მარუანი არსად გაუშვათო

AutoSharing Option

„ევერტონის“ ამერიკელი მეკარე ტიმ ჰოვარდი დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი ყველა ღონეს იხმარს, რათა 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი რამენაირად შეინარჩუნოს. საქმე ის გახლავთ, რომ ფელაინით, ბოლო დროს, ძალიან ბევრი ევროპული კლუბი დაინტერესდა. ცოტა ხნის წინ „ევერტონის“ მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ნახევარმცველთან კონტრაქტის განახლებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ მოვლენები სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ფელაინი ვეღარ ითამაშებს — კოჭი სტკივა. მისი გადაბირებით დაინტერესებული გუნდების რაოდენობა კი მართლაც შთამბეჭდავია. როგორც ამბობენ, მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული მიუნხენის „ბაიერნია“. ჰოვარდმა თქვა:

„მარუანი
დაშავებულია და „ევერტონს“ ეს ძალიან ეტყობა. თან მას ბედიც არ სწყალობს — შარშან მძიმე ტრავმა ჰქონდა და წლეულსაც იგივე განმეორდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას არ გავყიდით, რამდენიმეწლიან კონტრაქტს გავუფორმებთ და ზაფხულის შემდეგ კარგად გამოჯანმრთელებული და დასვენებული ძველებური ენერგიით შეუდგება საქმეს“.

გასული სამი ზაფხულის განმავლობაში „ევერტონი“ სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობდა. არადა, ბევრი ამტკიცებდა, რომ ამ გუნდის გაძლიერების ერთადერთი გზა რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვა და მის ნაცვლად რამდენიმეს ახლის ყიდვა იყო. და რასაკვირველია, როდესაც ლაპარაკია ძვირადღირებულ ევერტონელზე, უპირველეს ყოვლისა ფელაინი იგულისხმება.

ჰოვარდი იმედოვნებს, რომ „გუდისონ პარკზე“ ახალი სახეები ფელაინის ხარჯზე არ გამოჩნდებიან, თუმცა ის, რომ ახალი სისხლი საჭიროა, ამერიკელს სადავოდ არ მიაჩნია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული