ფაბიო კაპელო თურმე შეგუებულია იმ აზრს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავა, ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს. ეს ინფორმაცია "დეილი მეილს" იტალიელ მწვრთნელთან დაახლოებულმა წყარომ გაანდო.
ალჟირთან ვერმოგებული (0:0) მატჩის შემდეგ კაპელოსა და მთელ გუნდს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს. ბუნებრივია, ასეთ დროს განტევების ვაცი მთავარი მწვრთნელია. კაპელო პასუხისმგებლობას არ გაურბის. ის, რომ "მაესტრო" მოხსნას ელოდება, თითქოს მის პასუხებშიც ჩანს. გუშინ მან პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტის კითხვაზე - ელოდებით თუ არა გადაყენებასო, სულაც არ გაღიზიანებულა, როგორც ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. აი,
"მომხსნიან? იცით, უნდა მოვიცადოთ. ჯგუფში ჩასატარებელი დაგვრჩა ერთი მატჩი და ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რათა ყველა კითხვას პასუხი გავცეთ".
თუ ინგლისის ნაკრებს სლოვენიასთანაც დაუცდება ფეხი და ჯგუფიდან ვერ გავა, ფეხბურთის სამშობლოს უპირველესი გუნდისთვის ეს იქნება ყველაზე ცუდი შედეგი მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ, თანაც იმ მწვრთნელის ხელში, რომელსაც, თუ არ ვცდებით, ყველაზე დიდ იმედებს უკავშირებდნენ.
მაგრამ კაპელოს გადაყენება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისთვის ფინანსურად წამგებიანი იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, რათა მწვრთნელის მიმართ ნდობა დაემტკიცებინა და ყველა კითხვის ნიშანი მოეხსნა, საფეხბურთო ასოციაციამ კაპელოს (ყოველწლიური) 6-მილიონგირვანქიანი კონტრაქტიდან ამოიღო მუხლი, რომლის ძალითაც მწვრთნელს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე შეეძლო წასვლა. ეს მოხდა ზუსტად იმ დღეებში, როცა კაპელოს სამსახური "ინტერმა" შესთავაზა.
ახლა კი რა ხდება? კაპელომ იცის, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში გაუშვებენ და თანაც - საფეხბურთო ასოციაცია მზად იქნება, გადაუხადოს მას კომპენსაცია იმ დრომდე, ვიდრე ახალ სამსახურს არ იშოვნის. აი, აქ კი შეიძლება გაუმართლოთ ინგლისური ფეხბურთის მამებს, რადგან კაპელო უმუშევრად დიდხანს არ დარჩება...