ამასთან, ხოჭოლავამ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. ხოჭოლავამ გიორგი ბრეგაძის შემდეგი კითხვა მოიწონა: "იყო პერიოდი, როდესაც თითქოს დავით ხოჭოლავა საქართველოში ყველამ მიივიწყა. ხომ არ გიფიქრია იმ პერიოდში ფეხბურთიდან წასვლაზე?"
მკითხველი:
- გამარჯობა, დავით. წელს საკმაო პროგრესი შეინიშნება შენში, რაც ყველას გვახარებს. საინტერესოა, შენ თვითონ რას მიიჩნევ მაქსიმუმად და როგორი წარმოგიდგენია შენი სამომავლო კარიერა? წარმატებებს გისურვებ.
- გამარჯობა. მაქსიმუმად საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს
ჩემს მომავალ კარიერას რაც შეეხება, ვიშრომებ იმისთვის, რომ მოვხვდე ისეთ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.
მკითხველი:
- ბედნიერი ხარ თუ არა იმით, რასაც მიაღწიე და რატომ?
- მიღწეულით ბედნიერი არ ვარ და არც მგონია, ოდესმე ვიყო იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს რაღაც უკეთესი. ერთადერთი, რაც მაბედნიერებს, ჩემი კარიერული წინსვლაა, რომელიც იმედი მაქვს, გაგრძელდება.
მკითხველი:
- დავით, გამარჯობა. ძალიან გგულშემატკივრობ ჯერ კიდევ თბილისის "დინამოდან", რადგან მომწონს შენი სათამაშო სტილი. მაინტერესებს, გყავს თუ არა "საფეხბურთო იდეალი" და ცდილობ თუ არა, მას მიბაძო? წარმატებებს გისურვებ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრები კარიერაში.
- დიდი მადლობა. იდეალი, როგორც ასეთი, არ მყავს, მაგრამ არის რამდენიმე მცველი, რომლის თამაშს ვაკვირდები და ვცდილობ, მათში განსაკუთრებული რამ დავინახო. ანუ დავინახო ის, რაც მათ ხელს უწყობს, იყვნენ საუკეთესოები თავიანთ საქმეში.
მკითხველი:
- მოგესალმები. ყველაზე მეტად რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს კომფორტულად და შეგიძლია თუ არა სხვა პოზიციაზეც ასე კარგად თამაში? გისურვებ წარმატებებს!
- ყველაზე კომფორტულად თავს ცენტრალურ მცველად ვგრძნობ, მაგრამ რამდენიმეჯერ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც მითამაშია. ასევე, მითამაშია ფორვარდად. :))
მკითხველი:
- მოგესალმები, დავით. იყო პერიოდი, როდესაც თითქოს დავით ხოჭოლავა საქართველოში ყველამ მიივიწყა. ხომ არ გიფიქრია იმ პერიოდში ფეხბურთიდან წასვლაზე? რა პრობლემების წინაშე დგას ზოგადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი და რას ურჩევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან? გმადლობ.
- სიმართლე გითხრათ, ფეხბურთიდან წასვლაზე მიფიქრია, ოღონდ მაშინ, როცა ზედიზედ რამდენიმე სერიოზული ტრავმა მივიღე და საკმაო ხნის განმავლობაში ვერ ვდგებოდი სასურველ კონდიციებში, თუმცა ეს ეტაპი მალე გადავლახე, დავძლიე მსგავსი ფიქრები და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იმ პერიოდში გვერდში დამიდგა, დამეხმარა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად...
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეტყოდი, რომ ფეხბურთი ყოველთვის არაა სამართლიანი და როცა იფიქრებენ, რომ რაღაც ისე არ მისდით, როგორც სურთ, დანებების ნაცვლად მოუმატონ ვარჯიშს, მეტი მონდომება გამოიჩინონ და თავიანთი სურვილებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.
მკითხველი:
- თუკი წარმატებულ სვლას გააგრძელებ და შენი ოცნების გუნდში ითამაშებ, როგორ ფიქრობ, რისი დამსახურება იქნება ეს წარმატება და, ზოგადად, რა არის საჭირო საფეხბურთო ოცნების ასრულებისათვის?
- კონკრეტული რაღაცის დამსახურება ნამდვილად არ იქნება. წარმატება და წინსვლა მაშინ მოდის, როცა ყველაფერი ერთადაა - ნიჭი, შრომისმოყვარეობა და, რა თქმა უნდა, იღბალი.
მკითხველი:
- გოგომ პაემანზე რომ დაგპატიჟოს, მიხვალ?
- ასე ზოგადად არა მგონია, აი, კონკრეტულ შემოთავაზებებზე დავფიქრდები :D
მკითხველი:
- რომელი იყო შენს კარიერაში ყველაზე იღბლიანი და ყველაზე უიღბლო თამაში?
- იღბლიანი ასაკობრივ ნაკრებში იყო. მაშინ ჯერ კიდევ ფორვარდი ვიყავი და ერთ-ერთი ტურნირის ფინალში 3:0 მოვიგეთ. ისე მოხდა, რომ იმ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გავიფორმე.
უიღბლო, ალბათ, დავით ყიფიანის სახელობის თასზე "შუქურასთან" განმეორებითი მატჩი, სადაც 1:0 ვიგებდით და ბოლო 20 წუთში 3 გოლი მივიღეთ ჩვენს კარში. უიღბლოდ ამ შეხვედრას იმიტომ ვთვლი, რომ ძალიან მსურდა, "დინამოში" დამემტკიცებინა ჯერ ყველაფერი და შემდეგ გადავსულიყავი სხვა ეტაპზე.
მკითხველი:
- გამარჯობა, დავით! ძალიან გვიხარია შენი წარმატებული თამაში "ჩერნომორეცში" და იმედია, უკეთეს გუნდშიც გიხილავთ მალე. შეკითხვა: საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არცთუ ისე ურიგოდ გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ შემდგომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი რატომღაც იკარგება. შენი აზრით, რატომ ხდება ეს და რა არის საჭირო ახალგაზრდა ტალანტების შემდგომი განვითარებისთვის გასაკეთებელი გარდამავალ პერიოდში იუნიორებიდან დიდ ფეხბურთში გადასასვლელად? მადლობა, წარმატებებს გისურვებ!
- გეთანხმებით, რომ ახალგაზრდულ და, საერთოდ, ყველა ასაკში საქართველოს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც მათ ზრდას აფერხებს. ამის პირველი მიზეზი ალბათ ჩემპიონატის დონეა. კიდევ მგონია, რომ საჭირო სისწრაფეები და ფიზიკური მომზადება აკლდებათ...
მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ფეხბურთელი, რომელიც პერსპექტიულია, თუმცა სათამაშო პრაქტიკა კლუბში არ აქვს თუ ფეხბურთელი, რომელიც სტაბილურად კარგად თამაშობს კლუბში და არ ეძლევა ნაკრებში გამოძახების საშუალება ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე? წარმატებები კარიერაში.
- ვთვლი, რომ ნაკრებს უნდა ჰყავდეს გარკვეული ბირთვი, 12-15 კაცი, რომელიც პრაქტიკის მიუხედავად, ნაკრებში უნდა იყოს (არაა აუცილებელი ძირითადში), ხოლო დანარჩენები - სათამაშო ფორმითა და პრაქტიკის მიხედვით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები კიდეც....
მკითხველი:
- დავით, პირველ რიგში, გილოცავ წარმატებულ სეზონს. გისურვებ, ეროვნულ გუნდში წარმატებით თავადაც გაიხარო და ქომაგებიც გაგვახარო. ძალიან მაინტერესებს, სად გააგრძელებ კარიერას, რა ვარიანტები გაქვს და სად ხედავ შენს მომავალს? ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, როდესაც თქვი, რომ დაფიქრდებოდი როგორც რუსულ, ისევე ევროპულ ვარიანტებზე. მჯერა, რომ ერთ დღეს ნამდვილ ცივსისხლიან პრემიერლიგურ ან კიდევ მხატვრულად გალამაზებულ ესპანურ ფეხბურთს ითამაშებ, ამ დროის განმავლობაში კი ეროვნული გუნდი არ დაგავიწყდეს. "სად ჰყავს საქართველოს შვილნი დასაკარგნი"!!!
- ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა და როცა კონკრეტულ წინადადებებს მივიღებ, მაშინ მეცოდინება. არჩევანი რომ მქონდეს, ჩემს მომავალს ევროპას დავუკავშირებდი.
მკითხველი:
- გამარჯობა, დავით. გისურვებ ნაკლებ დაზარებას და მეტ შრომას უფრო მეტად განვითარებისთვის. მაინტერესებს, შენთვის რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებში 1 შეხვედრის ჩატარებაც კი?
- ჩემი უმთავრესი მიზანი სწორედ ეგაა ახლა - ნაკრებში თამაში!
მკითხველი:
- შენი კარიერა სტაბილურად ვითარდება და შედეგი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა. საინტერესოა, სად ხედავ თავს 3-4 წლის შემდეგ? წარმატებები პირად ცხოვრებასა და კარიერაში!
- გავიმეორებ და ვიტყვი, რომ იდეალურ ვარიანტში ჩემს თავს ჩემპიონთა ლიგაზე ვხედავ.
მკითხველი:
- შენი აზრით, საქართველოს ნაკრებს სჭირდება თუ არა ნატურალიზებული ფეხბურთელი?
- არა მგონია, სჭირდებოდეს, თუ ქართველზე 10 თავით მაღლა არ იდგება.
მკითხველი:
- როგორ წარმოგიდგენია შენი თავი კარიერის დასრულების შემდეგ? ვინ იქნები?
- უფრო მგონია, რომ კლუბის მენეჯმენტში ვიმუშავებ.
მკითხველი:
- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სანაკრებო კარიერა და რომელს ანიჭებ უპირატესობას - საკლუბოს თუ სანაკრებოს?
- ჩემი აზრით, ორი სხვადასხვა რამაა, რომელიც არ უშლის ხელს ერთმანეთს. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია.
მკითხველი:
- შენი წარმატების შემთხვევაში, რამ ითამაშა ყველაზე დიდი როლი?
- კარგმა დამრიგებელმა, შრომისმოყვარეობამ და იღბალმა.
მკითხველი:
- დაბრუნდები თბილისის "დინამოში"?
- არა მგონია დავბრუნდე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
მკითხველი:
- შენი აზრით, რომელია მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატი და ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი?
- ინგლისის პრემიერლიგა მომწონს. ინგლისში კი ყველაზე მეტად "ლივერპული" მომწონს. ყველაფერი მაგარი აქვს ამ კლუბს. გულშემატკივარი კი განსაკუთრებით მაგარი ჰყავს "ლივერპულს".