ინგლისის ნაკრების ძველმა კაპიტანმა ახალი როლი იტვირთა - ჯონ ტერი გულშემატკივარს თანაგუნდელების ლიდერად წარმოუდგა. მეტიც, ის მოჯანყედაც კი გამოჩნდა და არც მეტი, არც ნაკლები, ფაბიო კაპელოს კრიტიკას, მის წინააღმდეგ აჯანყება გაბედა. არადა, ცნობილია, რომ მრისხანე იტალიელ მწვრთნელს ფეხბურთელების აზრი არ აინტერესებს. ის, შეუვალი ადამიანია, რომელიც მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს სცემს პატივს და ამიტომ, ინგლისელთა ბანაკში შესაძლოა ხასიათთა შეჯახება ვიხილოთ.
გადაჭარბებით ვლაპარაკობთ? შესაძლოა, თუმცა, ის, რაც ინგლისელთა ბანაკში მოხდა, შორიდან მართლა მწვრთნელის წინააღმდეგ აჯანყებას ჰგავდა. როგორც ჩანს ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, სანამ
გუნდის გადარჩენის თავისებური გეგმა ჯონ ტერიმ ინგლისის ნაკრების პრესკონფერენციაზე გამოაცხადა და მოულოდნელობისგან არა მხოლოდ ფეხბურთის ასოციაციის თანამშრომლებსა და მწვრთნელთა შტაბს, ბევრ თანაგუნდელსაც დააღებინა პირი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მწვრთნელის ლანძღვისთვის ფრანგებმა ტერის თანაგუნდელი, "ჩელსის" თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა გააძევეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან. ტერიმაც თქვა, შეიძლება, ჩემი ამ გამოსვლის გამო რამდენიმე ჩვენგანი დასაჯონ, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირსო. ინგლისელი მიმომხილველები წერენ, რომ ინგლისის ნაკრების ბანაკში ასეთი სკანდალური განცხადება უკვე ცხრა წელიწადია არ გაკეთებულა - 2001 წელს კევინ კიგანმა თქვა, ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგომა "უეიმბლის" ტუალეტში გადავწყვიტეო. იხსენებენ კიდევ უფრო ძველ, 1990 წლის ამბავსაც. მაშინ ინგლისის ნაკრებმა (ახლანდელისა არ იყოს) პირველი ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და ფეხბურთელებმა აწგარდაცვლილი სერ ბობი რობსონის წინააღმდეგ აღიმაღლეს ხმა. მესამე შეხვედრიდან გუნდი ახალ განლაგებაზე 3-5-2-ზე გადავიდა და ნახევარფინალშიც გავიდა. რა მოხდა მაშინ, ზუსტად დღესაც არავინ იცის. ბობი რობსონი ბოლომდე ამტკიცებდა, რომ 3-5-2-ზე გადასვლა მან მოიფიქრა, ფეხბურთელთა ჯგუფი კი ამბობდა, რომ ეს მათი წინადადება და "აჯანყების" შედეგი გახლდათ. და, სწორედ, რაღაც ამდაგვარი ხდება ახლაც. ტერი და მისი თანაგუნდელები გრძნობენ, რომ ტაქტიკური სქემა გამოსაცვლელია. ისინი კაპელოს 4-5-1 განლაგებაზე გადასვლას სთხოვენ. მათი ფიქრით, გუნდს ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი უნდა ჰყავდეს - უეინ რუნი, ¬რომელსაც ზურგს მარცხნიდან ჯო კოული ხოლო შუიდან სტივენ ჯერარდი გაუმაგრებენ.
"თუ ეს მას (კაპელოს) ეწყინება, მაშინ მე ვეტყვი: იცით, მე აქ ინგლისის ნაკრებთან ერთად გასამარჯვებლად ვარ ჩამოსული და სხვა არაფერი მაინტერესებს", - თქვა ტერიმ.
როგორც მისი ლაპარაკიდან გაირკვა, ფეხბურთელები იტალიელი მწვრთნელის წესთა კრებულს გადაკეთებას და შიგადაშიგ თითო კათხა ლუდის გადაკვრასაც აპირებენ. მათ უნდათ ზოგი რამ შეიცვალოს, თუნდაც ასეთი რამ: როდესაც მეტოქე კუთხურს და ჯარიმას აწვდის, ინგლისელ ფეხბურთელებს ახლო ძელთან კაცის დაყენება ურჩევნიათ. ერთი სიტყვით, ფეხბურთელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ კაპელოსი კი არა, მათი მუნდიალიც არის.
"მე ყველაფერს ფეხბურთელების სახელით ვლაპარაკობ" - კატეგორიულად განაცხადა ტერიმ, თუმცა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მისი გამოსვლის შესახებ ბევრმა სულაც არ იცოდა. ყოფილ კაპიტანს უმალ იმის თქმა მართებდა, ფეხბურთელთა ერთი ჯგუფის სახელით ვლაპარაკობო. მეტიც, ინგლისურმა მედიამ "ჩელსის" კაპიტანს ამ გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამი სიტყვები გაუხსენა. ის ამბობდა: "მე ჩვენი მწვრთნელისა ასი პროცენტით მწამს და მხარს ვუჭერ მას".
დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ამ პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათში ინგლისელი რეპორტიორებს უკვე დარეკილი ჰქონდათ გუნდის სასტუმროში, ზოგს ერთ მოთამაშესთან ჰქონდა ნალაპარაკები, ზოგს მეორესთან. ჟურნალისტებმა მათგან შეიტყეს, რომ ცენტრალური მცველის ასეთი გამოსვლით ბევრი მათგანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. "კეიპტაუნის პუტჩი" - ასე დაერქვა ტერის გამოსვლას და თავად ტერისაც, უფრო შინაურულად მოუხდა თავისი ამბის გამეორება.
"ალჟირთან თამაშის შემდეგ მე ფრანკო ბალდინისთან შევედი და ვუთხარი: მოდი, რა, ლუდის დალევის საშუალება მოგვეცით... მოდი, რა მწვერთნელთან დალაპარაკების უფლება ყველას გვქონდეს, მეთქი. რვანი ვისხედით და იმ თამაშზე ვლაპარაკობდით. ყველაბ ორთქლი გამოვუშვით. ყველამ თქვა, რასაც ფიქრობდა. ვინ რა თქვა იმას არ გავიმეორებ, მოდი, ეს პირად ამბად დარჩეს, მაგრამ სათქმელი რომ თქვა, ყველამ მოისვენა. ვინ ვიყავით? ახლავე გეტყვით: მე, უაზა (უეინ რუნი) აარონ ლენონი, ჯემო (დევიდ ჯეიმსი), კრაუჩი, ჯონო (ჯონ ტერი), ჯეიმი კარაგერი, სტივი (ატივენ ჯერარდი) და მგონი კიდევ ერთი-ორი. კაცმა რომ თქვას, ამ გვარების დასახელების გამო შეიძლება შარშიც გავეხვე".
რა, რა და ბოლო წინადადება ტერიმ მართალი თქვა. "კეიპტაუნის პუტჩიდან" სულ ცოტა ხანი იყო გასული, რომ ინგლისელთა ბანაკიდან ახალი ისტორია გამოვიდა - "ამბავი განაწყენებული კაცისა". ეს, უკვე შურისძიების სურვილით შეპყრობილი ადამიანის ამბავია. ეს არის ამბავი იმ ფეხბურთელისა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქალაქ რუსტენბორგში ჩასვლისთანავე შეიპყრო მოუსვენრობამ. რაც ინგლისის ნაკრები აფრიკაშია, ტერი გაბრაზებული დადის და ჯიჯღინებს - აი, რა თქვეს მათ, ვინც მას იქ ყოველ დღე უყურებს.
"ის გაბრაზებულია, რადგან კაპიტანი აღარ არის" - თქვა მავანმა ინგლისელთა ბანაკიდან. ტერი კი აცხადებს, რომ კვირას მან რამდენიმე საათი ინგლისური ვებსაიტების კითხვაში გაატარა. მას უნდოდა გაეგო რას ფიქრობს ხალხი იქ, სამშობლოში.
"დეილი მეილი" წერს, რომ ტერი თავიდანვე გრძნობდა - კაპელოს ჰქონდა სუსტი პოზიციები. ბანაკში ყველა კმაყოფილი არ იყო, მაგრამ შურისძიებისთვის მომენტს სჭირდებოდა შერჩევა. და როგორც ჩანს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ინგლისის ნაკრების ჯერ კიდევ კაპიტანს გამოუჩხრიკეს, რომ მას მეგობრის უეინ ბრიჯის ცოლთან, ვანესა პერონსელთან რომანი ჰქონდა გაბმული. მაშინვე გახმაურდა "უემბლიზე" პირადი ლოჟის ამბავი, რომელსაც ბრიჯი აქირავებდა. ინგლისის ნაკრების ბანაკის წევრები ყვებიან, რომ ტერი გარემოს თავიდანვე ძაბავდა. ახლა ყვებიან, რომ მას ერთხელ ფიზკიური მომზადების მწვრთნელთან, მასიმო ნერისთან მოუვიდა კონფლიქტი - მცველმა რამდენიმე სპრინტის გარბენა იუარა. საქმეში კაპელო ჩაერია. მან ტერის ნერის დავალების შესრულება მოსთხოვა, ფეხბურთელმა კი ერთხელ გაირბინა და ფეხი აიტკივა. კიდევ, იყო შემთხვევა, როდესაც კაპელო ტერის მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების მოკრებისკენ მოუწოდებდა. არადა, პროფესიონალს ეს არ უნდა სჭირდებოდეს.
და აი, ტერიმ იგრძნო ხელსაყრელი მომენტი - კაპელოს დაცვაში პრობლემები აქვს და ის ახლა რომ სჭირდება ისე არასდროს დასჭირვებია. რიო ფერდინანდი დაშავდა, ლედლი კინგი დაშავდა... დავცის ცენტრი მოშიშვლებულია. ყოფილმა კაპიტანმა თავი ხელშეუხებლად იგრძნო. "დეილი მეილის" თქმით, ტერიმ გადაწყვიტა ნაკრებშიც ისეთივე გავლენა მოეპოვებინა, "ჩელსიში" რომ აქვს, გუნდში, სადაც ურთიერთობები გაციელბით მოწესრიგებულია. თავად ასე ამბობს:
"ასე ხდება "ჩელსიშიც". მე ხშირად ფეხბურთელების თანდასწრებით ვეუბნები კარლოს ისეთ რაღაცებს, რისი მოსმენაც მას შეიძლება ძალიანაც არ სიამოვნებს, მაგრამ დამთავრდება თუ არა კრება, ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. მე "ჩელსიში" თავდადებით ვთამაშობ და აქაც, თუ რამე ვთქვი, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ინგლისის ნაკრებზე ვფიქრობ. მე ჩემი ნაკრებისტვის ყველაფერს გავიღებ".
თუმცა, "ჩელსისა" და ნაკრებს შორის განსხვავებააო, წერენ ინგლისში. ჯერ ერთი, ინგლისის ნაკრები მთელი ერის გუნდია და ის, არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის და მეორეც, როგორც ტერისავე მონაყოლიდან ჩანს, "ჩელსიში" ის სიტყვით დანიშნულ თათბირებზე გამოდის და არა თათბირებამდე, მწვრთნელების და ფეხბურთელების ზურგსუკან. თავად განსაჯეთ: კვირა საღამოს გუნდის თათბირმა უკვე ჩვეულებრივად ჩაიარა, ისე როგორც ეს კაპელოს ჰქონდა დაგეგმილი და ამის მიზეზი ის გახლდათ,რომ შუადღისას ტერი მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა გაიხმეს გვერდზე რათა ეთქვათ, რომ მწვრთნელთან დაპირისპირება სწორი საქციელი არ არის. რას ვიზამთ, ასეთია, თანამედროვე, მილიონერი ფეხბურთელების ეპოქა. ეპოქა, როდესაც ბევრი მათგანის ეგო კონტროლს აღარ ექვემდებარება.
უდანაშაულო, რასაკვირველია, არც კაპელოა. ისიც ბევრჯერ შეცდა და ამ შეცდომებმა გულშემატკივრებსა თუ ფეხბურთელებში ცოტა სახელიც კი გაუტეხა. თუმდაც იგივე "კაპელოს ინდექსის" ისტორია - მსოფლიოს ჩემპიონატზე ფულის გაკეთება რომ გადაწყვიტა; საბოლოოდ პოლ სქოულზისა და ჯეიმი კარაგერისთვის ნაკრებში დასაბრუნებლად ხვეწნა-მუდარა რომ დასჭირდა; სამ მეკარესთან დაკავშირებული პრობლემები; ზედ მუნდიალის წინ "ინტერთან" გამართული ფლირტი; დევიდ ბექჰემის გაუგებარი ფუნქცია სამხრეთ აფრიკაში და სხვა. კიდევ, მან აუცილებლად უნდა გარდაქმნას გუნდი და, ბევრის აზრით, სწორედ ისე, როგორც ტერიმ უთხრა - 4-5-1. ჯო კულმა მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა ითამაშოს და რუნიმაც, ბოლოს და ბოლოს უნდა გადაინაცვლოს იმ ამპლუაში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი სეზონის განმავლობაში დაფრინავდა - არადა, ინგლისელთა ბანაკიდან კვლავ გამოდის ხმები, რომ მწვრთნელი ცენტრალურ ფორვარდად სხვა ფეხბურთელის, ამჯერად ჯერმაინ დეფოს გამოყვანას აპირებს. მერედა, კაპელომ გარშემო ყველას და ყველაფრის დადანაშაულებას თავი უნდა დაანებოს.
ინგლისის ნაკრების შესახებ სალაპარაკო კიდევ ბევრია. თუნდაც ის, თუ როგორ ჩავიდა რუნი სამხრეთ აფრიკაში, როგორ ელოდნენ მისგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დონეზე თამაშს და რა შორსაა ჯერჯერობთ ამისგან. ეს პრობლემაა! თან სერიოზული!
ასე და ამგვარად გუნდი, რომელიც მუნდიალისთვის მთელი ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა, უშუალოდ შეჯიბრების მსვლელობისას დადგა კრიზისის წინაშე. მდგომარეობა სასწრაფოდ გამოსასწორებელია!
ილია ბაბუნაშვილი