თითქმის განწირულები

AutoSharing Option
A ჯგუფი
22 ივნისი. ბლუმფონტეინი. ფრი სტეიტ სთედიუმი. 18:00
საფრანგეთი-სამხ. აფრიკა
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი: ლორისი - სანია, სკილაჩი, აბიდალი, ევრა - ა. დიარა, ვალბუენა, დიაბი - გურკუფი, მალუდა - ანრი
სამხ. აფრიკა: ჯოზეფსი - გაქსა, მოკოენა, ხუმალო, მასილელა - მოდისე, ხუბონი, ლეტშოლონიანე, ჩაბალალა - პიენაარი - მფელა
არბიტრი: ო. აკოსტა (კოლუმბია)

ნაგინები მწვრთნელი, ნაკრებიდან გაგდებული ფეხბურთელი, შინააშლილობა, ჩაშლილი ვარჯიში და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი სამარცხვინო ამბავი გუნდის ბანაკში - აი, ასეთი "მონაპოვარით" ხვდებიან სამფეროვნები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს. რაიმონ
დომენეკის გუნდს ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის შანსი, მაგრამ საქმეს მაინც ისეთი პირი უჩანს, რომ სამხრეთ აფრიკაში ეს ფრანგთა ბოლო თამაში იქნება და დომენეკი დღესვე დაასრულებს საფრანგეთის ნაკრებში თავის უსახურ მოღვაწეობას.

ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი კი არა მარტო საფრანგეთს, არამედ სამხრეთ აფრიკასაც კი აქვს. ამისთვის ორივე გუნდს სოლიდური ანგარიშით გამარჯვება სჭირდება და ამავდროულად, ორივე იმის იმედზე უნდა იყოს, რომ პარალელურად მიმდინარე მექსიკა-ურუგვაი ფრედ არ დასრულდეს. თუ ამერიკელებმა ქულები გაიყვეს, აფრიკელთა და ევროპელთა ყოველგვარი მცდელობა ფუჭი გამოდგება. პარეირას, დომენეკსა და მათ შეგირდებს ერთადერთი, იმის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ მექსიკელები და ურუგვაელები ერთმანეთს დიდ ბრძოლას გაუმართავენ, რადგან ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალში სავარაუდოდ, არგენტინას დაუპირისპირდება. გამარჯვებაზე უფრო მექსიკელებმა უნდა იზრუნონ, რადგან საყაიმო შედეგის შემთხვევაში, ჯგუფის პირველადგილოსანი ურუგვაი გახდება.

საფრანგეთის ნაკრების რიგებში მომხდარი სამარცხვინო ამბები "ლელოს" ბოლო ნომრებში ვრცლად მიმოვიხილეთ, ამიტომაც ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და მოკლედ გეტყვით, რა ვითარებაა გუნდში ამ კონკრეტული მატჩის წინ. ნიკოლა ანელკას მოკვეთის გამო, ცენტრფორვარდის პოზიციას სავარაუდოდ, ტიერი ანრი დაიკავებს, დისკვალიფიცირებულ საყრდენ ჟერემი ტულალანს ალუ დიარა შეცვლის, დაცვის ცენტრში კი ტრავმირებული ვილიამ გალასის ადგილს სებასტიენ სკილაჩი დაიკავებს. მოსალოდნელია ძირითად შემადგენლობაში ნაკრების ახალწვეულის, მატიო ვალბუენას გამოჩენა, სათადარიგოთა სკამზე კი უსახურად მოთამაშე სიდნი გოვუს გადანაცვლებაა სავარაუდო. ამ ყველაფერთან ერთად, სამფეროვანთა სასტარტო შემადგენლობაში სხვა გადაადგილებებიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

მეკარე იტუმელენგ ხუნე და ნახევარმცველი კაგიშო დიკგაჩოი - ეს სამხრეთ აფრიკის ნაკრების ის ორი ფეხბურთელია, რომლებიც დღევანდელ მატჩს ასი პროცენტით გამოტოვებენ - პირველი მათგანი ურუგვაისთან შეხვედრაში გააძევეს, მეორემ კი მუნდიალის ორივე თამაშში გაფრთხილებები მიიღო და ისიც დისკვალიფიცირებულია. "ბაფანა ბაფანას" კარს საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში მუნებ ჯოზეფსი დაიცავს, დიკგაჩოიის კი სავარაუდოდ, თანდუისე ხუბონი შეცვლის.

ამ გუნდებს შორის ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი ფრანგებმა მოიგეს, ერთიც კი ფრედ დასრულდა. ამ სამიდან ფეხბურთის ისტორიაში კუთვნილი ადგილი დაიკავა საფრანგეთის 1998 წლის მუნდიალზე გამართულმა მატჩმა, როცა სამფეროვნებმა აფრიკელები 3:0 გაანადგურეს, ამ სამიდან კი ორი ავტოგოლი სამხრეთაფრიკელმა პიერ ისამ გაიტანა.
ლევან ჯანეზაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული