პარაგვაის დიდი ნაბიჯი მერვედფინალისკენ

AutoSharing Option
F ჯგუფი
20 ივნისი. ბლუმფონტეინი. ფრი სტეიტი. 27 000 მაყურებელი
სლოვაკეთი-პარაგვაი    0:2
სლოვაკეთი (4-4-1-1): მუჩა - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, სალატა (83. სტოხი) - ვეისი, შტრბა, შეშტაკი (70. ჰოლოშკო), შამშიკი - კოზაკი - ვიტეკი.
პარაგვაი (4-3-2-1): ვილარი - ბონეტი, ალკარაზი, და სილვა, მორელი - ვერა (88. ბარეტო), კასერესი, რივეროსი - სანტა კრუზი, ვალდესი (68. ა. ტორესი) - ბარიოსი (84. კარდოზო).
გოლები: 0:1 ვერა (27), 0:2 რივეროსი (86)
გაფრთხილება: დურიცა (42), ვერა (45), შეშტკაი (47), ვაისი (84)
მატჩი დაიწყო: სლოვაკეთი; დარტყმა: 3(1)-10(5);
ჯარიმა:
17-16; კუთხური: 3-1; ბურთის ფლობა: 52%-48%.
არბიტრი: ედი მაილე (სეიშელის კუნძულები)

საინტერესო მომენტები

2' - როკე სანტა კრუზმა დაარტყა საჯარიმოს გარედან, თუმცა სლოვაკთა მეკარემ მიგერია ბურთი კუთხურზე.
20' - ვალდესის პასის შემდეგ, რივეროსმა დაარტყა საშუალო დისტანციიდან და მუჩა დაეუფლა ბურთს.
25' - ლუკას ბარიოსი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მეკარისაგან ახლო ცხრიანს დაუმიზნა, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა.
27' - სლოვაკმა ცენტრალურმა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, ბარიოსმა საჯარიმოში შეჭრილი ენრიკე ვერა დაინახა და შესანიშნავად უპასა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ევროპელთა კარში - 0:1.
70' - სანტა კრუზი შეიჭრა მარცხენა ფრთიდან, და ძალიან კარგად ჩააწოდა, თუმცა ენრიკე ვერას თავური მცირედით არაზუსტი გამოდგა.
75' - შეცვლაზე შესული ტორესი ურტყავს შორი მანძილიდან, ბურთი მცირედით გადასცდა სლოვაკთა კარს ზემოდან.
86' - სტანდარტულის შემდეგ, სლოვაკეთის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ყველაზე უკეთ სიტუაციაში რივეროსი გაერკვა და უძლიერესი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
90' - რობერტ ვიტეკმა ძლიერად დაარტა საჯარიმოს მისადგომებიდან და პარაგვაელთა კიპერმა მოიგერია ბურთი.

პარაგვაელებმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს მერვედფინალში გასასვლელად. სამხრეთამერიკელებმა ერთი თავით აჯობეს მეტოქეს ყველა კომპონენტში და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. მართალია, საყაიმო შედეგი უფრო პარაგველთა წისქვილზე დაასხამდა წყალს, მაგრამ ხერარდო მარტინომ გარისკა და ძირითად შემადგენლობაში სამი ნომინალური თავდამსხმელი დააყენა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლუკას ბარიოსი ირჯებოდა, ფლანგებიდან კი სანტა კრუზი და ვალდესი მოქმედებდნენ. სლოვაკებმა პირიქით, ჩაკეტეს თამაში და მეტოქეს 4-4-1-1 დაუპირისპირეს. ის ერთადერთი ფორვარდი რაღა თქმა უნდა რობერტ ვიტეკი გახლდათ.
პარაგვაელთა შეტევები გაცილებით უფრო აგრესიული და აზრიანი იყო. მარტინოს შეგირდები ცენტრიდანაც ცდილობდნენ მეტოქის კარზე ხიფათის მიტანას და ფლანგებიდანაც აქტიურად უტევდნენ. ვერ ვიტყვით, რომ სანტა კრუზი შეუჩერებელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო სახიფათო რომ გახადა პარაგვაელთა შეტევის ხაზი, ცხადზე ცხადია. სლოვაკებმა კი ვერაფერი გვიჩვენეს და საერთოდაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება. ამასთან, გასაკვირია, ამ ფორმაციის სლოვაკეთმა როგორ ჩაატარა შესარჩევი ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე. იქნებ მესამე შეხვედრაში მაინც მოახერხონ სლავებმა ძალის დემონტრირება, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სლოვაკებს იტალიელებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. პარაგველებთან კი ევროპელებმა მხოლოდ ერთხელ მოარტყეს ბურთი კარის ჩარჩოში, ისიც 90-ე წუთზე და იმ შემთხვევაშიც სამხრეთამერიკელთა კიპერი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. პარაგვაი უკეთესი გუნდია, შედეგი კი აბსოლუტურად კანონზომიერი.

საუკეთესო ფეხბურთელი
ენრიკე ვერა (პარაგვაი)
ის, რომ პარაგვაელები მოედნის ცენტრს სრულად აკონტროლებდნენ, ენრიკე ველას დიდი დამაახურებაა. სამი შემტევის პირობებში, ნახევარმცველებს დიდი ჯაფა დაადგათ და სამხრეთამერიკელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვალეობას თავი ძალიან კარგად გაართვეს. ყველა სიკეთესთან ერთად, ვერამ გოლიც გაიტანა და ცოტა რომ გამართლებოდათ, სულაც დუბლის ავტორად მოგვევლინებოდა.
ლაშა წიკლაური









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული