არგენტინის ნაკრებმა სამივე თამაში მოიგო და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდია. შესაბამისად, "ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ მოიცალა იმისათვის, რომ მსაჯები გაეკრიტიკებინა. მოგეხსენებათ, ამ მუნდიალზე არბიტრები ისედაც საკმაოდ მკაცრები არიან და ხშირად აშკარად ამეტებენ, როცა ფეხბურთელს ყვითელ ან წითელ ბარათს უფრიალებენ, მაგრამ მარადონა მოითხოვს, რომ მსაჯები კიდევ უფრო გამკაცრდნენ. ამით მას არგენტინელთა ათიანის, ლიონელ მესის დაცვა სურს.
"მიიღებს თუ არა ლეო ბურთს, მაშინვე ფეხებში უვარდებიან, ურტყამენ და ყველა ხერხით ცდილობენ მის შეჩერებას. ეს იმიტომ, რომ
მესისთვის ბურთის წართმევა წესების დარღვევის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. მსაჯებს მოვუწოდებ, მინიმუმ გააფრთხილონ და უმეტესად მოედნიდან გააძევონ ის ფეხბურთელები, რომლებიც ლეოს ეუხეშებიან. ჩვენ მესი უნდა დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრავმას მიაღებინებენ და მერე მსოფლიოს ჩემპიონატს ფასი დაეკარგება", - განაცხადა მარადონამ.
დიეგო განსაკუთრებით ბერძენი ფეხბურთელების უხეშობებმა აღაშფოთა. საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში მესის წინააღმდეგ მართლაც ძალიან ბევრჯერ დაირღვა წესები და საფინალო სასტვენის შემდეგ თვითონ ლეომაც თქვა - ბერძნები ძალიან ბინძურ ფეხბურთს თამაშობენო. მის წინააღმდეგ თამაშის წესებს ყველაზე ხშირად ოტო რეჰაგელის გუნდის მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი არღვევდა, მთავარმა მსაჯმა რავშან ირმატოვმა (უზბეკეთი) კი რამდენიმე მომენტში ბერძენთა მცველი აშკარად დაინდო.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და კვირას, მერვედფინალში, იოჰანესბურგის "სოკერ სიტიზე" მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გოტფრიდ ლენცი