "ვერდერში" ჩემი დარჩენის შანსები 50/50-ზე იყო. "დინამოდან" ასე წამოსვლა, გარკვეულწილად, რისკიც იყო, მაგრამ ამაზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ამ ე.წ. წოდებული გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე კიდევ მაქვს პერიოდი და აქ დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ.
მკითხველი:
- თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება 18 წლის ასაკში მოგცა. თვლი თუ არა, რომ ამან შენს შემდგომ კარიერაში, მაგალითად "ვერდერში" გადასვლაში, დიდი როლი ითამაშა?
- როგორც ყველა კომენტარში და ინტერვიუში, ახლაც მადლობა მინდა გადავუხადო თემურს, რადგან 18 წლის ასაკში მომცა შანსი და უფლება ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. რა თქმა უნდა, ჩემს საფეხბურთო კარიერაში ამან დიდი როლი ითამაშა, რადგან ნაკრებს და იქ ჩატარებულ თამაშებს უცხოური კლუბები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ.
მკითხველი:
- რაში ხედავ ეროვნული ნაკრების პრობლემას?
- ჩემი ვალია, როცა გამომიძახებენ, ნაკრებში ჩამოვიდე, ვითამაშო, ნაკრებს და საქართველოს გამოვადგე. პრობლემებზე მწვრთნელმა და სხვა ადამიანებმა ილაპარაკონ.
მკითხველი:
- როგორ შეაფასებდი კახა ცხადაძის წასვლას ნაკრებიდან?
- კახა ცხადაძე ნაკრებიდან წავიდა? მე რამდენადაც ვიცი, ის ამჟამად ბელექში იმყოფება გიორგი ჩიხრაძესთან ერთად, რადგან საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების უმეტესობა, სწორედ იქ გადის შეკრებას. ის კიდევ აკვირდება ნაკრების სავარაუდო კანდიდატებს.
მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, კარგი ფეხბურთის სათამაშოდ რა თვისება სჭირდება სპორტსმენს?
- პირველ რიგში ნიჭი, მაგრამ როდესაც ამ ნიჭს სპორტსმენი სწორად გამოიყენებს, ბევრს იშრომებს და მოინდომებს, ის აუცილებლად ყველაფერს შეძლებს, რაც ჩაფიქრებული აქვს კარიერული თვალსაზრისით.
მკითხველი:
- პირველ რიგში, გისურვებ "ვერდერის" ძირითად გუნდში დამკვიდრებას. შენს თაობაში (ბავშვობაში) ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი, რომელმაც ვერ გააგრძელა დიდი ფეხბურთი?
- დიდი მადლობა შეკითხვისთის, მაგრამ არც ისე დიდი ვარ, რომ ამ კითხვაზე გაგცეთ პასუხი. ბავშვობაში ფეხბურთს თითქმის ყველა ბიჭი თამაშობს. სხვა საქმეა, ასაკთან ერთად ვინ ირჩევს მას პროფესიად და ვინ - მხოლოდ გართობის საშუალებად. მე პროფესიად ავირჩიე.
მკითხველი:
- იმ "ოქროს თაობიდან" სადაც თამაშობდი, ძალიან ცოტა ფეხბურთელი განვითარდით. რატომ მოხდა ასე?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს რისი ბრალია... ადამიანი და მათ შორის ფეხბურთელიც, თავად ქმნის საკუთარ კარიერას და ცხოვრებას. თუ ვინმეს რამე არ გამოუვიდა, ალბათ, ისევ საკუთარ თავში უნდა ეძებოს პასუხი. ე.ი რაღაც დააკლო და ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად სწორად არ წაიყვანა თავისი მცდელობები.
მკითხველი:
- რომელია შენთვის სამაგალითო ფეხბურთელი?
- ლიონელ მესი. ქარველებიდან - ძალიან ბევრი. ისინი მართლაც სამაგალითოები არიან ახალგარზდა ფეხბურთელებისთვის, ამიტომ, სათითაოდ არ გამოვყოფ. უბრალოდ, იმედი მაქვს, მეც გავივლი მათ გზას და ოდესმე ჩემზეც იგივეს იფიქრებენ.
მკითხველი:
- რომ არა ფეხბურთელი, ვინ გამოხვიდოდი?
- არ ვიცი ნამდვილად, რადგან ბავშვობიდანვე ფეხბურთით ვცხოვრობდი და სხვა გატაცება არ მქონია. დღევანდელი გადმოსახედიდან, მომწონს ჩოგბურთი, კალათბურთი, სიმღერა და ბევრი სხვა რამ... ანუ, ან სპორტსმენი, ან მომღერალი გამოდის ხო?
მკითხველი:
- რომელია შენი საყვარელი გუნდი და რატომ?
- "ბარსელონა"... იმიტომ, რომ ამის იქით, ჩემი გადმოსახედიდან, ფეხბურთი არ არსებობს.
მკითხველი:
- როდის მოიგებ "ოქროს ბურთს"?
- როცა მესი გადაწყვეტს, რომ დაიღალა იყოს პირველი. ბუნებრივია, ვხუმრობ. "ოქროს ბურთები" უფრო ძნელი მისაღებია, ვიდრე საგოლე პასი... მანამდე დიდი შრომა მაქვს გასაწევი.
მკითხველი:
- გერმანელი გოგონები გაიცანი უფრო ახლოს?
- კი, გავიცანი და კიდევ ვეცნობი. საყვარლები არიან ძალიან.
მკითხველი:
- არჩევანი რომ გქონდეს, ვის როლში ისურვებდი ყოფნას, მოძალადის თუ მსხვერპლის?
- საინტერესო შეკითხვაა. თუ საფეხბურთო კუთხით მივუდგებით, მსხვერპლი ვერასდროს ითამაშებს პირველ ნომრად. ასე რომ, თუ წარმატება გინდა, წესების ფარგლებში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაც დასაშვებია.