პარაგვაი პირველობას უმიზნებს

AutoSharing Option
F ჯგუფი
24 ივნისი. პოლოკვანი. პიტერ მოკაბა სთედიუმი. 18:00
პარაგვაი-ახ. ზელანდია
სავარაუდო შემადგენლობები
პარაგვაი: ვილარი - ბონეტი, და სილვა, ალკარასი, მორელი - ვ. კასერესი, ვერა, რივეროსი - ბარიოსი, სანტა კრუსი, ვალდესი
ახ. ზელანდია: პასტონი - რიდი, ნელსენი, სმიტი, ლოქჰედი - ბერტოსი, ვისელიჩი, ელიოტი - ფელონი, კილენი, შმელტცი.
არბიტრი: იუნიჩი ნიშიმურა (იაპონია)

ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ჯერაც დაუმარცხებელი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მუნდიალის ორი სასტარტო მატჩის შემდეგ, "ოლ ვაითსს" წაგებათა გრაფაში ნული ეწერებოდა, მაგრამ ფაქტია, რიკი ჰერბერტის გუნდმა ჯერ
სლოვაკეთს გამოჰგლიჯა ქულა, შემდეგ კი იტალია გაამწარა. ბუნებრივია, ამის მიუხედავად, ყველამ კარგად იცის, რამხელა განსხვავებაა პარაგვაელთა და ზელანდიელთა საფეხბურთო ოსტატობას შორის და ამიტომაც ამ შეხვედრის უპირობო ფავორიტებად სამხრეთამერიკელები მიიჩნევიან.
ხერარდო მარტინოს გუნდს ჯგუფში პირველობის გასანაღდებლად შესაძლოა, ფრეც კი ეყოს, გამარჯვებით კი ყველასთვის მიუწვდომელი გახდება და მერვედფინალში ჰოლანდიას ასცდება. ერთი სიტყვით, პარაგვაელებს მოტივაცია საკმარისზე მეტად აქვთ, ისევე როგორც ზელანდიელებს, რომელთაც ჯგუფიდან გასვლის იმედი სულაც არ დაუკარგავთ და თავადაც გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
პარაგვაის ნაკრების ნახევარმცველი კარლოს ბონეტი მოწინააღმდეგეზე მაღალი აზრისაა: "ბოლო ტურის წინ ჯგუფს ვლიდერობთ, რაც ძალიან გვახარებს, მაგრამ ჯერ არაფერი დაგვიბევებია და ამიტომაც თამაში ძველებური შემართებით უნდა გავაგრძელოთ. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები უაღრესად რთული მეტოქეა. ბუნებრივია, მოწინააღმდეგეს სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ გამარჯვებისა და ჯგუფში პირველობის ძალაც შეგვწევს".
პარაგვაიმ წინა ტურში სლოვაკეთთან სამი გამოკვეთილი თავდამსხმელით ითამაშა და მარტინო ალბათ, დღესაც ამ ტაქტიკას მიმართავს. სამხრეთამერიკელებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ და შესაბამისად, ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. განვლილი ორი შეხვედრა ზელანდიამ უცვლელი სასტარტო თერთმეტეულით ჩაატარა და რაკი ყველა მათგანი მწყობრშია და არც დასჯილია ვინმე, სიახლეებს ჰერბერტის გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც არ უნდა ველოდოთ.
"დასაკარგი არაფერი გვაქვს. მაყურებელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის სიმპათიური ნაკრები უკვე ორჯერ იხილა და შევეცდებით, ჩვენი მესამე მატჩი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგეს. სამხრეთ აფრიკაში ტურისტებად სულაც არ ჩამოვსულვართ, საკუთარი საფეხბურთო შესაძლებლობები ყველას უნდა ვუჩვენოთ", - ამბობს ჰერბერტი.  
პარაგვაელთა და ახალზელანდიელთა დაპირისპირებას დიდი ისტორია არა აქვს. ისინი ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და ის მატჩი სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.  

ლევან ჯანეზაშვილი







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული